Thumbnail
  • ფრანგებმა კინაღამ 17-ქულიანი უპირატესობა გაანიავეს
  • ახალმა ზელანდიამ კიდევ ერთი მეტოქესთან გაისეირნა

2019 წლის სარაგბო მსოფლიო თასზე ერთ-ერთი საინტერესო მატჩი კუმამოტოში შედგა, სადაც საფრანგეთი ტონგას შეხვდა მხოლოდ 2 ქულის სხვაობით – 23:21 სძლია.

📺 საფრანგეთი - ტონგა 23:21

საინტერესოა, რომ “მამლები” 17:0 დაწინაურდნენ და თითქოს ბონუს-ქულის აღებაც არ უნდა გასჭირვებოდათ, თუმცა, მე-2 ტაიმში თამაშმა სხვაგვარი განვითარება ჰპოვა.

კუნძულელებმა მეტოქეს ფიზიკურად აჯობეს, შერკინებაში არაერთხელ დააჯარიმეს და როდესაც მატჩის დასრულებამდე ორიოდ წუთით ადრე, ზეინ კაპელის ლელოს და ლატიუმე ფოსიტას გარდასახვით, სხვაობა ორ ქულამდე დავიდა, კიდევ ერთი სენსაცია რეალური გახდა.

ჟაკ ბრუნელის შეგირდთა ბედად, ცენტრიდან დარტყმული ბურთი ისევ მათ დარჩათ და ტონგას დასკვნითი იერიშის განხორციელების შანსი აღარ ჰქონია...

"ოლ ბლექსმა" ნამიბია 11-ჯერ დაალელოვა

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ შეხვედრის ავსტრალიელმა რეფერი ნიქ ბერიმ საფრანგეთის ნაკრებს წინ თამაშის გამო 2 ლელო გაუუქმა, თორემ, იქნებ ასეთი დრატამული ფინიში აღარც გვქონოდა.

დღევანდელი შედეგის გათვალისწინებით, C ჯგუფიდან პლეი-ოფში თამაში ინგლისმა (15 ქულა) და საფრანგეთმა (13) გაინაღდეს, პირველ-მეორე ადგილოსნის ვინაობა კი, მათ ურთიერთშეხვედრაში 12 ოქტომბერს გაირკვევა.

📺 ახალი ზელანდია - ნამიბია 71:9

დღის კიდევ ერთ შეხვედრაში ინტრიგა მხოლოდ ის გახლდათ, ახალი ზელანდია მიმდინარე ტურნირზე ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებას დააფიქსირებდა თუ არა.

“ოლ ბლექსს” კანადა 63:0 ჰყავდა დამარცხებული და რომ მოენდომებინა, ნამიბიას კიდევ უფრო დაჩაგრავდა, თუმცა, პირველ ტაიმში მეტოქე აშკარად დაინდო და მხოლოდ 24:9 სძლია.

საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ  20 წუთი კაცნაკლულობაში გაატარა, ზელანდიელებმა 11 ლელო დადეს და 14 ქულით B ჯგუფს სათავეში ჩაუდგნენ. “ოლ ბლექსს” ჯგუფურ ეტაპზე დასკვნითი შეხვედრა 12 ოქტომბერს იტალიასთან ელის.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს მსოფლიო თასს?

  • ახალი ზელანდია
  • ინგლისი
  • ირლანდია
  • უელსი
  • სამხრეთ აფრიკა
  • ავსტრალია
  • საფრანგეთი
  • სხვა ნაკრები

კომენტარები

ბოლო ამბები