Thumbnail
  • 📅 6 ოქტომბერი | ⌚ 22:45 | ⚽ ინტერი V იუვენტუსი
  • დიდი ხნის შემდეგ, ინტერი იუვენტუსს ლიდერის რანგში ხვდება
  • ანტონიო კონტე თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ წარსდგება
  • სან სიროზე იტალიის პირველობაზე დასწრების რეკორდი დამყარდება

კვირას დიდი იტალიური დერბია - სერია A-ს მე-7 ტურში მილანის ინტერი "სან სიროზე" ტურინის იუვენტუსს უმასპინძლებს. ამ დუელის შინაარსსა და მნიშვნელობაზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, მაგრამ აქ მხოლოდ სამ დეტალს გამოვყოფთ.

პირველი ისაა, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, "ნერაძური" DERBY D'ITALIA-ს სატურნირო ცხრილის ლიდერის რანგში ხვდება - იუვენტუსზე მაღლა! მეორე, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ, ინტერის ამ წარმატების მთავარი შემოქმედის, ანტონიო კონტეს ფაქტორია, რომელიც იტალიაში ბოლოს სწორედ იუვენტუსს წვრთნიდა და ამჯერად ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გავა. და მესამე - იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერი-იუვენტუსის მომავალ დაპირისპირებას რეკორდული რაოდენობის მაყურებელი დაესწრება - 75 ათასზე მეტი. იტალიურმა მედიამ გამოანგარიშა, რომ გაყიდული ბილეთებიდან შემოსავალი 6,5 მილიონ დოლარს გადააჭარბებს, რაც იტალიურ პირველობაში უპრეცედენტო ფატია.

კვირას სან სიროზე 75 ათასზე მეტ გულშემატკივარს ელოდებიან

ბილეთების 20%-ზე მეტი ქომაგმა იტალიის საზღვრებს გარეთ შეიძინა, შეხვედრის ტრანსლირება კი მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში იგეგმება…

ინტერი

ანალიტიკოსებისა და ექსპერტთა ნაწილის აზრით, ანტონიო კონტემ ჩემპიონთა ლიგაში სუფთად მოუგო ბარსელონას თავკაც ერნესტო ვალვერდეს სამწვრთნელო დუელი, მაგრამ მაინც, ამან ვერ უშველა ნერაძურის “კამპ ნოუდან” ქულა მაინც წამოეღო. შესაბამისად, ინტერი სერია A-ს პირველი წრის მთავარი მატჩს მიმდინარე სეზონში ერთადერთი მარცხით ხვდება. 

სამაგიეროდ 100%-იანია კონტეს გუნდი ჩემპიონატში - 6 მატჩში 6 მოგება და ასეთი რამ ნერაძურის ისტორიაში პირველად მოხდა უკანასკნელი 53 წლის განმავლობაში.

რომელუ ლუკაკუ  გამოჯანმრთელდა და იუვესთან ითამაშებს

მილანის ინტერს "სან სიროზე" ალექსის სანჩესი ვერ დაეხმარება, რომელმაც წინა ტურში წითელი ბარათი მიიღო და იუვენტუსთან დაპირისპირებას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. სამაგიეროდ, მილანელებს მწყობრში ჰყავთ რომელუ ლუკაკუ, რომელმაც ტრავმაც მოიშუშა, ვარჯიშიც განაახლა და კვირას მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ელოდებიან. კონტეს გუნდში პრობლემა სხვა არავის აქვს.

ანტონიო კონტეს ხელი ნერაძურის უმალ დაეტყო 

იუვენტუსი

"ვეთამაშებით ძალიან ძლიერ გუნდს და ეს ბარსელონასთან მატჩმაც დაამტკიცა. ნერაძური ძალიან კარგია კონტრშეტევებზე და კარგად იცავს თავს. ამ დაპირისპირებაში ფავორიტის დასახელება რთულია.

კონტე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი, მაგრამ ვისაც ხვალ, ინტერი-იუვენტუსის ნაცვლად, კონტე-სარის დაპირისპირების ნახვა გსურთ, იმედს გაგიცრუებთ. გეტყვით იმას, რომ ამ მატჩის მნიშვნელობა ტიტულისთვის ბრძოლაში ნულის ტოლია, რადგან წინ კიდევ 31 ტურია და ძალიან ადრეა ამაზე ლაპარაკი", - ამბობს მაურიციო სარი, რომელის გუნდმაც ჩემპიონატში ქულები მხოლოდ გასვლაზე, ფლორენციაში ფიორენტინასთან დაკარგა - 0:0. 

მაურიციო სარის თქმით, საჩემპიონო რბოლაზე საუბარი ჯერ ნაადრევია

სხვა მხრივ იტალიის ჩემპიონებს სერია A-ში პრობლემა არ ჰქონიათ და ცხრილში სულ 2 ქულით ჩამორჩებიან ლიდერს. სარის შეგირდებმა მილანურ თამაშამდე ჩემპიონთა ლიგაში ითამაშეს, სადაც შინ ლევერკუზენი ზედმეტად დაძაბვის გარეშე გაისტუმრეს - 3:0. 

მართალია, ტურინელთა თავკაცი იუვე-ინტერის საჩემპიონო რბოლაზე საუბარს თავს არიდებს, მაგრამ სინამდვილეში ორი აზრი არ შეიძლება იყოს - ასეთი თამაშები ყოველთვის “ექვსქულიანია”. მიუხედავად იმისა, რომ სულ 6 ტურია გასული, უკვე ცხადია, რომ ობიექტურად სწორედ ინტერი და იუვენტუსი არიან სკუდეტოს მთავარი და შესაძლოა ერთადერთი პრეტენდენტები. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატის ფინაშამდე ჯერ ძალიან შორია, ამ მატჩში გამარჯვების ფასი ძალიან მაღალია!

გასულ სეზონში რონალდომ მილანში ინტერს უკვე გაუტანა და იუვენტუსს ქულა მოუტანა

მაურიუციო სარის გუნდში პრობლემები მარკო პიაცას, ჯორჯო კიელინის, მატია დე შილიოსა და დუგლას კოშტას აქვთ. საეჭვოა დანილოს თამაშიც. 

საინტერესო ფაქტები

⚽ ინტერისა და იუვენტუსის დაპირისპირების ისტორია საუკუნეზე მეტს და 200-ზე მეტ დაპირისპირებას ითვლის.

⚽ სერია A-ში, სან სიროზე გამართულ ინტერი-იუვეს ბოლო 6 მატჩში 3 ფრე დაფიქსირდა, 2-ჯერ სტუმრებმა მოიგეს, ერთხელ - მასპინძლებმა. 

⚽ ყველა ტურნირში ინტერისა და იუვენტუსის ბოლო 6 მატჩიდან 5-ში 2,5-ზე ნაკლები გოლი დაფიქსირდა.

⚽ ტურინული გუნდი მილანის ინტერთან ყველა ტურნირში გამართულ ბოლო 6 შეხვედრაში დაუმარცხებელი იყო.

⚽ ინტერისა და იუვენტუსის ბოლო ორ შეხვედრაში პირველი ტაიმის მოგებას მილანელები ახერხებდნენ.

⚽ მილანის ინტერმა იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ ბოლო 7 შეხვედრაში გამარჯვება იზეიმა.

⚽ ნერაძურიმ იტალიის ჩემპიონატის ბოლო 6 შეხვედრიდან 5-ში ტაიმიც მოიგო და თამაშიც.

⚽ მილანის ინტერმა იტალიის ჩემპიონატის ბოლო სამივე საშინაო მატჩში კარი მშრალად შეინახა.

⚽ ტურინის იუვენტუსმა იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული ბოლო 6 მატჩიდან 5-ში გამარჯვება იზეიმა.

⚽ მაურიციო სარის გუნდი იტალიის ჩემპიონატის ბოლო 3 შეხვედრაში სულ ცოტა 2 გოლის გატანას ახერხებდა.

2005/06 წლების ჩამორთმეული და ინტერისთვის გადაცემული სკუდეტო იუვეში ჯერაც ახსოვთ

სავარაუდო შემადგენლობები

ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი - გოდინი, დე ვრეი, შკრინიარი - კანდრევა, ვესინო, ბროზოვიჩი, სენსი, ასამოა - მარტინესი, ლუკაკუ.

იუვენტუსი (4-3-1-2): შჩესნი - კუადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, სანდრო - ხედირა, პიანიჩი, მატუიდი - რემზი - იგუაინი, რონალდო.

გამოკითხვა

ვინ გახდება იტალიის ჩემპიონი?

  • იუვენტუსი
  • ნაპოლი
  • ინტერი
  • მილანი
  • რომა
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები