Thumbnail
  • საქართველოს და ირლანდიის ნაკრებთა მატჩი 12 ოქტომბერს შედგება
  • მიკ მაკარტი ჯამში ექვს სასურველ ფეხბურთელს ვერ დაიხმარს

ირლანდიის საფეხბურთო ნაკრებს, რომელსაც 12 ოქტომბერს, თბილისში, საქართველოს ეროვნულ გუნდთან ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო მატჩი ელის, ტრავმების გამო, კიდევ 3 მოთამაშე გამოაკლდა.

ირლანდიის საფეხბურთო ასოციაციის ვებგვერდის ცნობით, მუხლის მყესი დაიზიანა და ნაკრებს ვეღარ დაეხმარება პორტსმუთის ნახევარმცველი რონან კერტისი, მის ნაცვლად კი, ქვეყნის 21-წლამდელთა გუნდის ერთ-ერთ ლიდერ აარონ ქონოლის უხმეს.

ამ უკანასკნელმა “მწვანეების” თავკაცის მიკ მაკარტის ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც გასულ შაბათას ინგლისის პრემიერლიგის მორიგ ტურში ტოტენჰემს 2 გოლი გაუტანა. აღსანიშნავია, რომ 19 წლის შემტევმა ბრაიტონის სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა და მყის დუბლი შეასრულა.

ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს ჩემპიონშიპის ბინადარ ბლექბერნის მცველი დერიკ უილიამსიც. უკანახაზელის დამატება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გუშინ ქპრ-სთან მატჩში, ტრავმები ბლექბერნშივე უილიამსის თანაგუნდელებმა გრეგ კანინგემმა და დარა ლენიჰანმა მიიღეს.

აარონ ქონოლიმ ტოტენჰემს 2-ჯერ გაუტანა

შეგახსენებთ, რომ ირლანდიელებს აქამდეც დაშავებულები ჰყავდათ რიჩარდ კეო, დევიდ მაკდოლდრიკი და შეინ დაფი, ამდენად, მეტოქე თბილისში აშკარად შესუსტებული შემადგენლობით მოდის.

ირლანდიის ნაკრები სასტუმროში დღეს საღამოს შეიკრიბება, ხვალ პირველ ვარჯიშს ჩაატარებს, სამშაბათს კი გეზს საქართველოსკენ აიღებს.

შეგახსენებთ, მოახლოებული მატჩი 12 ოქტომბერს 17:00 საათზე დაიწყება. ამ დროისთვის, D ჯგუფს 11 ქულით სწორედ ირლანდია ლიდერობს, რომელმაც მარცხის სიმწარე არ შეუგრძვნია, საქართველო კი 4 ქულით მეოთხეა.

ირლანდია საქართველოსთან მატჩისთვის

მეკარეები: დარენ რენდოლფი (მიდლსბრო), მარკ ტრავერსი (ბორნმუთი), კირან ო’ჰარა (ბარტონი).
მცველები: სიმუს კოულმენი (ევერტონი), მეტ დოჰერტი (ვულვზი), კევინ ლონგი (ბარნლი), ჯონ ეგანი (შეფილდ იუნაიტედი), დერიკ უილიამსი (ბლექბერნი), ენდა სტივენსი (შეფილდ იუნაიტედი).
ნახევარმცველები: ალან ბრაუნი (პრესტონი), ჯოშ კალენი (ჩარლტონი), გლენ უილანი (ჰართსი), ქონორ ჰურიჰანი (ასტონ ვილა), ჯეიმს მაკლინი (სტოკი), ჯეფ ჰენდრიკი (ბარნლი), კალუმ ო’დოუდა (ბრისტოლი), ჯეკ ბირნი (შემროკი).
ფორვარდები: ჯეიმს კოლინზი (ლუთონი), შონ მაგუაირი (პრესტონი), კალუმ რობინსონი (შეფილდ იუნაიტედი), ალან ჯაჯი (იფსვიჩი), სკოტ ჰოგანი (სტოკი).

კომენტარები

ბოლო ამბები