Thumbnail

ეროვნული ლიგის სეზონის მთავარი მატჩის დაწყებამდე 2 საათით ადრე ანგისას საფეხბურთო ბაზაზე საზეიმო ცერემონიალი მოეწყო. დინამო ბათუმისა და დინამო თბილისის ფეხბურთელებამდე მოედანზე აჭარის მთავრობის, ბათუმის მერიისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები გამოჩნდნენ. გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც კლუბი მართვაში კომპანია "ლამინი გრუპს" გადაეცა.

კომპანიის გენერალურმა დირექტორმა არჩილ ბერიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ სამმხრივ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც მიზნად რეგიონში ფეხბურთის განვითარებას, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას და ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მშენებლობას ისახავს.

მემორანდუმის მიხედვით, ეროვნული ლიგის ჩემპიონის ტიტულისთვის მებრძოლ კლუბში დაახლოებით 9 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

არჩილ ბერიძე ("ლამინი გრუპის" გენერალური დირექტორი): "უპირველეს ყოვლისა, მადლობა აჭარის მთავრობასა და ფეხბურთის ფედერაციას. მადლობა ქომაგებს, ეს გუნდი კერძო არასდროს არ იქნება. დინამო ბათუმი თქვენი, მისი გულშემატკივრების იქნება."

ლაშა კომახიძე (ბათუმის მერი): "სამი საათით ადრე ტრიბუნები სავსეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბათუმის დინამო ჩვენი ქალაქის განუყოფელი ნაწილია. ამ სავსე ტრიბუნებისთვის მადლობას გიხდით. დღეს ბათუმის დინამოს ისტორიაში ახალი ფურცელი იწერება. გუნდმა ამ მემორანდუმით ახალი მიზნებისკენ და მწვერვალებისკენ უნდა დაიწყოს სვლა."

შეგახსენებთ, რომ დინამო ბათუმში 3 თვის წინ ახალი გენერალური სპონსორი მივიდა. კომპანია 'ევროპაბეთმა' დიდი საფეხბურთო ისტორიისა და ტრადიციების მქონე აჭარულ კლუბთან 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამ პერიოდში კლუბში 600 000 ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს.

საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, ანგისას ბაზის ტრიბუნა მატჩამდე 3 საათით ადრე გაივსო, რაც ეროვნულ ლიგაში უპრეცედენტო შემთხვევაა. საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, მუსიკოსმა გიორგი გაჩეჩილაძემ ('უცნობი') სპეციალურად დინამო ბათუმისთვის დაწერილი სიმღერა შეასრულა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა 'ანგისას ბაზის' პუბლიკას შემდეგი სიტყვით მიმართა: "მოგესალმებით ძვირფასო გულშემატკივრებო! დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. თქვენ ქმნით საოცარ ატმოსფეროს. ეს გარემო კი სხვა ქალაქებისთვის უნდა აღმოჩნდეს გადამდები. მინდა, სწორედ ამისთვის კიდევ ერთხელ გითხრათ მადლობა."

 

კომენტარები

ბოლო ამბები