Thumbnail
  • დინამო ბათუმისა და დინამო თბილისის მატჩს რუმინელი მსაჯები მოემსახურებიან
  • დავით მუჯირის კომენტარი ამ გადაწყვეტილებაზე

დღეს, ეროვნული ლიგის 30-ე ტურის და შესაძლოა, მთელი ჩემპიონატის ცენტრალური მატჩი შედგება. ანგისას ბაზაზე დინამო ბათუმი დინამო თბილისს უმასპინძლებს. ორივე გუნდის აქტივში 61 ქულაა, ლიდერობენ სატურნირო ცხრილს და შესაბამისად, მატჩს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

📋 მეტი ამ თემაზე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, დინამოების დაპირისპირებას რუმინელი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი არბიტრი მარსელ ბირსანი იქნება. თუ რატომ მიიღო ფედერაციამ ასეთი გადაწყვიტილება, popsport.com-თან საუბარში, სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა განმარტა.

დავით მუჯირი (სფფ-ის გენერალური მდივანი)

“ყველა მოუთმენლად ელოდება თამაშს, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ არა მხოლოდ ტურის, მთელი ჩემპიონატის ცენტრალური მატჩი. გამორჩეული შეხვედრაა და შესაბამისად, ჩვენც არაორდინალური გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც მსაჯები რუმინეთიდან მოვიწვიეთ. 

ის ჟიოტაჟი, რაც ამ მატჩის ირგვლივ შეიქმნა, ნათელი მაგალითია თუ როგორ გაიზარდა ინტერესი ეროვნლი ლიგის მიმართ. გვინდოდა, რომ ბათუმური მატჩი მაქსიმალურად ყოფილიყო ახლოს ევროტურნირის სტანდარტებთან და ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ მივიღეთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართველ მსაჯებს არ ვენდობით. პირიქით, მათი კვალიფიკაცია იზრდება, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენი მიზანი ევროტურნირის სტანდარტთან მიახლოება იყო.

განაპირობა თუ არა ეს გადაწყვეტილება დინამო თბილისი-საბურთალოს შეხვედრაში მსაჯობით გამოწვეულმა აჟიოტაჟმა? ნამდვილად არა. ასე ორ და სამ დღეში უცხოეთიდან მსაჯებს ნამდვილად ვერ მოიწვევ. ჩვენ წინასწარ ვემზადებოდით ამისთვის და რუმინეთის ფეხბურთიოს ფედერაციასთან მოლაპარაკებებიც გვქონდა.

რაც შეეხება საბურთალოს განცხადებას, არ მსურს ამაზე კომენტარის გაკეთება. მესმის დამარცხებული გუნდის გულისტკივილი, ჩვენ კი მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ საქართველოში მსაჯობის დონე კიდევ უფრო ამაღლდეს და შეცდომები მინიმუმამდე შემცირდეს”.

კომენტარები

ბოლო ამბები