Thumbnail
  • დღეს ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვიდან 8 წელი გავიდა.
  • ქართველი მოციგავე მეოთხე სპორტსმენია, ვისთვისაც ზამთრის ოლიმპიადა საბედისწერო აღმოჩნდა.

დღეს, 12 თებერვალს, ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვიდან 8 წელი გავიდა. ვანკუვერში, 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მყოფი ქართველი მოციგავე, თამაშების ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე საათითი ადრე, სავარჯიშო დაშვების დროს დაუღუპა. 

უისტლერის ტრასაზე ლამის 145 კმ/სთ სიჩქარით მოძრავმა ქუმარიტაშვილმა მოსახვევში მართვა დაკარგა, ბარიერზე შეჯახების შემდეგ კი, ციგიდან გადმოვარდნილი, ტრასის მიღმა კონსტრუქციას შეეჯახა. 21 წლის ქართველი მოციგავე ვერტმფრენით საავადმყოფოში უმალ გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ქართველი ოლიმპიელი მშობლიურ ბაკურიანში, ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. ქუჩას კი, სადაც ნოდარი ცხოვრობდა, მისი სახელი ეწოდა.

ნოდარ ქუმარიტაშვილმა საბედისწერო დაშვებისას 143.6 კმ/სთ სიჩქარე განავითარა

ნოდარ ქუმარიტაშვილი ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში მეოთხე სპორტსმენია, რომელიც თამაშებზე დაიღუპა. ქვემოთ იმ ტრაგიკულ შემთხვევებზე მოვყვებით, რომლებმაც მსოფლიოს სპორტული სამყარო შეძრა.

მომაკვდინებელი სისწრაფე

ნოდარის დაღუპვამდე ბოლო სპორტსმენი, რომელიც თამაშებიდან შინ ვერ დაბრუნდა, შვეიცარიელი სამთო მოთხილამურე ნიკოლა ბოშატე იყო. ის ალბერვილის 1992 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მონაწილეობას სადემონსტრაციო პროგრამაში იღებდა - ე.წ. სპიდსკიინგში.

სწრაფდაშვების ამ სახეობაში მონაწილენი სპეციალური ეკიპირებით, დაღმართზე პირდაპირ ეშვებიან, რათა მაქსიმალური სიჩქარე განავითარონ. ორკილომეტრიან ტრასაზე სპორტსმენები 200 კმ/სთ-ზე მეტ სიჩქარეს ავითარებენ. ეს სპორტის ყველაზე სწრაფი სახეობაა, რომელშიც ძრავი არ გამოიყენება.

27 წლის ბოშატე ალბარვილის თამაშების დასრულებამდე ერთი დღით ადრე დაიღუპა.

შვეიცარიელი იმ დილით, სხვა სპორტსმენებთან ერთად, ფინალისთვის ვარჯიშობდა. ერთ-ერთი დაშვების დროს ნიკოლა გზად მომავალ თოვლის საწმენდ მანქანას შეეჯახა, რომელიც გვიანღა შენიშნა. დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ სპორტსმენი ადგილზე დაიღუპა.

ტრაგიკული დებიუტი

და მაინც, ზამთრის თამაშების ყველაზე სახიფათო დისციპლინებში ლიდერი სწორედ ციგაობაა, რადგან ქუმარიტაშვილის დაღუპვამდე მსგავსი ტრაგედია ოლიმპიურ ისტორიაში მანამდეც ყოფილა.

1964 წლის ზამთრის თამაშებზე, ვარჯიშის დროს, საბედისწერო დაზიანებები დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა კაზიმეჟ კაი-სკჟიპერცკიმ მიიღო. ინსბრუკის ოლიმპიადაზე მყოფი პოლონური წარმომავლობის ამ სპორტსმენის ასაკი 55 წელი იყო. კაზიმეჟი ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიაში დაიბადა, ახალგაზრდა კი ბრიტანეთში გადასახლდა, სადაც არაერთი პროფესია გამოიცვალა. იყო დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავი მეორე მსოფლიო ომში, თადარიგში გადასულმა კი მოციგავეთა ტურნირებში გამოსვლა დაიწყო.

სკჟიპეცკი საკმაოდ სოლიდურ ასაკში შეხვდა ოლიმპიურ პროგრამაში საციგაო სპორტის შეტანას, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, თამაშებზე გამოსვლა მაინც არ ეწერა - 23 იანვარს, ოლიმპიადის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, ვარჯიშის დროს ავარია შეემთხვა და მიღებული ტრამვებისგან სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა.

შავ-თეთრი თამაშები

1964 წლის თამაშები “თეთრი ოლიმპიადების” ისტორიაში ყველაზე “შავად” შეიძლება ჩაითვალოს, რადგან კაი-სკჟიპეცკის დაღუპვა ავსტრიაში ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა. ფატალური ინციდენტი სამთო მოთხილამურესაც შეემთხვა.

ინსბრუკის ოლიმპიადა გამორჩეულად ტრაგიკული გამოდგა

19 წლის ავსტრიელი როს მილნი, რომელიც სწრაფდაშვების ტურნირში მონაწილეობდა, საკმაოდ გამოცდილ ათლეტად ითვლებოდა, მაგრამ ვარჯიშის დროს ტრასიდან გაფრინდა და ხეს შეასკდა.

მიიჩნევენ, რომ ტრაგედიის მიზეზი ორგანიზატორების წინდაუხედაობა გახდა - მონაწილეთა რაოდენობა ასს აჭარბებდა, ვარჯიშისთვის დრო კი შეზღუდული იყო. ამის გამო სპორტსმენები სტარტზე მცირე ინტერვალებით დგებოდნენ. სავარაუდოდ, მილნმა დაშვების შემდეგ შენიშნა, რომ მის წინ რამდენიმე მოთხილამურე იმყოფებოდა და შეჩერება ამაოდ დააპირა…

როგორც საშინელებათა ფილმებში

ოლიმპიადებზე სიცოცხლით არამხოლოდ შეჯიბრების მონაწილენი რისკავენ. 1988 წელს, კალგარიში, სამწუხარო ისტორია ასევე სამთო-სათხილამურო ტრასაზე მოხდა, ოღონდ, ის სპორტსმენს არ უკავშირდება.

კალგარის თამაშების გახსნის ცერემონიალი

ორთოპედი იორგ ობერჰამერი კანადაში ავსტრიის ნაკრების ექიმის რანგში ჩავიდა და გიგანტურ სლალომში ფინალებს ესწრებოდა. ერთ-ერთი პაუზის დროს ის სრიალით ერთობოდა, როდესაც ჯერ თხილამურებზე შემდგარ ტელეოპერატორს შეეჯახა, შემდეგ კი თოვლის ტრაქტორის მუხლუხოებში აღმოჩნდა.

ექიმის გადარჩენის შანსი ნული ყოფილა - თვითმხილველები მომხდარს ისე აღწერდნენ, როგორც სცენას საშინელებათა ფილმიდან. საზარელ ფაქტს შვეიცარიელი სამთო მოთხილამურეები: პირმინ ცურბრიგენი და მარტინ ჰანგლიც შეესწრნენ. ჰანგლი ისე დაიზაფრა, აღარც უასპარეზია, პირიმინი კი, რომელიც ფავორიტად ითვლებოდა, ბრინჯაოს დასჯერდა.

ბოლო სამწუხარო ფაქტი 

23 წლის პეტერბურგელი ფრისტაილერი მარია კომისაროვა სოჭის ოლიმპიადაზე (2014) მედლის მოპოვებას ისახავდა მიზნად, მაგრამ 15 თებერვალს, ოლიმპიურ ტრასაზე ვარჯიშის დროს ცუდად დაეცა და ხერხემალი დაიზიანა.

დაშავებული რუსი ფრისტაილერი შემთხვევის ადგილიდან ასე გადაიყვანეს

გოგონას ტრავმა არამხოლოდ სპორტული კარიერის დასრულებად დაუჯდა, ის აქამდე ეტლსაა მიჯაჭვული...

ოქროს დასასრული

საოცარი ისტორია გადახდა ტენლი ოლბრაიტს, რომელმაც აშშ-ს ისტორიაში პირველმა მოუტანა ოქრო ფიგურულ ციგურაობაში. 

20 წლის სპორტსმენი კორტინა დ’ამპეცოში (1956) ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის სტატუსით ჩავიდა, მაგრამ ზედ თამაშების სტარტის წინ, ვარჯიშისას, ყინულის ცუდი ხარისხის გამო, საზარელი ტრავმა მიიღო. ოლბრაიტი ნაპრალს წამოედო, დაეცა და ციგურის ბასრმა პირმა მარჯვენა ფეხი ძვლამდე ჩაუჭრა.

გოგონა ქირურგმა მამამ გადაარჩინა, რომელმაც ადგილზევე გაუკერა იარა. საბოლოოდ, ამერიკელმა შეძლო ასპარეზობაც და ოქროს მოპოვებაც.

იმედია, პიონჩანის ოლიმპიადა მშვიდობიანად დასრულდება და ის მხოლოდ პოზიტიური ამბებით იქნება გასახსენებელი.

კომენტარები

ბოლო ამბები