Thumbnail

ბურჯანაძის პირველი გამარჯვება – გრან კანარიამ ბოლო წამებზე მოიგო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა კალათბურთელმა ბოლო 15:23 წუთი შეუცვლელად ითამაშა
  • ბექა ბურჯანაძე გუნდს 7 ქულით და 4 მოხსნით შეეშველა

ბექა ბურჯანაძის გრან კანარიამ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში პირველი გამარჯვება იზეიმა, რაშიც თავისი წვლილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმაც შეიტანა.

კანარელებმა ლიგა ენდესას მე-3 ტურის შეხვედრა სტუმრად მანრესასთან ჩაატარა და დრამატულ ბრძოლაში 75:74 მოიგეს, საინტერესო კი ისაა, რომ ბექამ ბოლო 15:23 წუთი შეუცვლელად ითამაშა.

ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, სულ კი, მოედანზე 24:30 წუთი გაატარა, რა დროშიც მისი მონაგარი 7 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა იყო.

ქართველმა ლეგიონერმა 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

საფინალო სირენამდე 03:14 წუთი ადრე, ბექამ ორქულიანით სტუმრები 71:66 დააწინაურა, მანრესამ 8 უპასუხო ქულა მიითვალა და ბოლო წუთის სტარტზე 74:71-ს იგებდა, თუმცა, დარჩენილ დროში ომარ კუკმა და ორიოლ პაულიმ ორქულიანები ჩააგდეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.

გრან კანარიას რიგებში საუკეთესო 35 წლის ბერძენი ვეტერანი იანის ბურუსისი იყო, რომელმაც 18 ქულა ჩააგდო, მასპინძლები კი ამერიკელი ჯორდან დევისის ჩინებულმა თამაშმა ვერ იხსნა, არადა, მან 25 წუთში 18 ქულა მიითვალა.

ბურჯანაძის გუნდმა 1 მოგებით და 2 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 13 ოქტომბერს შინ, ბექას ყოფილ კლუბ მორაბანკ ანდორასთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები