Thumbnail

ნოვაკის 76-ე ტიტული - ჯოკოვიჩმა ტოკიოში სეტის წაუგებლად იმარჯვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნოვაკ ჯოკოვიჩი 6:3, 6:2 ჯონ მილმანი
  • სერბმა ჩოგბურთელმა მიმდინარე სეზონში მე-4 ტურნირი მოიგო

32 წლის სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 2 046 340 დოლარი) გამარჯვებული გახდა.

მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფმა “ნოლემ” ფინალში ავსტრალიელი ჯონ მილმანი, რომელმაც ასპარეზობა ჯერ კიდევ საკვალიფიკაციო ბადიდან დაიწყო, 6:3, 6:2 დაამარცხა.

📺 ნოვაკ ჯოკოვიჩი 6:3, 6:2 ჯონ მილმანი

საინტერესოა, რომ ნოვაკს ტოკიოში სეტიც კი არ წაუგია. ფინალამდე მან გზიდან ავსტრალიელი ალექსეი პოპირინი, იაპონელი გო სოედა, ფრანგი ლუკა პუიე და ბელგიელი დავიდ გოფინი ჩამოიცილა.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ჯოკოვიჩმა უკვე მე-4 ტიტული მოიგო და ამით, ესპანელ რაფაელ ნადალს გაუთანაბრდა, სულ კი, ჯილდოების რაოდენობა 76-მდე აიყვანა.

ახლა, სერბის წინ მხოლოდ ჯონ მაკინროი (77), იგივე ნადალი (84), ივან ლენდლი (94), როჯერ ფედერერი (102) და ჯიმი კონორსი (109) არიან.

სათქმელია ისიც, რომ ჰარდზე ნოვაკმა 56-ე ტურნირი მოიგო და ამ მხრივ მხოლოდ ფედერერს (70) ჩამორჩება.

ახლა, ჯოკოვიჩი იაპონიიდან ჩინეთში გადაბარგდება, სადაც შანხაის მასტერსზე (საპრიზო ფონდი 8 332 885 დოლარი) პირველ ნომრადაა განთესილი და ბრძოლაში პირდაპირ მე-2 წრიდან ჩაერთვება.

კომენტარები

ბოლო ამბები