Thumbnail

პეკინი ავსტრიელისაა – ბასილაშვილისგან ტიტული ტიმმა გადაიბარა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • დომინიკ ტიმი 3:6, 6:4, 6:1 სტეფანოს ციციპასი
  • ავსტრიელი ჩოგბურთელი ნადალს და ჯოკოვიჩს გაუთანაბრდა

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გამართული ტურნირი (საპრიზო ფონდი 3 666 275 დოლარი), რომელზეც შარშან ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი გაჩემპიონდა, ავსტრიელი დომინიკ ტიმის გამარჯვებით დასრულდა.

ეს უკანასკნელი შეჯიბრზე პირველ ნომრად იყო განთესილი და ფინალამდე რიშარ გასკეს (საფრანგეთი), ჟიჟენ ჟანგს (ჩინეთი), ენდი მარეის (დიდი ბრიტანეთი) და კარენ ხაჩანოვს (რუსეთი) აჯობა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ბერძენ სტეფანოს ციციპასს გადაეყარა, რომელმაც მერვედფინალში ბრძოლას ბასილაშვილი გამოთიშა.

ფინალი ბერძენმა ჩოგბურთელმა უფრო ყოჩაღად დაიწყო, პირველ სეტში იმარჯვა და მეორეშიც ბრეიკით დაწინაურდა, თუმცა, საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ მოახერხა.

ტიმმა მე-2 სეტში ციციპასის მოწოდება 2-ჯერ მოიგო, გადამწყვეტ სეტში კი 5:0 დაწინაურდა და საბოლოოდ, თამაში, რომელიც 2:13 საათს გაგრძელდა, 3:6, 6:4, 6:1 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ მატჩში დაფიქსირებული 66 “ვინერსი” ფინალისტებზე თითქმის თანაბრად გადანაწილდა, რაც მათ უმაღლეს კლასზე მეტყველევს. შეხვედრაში ულამაზესი გათამაშებები მართლაც მრავლად იყო.

ვთქვათ ისიც, რომ ავსტრიელმა ჩოგბურთელმა მიმდინარე სეზონში მე-4 ტიტული მოიგო და ამით, ესპანელ რაფაელ ნადალს და სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს გაუთანაბრდა, სულ კი, ტიმის აქტივში 15 მოგებული ტურნირია.

კომენტარები

ბოლო ამბები