Thumbnail

ტრიუმფი გრძელდება - ტოჩინოშინმა დიდი ჩემპიონი დაამარცხა და ფუჯის ტურნირი მოიგო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ლევან გორგაძემ ტოკიოში ერთდღიანი კომერციული ტურნირი მოიგო.
  • მერვედფინალში ქართველმა სუმოისტმა დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო დაამარცხა.

იანვრის ბაშოზე ტრიუმფის შემდეგ ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა.

► ტოჩინოშინი იაპონიაში ჩასვლიდან ერთ თვეში გამოიქცა და უკან დაბრუნება აღარ უნდოდა

► ცისფერთვალება სამურაი - ტოჩინოშინის 888 ორთაბრძოლის ისტორია

მან ტოკიოში ერთდღიანი კომერციული ტურნირი მოიგო, რომლის სპონსორიც ტელეკომპანია "ფუჯია". ეს ტურნირი წლეულს 42-ედ გაიმართა.

პირველი ეტაპის გავლის შემდეგ (იკიოი დაამარცხა) იმპერატორის თასის მფლობელი ქართველი 1/8 ფინალში დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოს შეხვდა და მასაც აჯობა. შეგახსენებთ, რომ ოფიციალურ დაპირისპირებებში ლევან გორგაძე მონღოლ იოკოძუნას 25-ჯერ შეხვდა და ყველა ორთაბრძოლა დათმო.

ამ ეტაპის გავლის შემდეგ, 1/4 ფინალში ტოჩინოშინმა ჰოკუტოფუჯის აჯობა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მას ოკიმოუმი ელოდა. კვლავ გამარჯვება და ქართველი "ფუჯის" ტურნირის ფინალში გავიდა.

ტურნირის მოგებისთვის ტოჩინოშინმა 23 ათასი დოლარი მოიგო, ასევე 900-900 დოლარი ყოველ გამარჯვებაზე. 

ფინალში მას მონღოლი სუმოისტი ტამავაში შეხვდა, ტოჩინოშინმა მეხუთე ორთაბრძოლაც მოიგო და ტურნირის გამარჯვებული გახდა. 

ხუთივე ორთაბრძოლა ტოჩინოშინმა იორიკირის ილეთით მოიგო.

ამ კომერციულ ტურნირზე არ მონაწილეობდნენ დიდი ჩემპიონები კაკურიუ და კისენოსატო, რომლებიც ტრავმების იშუშებენ. 

იმპერატორის თასის მოგების შემდეგ ტოჩინოშინი იაპონიაში კიდევ უფრო პოპულარულია. სტუმრად NHK-ში

ტურნირის ბოლოს თასი მან საკუთარი კლუბის პრეზიდენტისგან მიიღო.

"სულ სხვა შეგრძნებაა, როცა შენი მასწავლებელი გადმოგცემს თასს. ძალიან გახარებული ვარ. ბედნიერი ვარ, რადგან ამ ბოლო დროს ისეთი მიღწევები მაქვს, როგორიც ადრე არ მქონია", - განაცხადა ქართველმა რიკიშმა. 

სხვათა შორის, ამ ტურნირზე ტოჩინოშინი 7-8 კილოგრამით ნაკლებს იწონიდა, ვიდრე ჰაცუ ბაშოზე (მაშინ 166 კილოგრამს იწონიდა). 

"ახლა უფრო მსუბუქი ვარ, მაგრამ მეტად მობილური და სწრაფი. ოსაკას ბაშოზე იმედი მაქვს, რომ მებრძოლ სულს გამოვავლენ და კარგად ვიჭიდავებ". 

ლევან გორგაძე: მიხარია, რომ ჰაკუჰო დავამარცხე. ახლა დიდი სურვილი მაქვს ეს ერთხელ მაინც გავიმეორო ჰონბაშოზე. 

შეგახსენებთ, რომ ლევან გორგაძემ კარიერაში პირველად მოიგო იმპერატორის თასი. იანვრის ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა 14-1 ბალანსი აჩვენა, მაშინ ტოჩინოშინი ჰაკუჰოს არ შეხვედრია, რადგან მონღოლი ტრავმის გამო ტურნირიდან მოიხსნა.

ტოჩინოშინი V ჰაკუჰო

26 თებერვალს ახალი რეიტინგი გამოქვეყნდება, წლის მეორე ბაშო კი ოსაკაში 11-25 მარტს გაიმართება.

► იანვრის ბაშო 2018 | ლევან გორგაძის გზა იმპერატორის თასამდე

► იმპერატორის თასი და კიდევ ორი პრიზი - ლევან გორგაძის სრული ტრიუმფი ტოკიოში

კომენტარები

ბოლო ამბები