Thumbnail
  • 📅 5 ოქტომბერი | ⌚ 17:30 | ⚽ ბაიერნი V ჰოფენჰაიმი
  • ბუნდესლიგის მე-7 ტურის ცენტრალური მატჩი მიუნხენში გაიმართება

ცოტა უცნაურია, მაგრამ ფაქტი: მიუნხენის ბაიერნი გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატში მხოლოდ 6 ტურის შემდეგ გალიდერდა. ეს შალკეს დამსახურებაა, რომელმაც წინა ტურში ლაიპციგს სტუმრად 3:1 მოუგო და პირველი ადგილი დააკარგვინა.

გალიდერებული რეკორდმაისტერი მე-7 ტურში ჰოფენჰაიმს მასპინძლობს და სწორედ ეს არის ტურის ცენტრალური მატჩი. მართალია, ჰოფენჰაიმი დიდი ვერაფერი გუნდია და ამ სეზონშიც მხოლოდ 1 მოგება აქვს, ამ გუნდს აქვს პოტენციალი, რომ ბავარიულ გრანდს წინააღმდეგობა თუნდაც იმ დონეზე გაუწიოს, რომ 2 ქულა დააკარგვინოს.

თუმცა ბაიერნი შესანიშნავ ფორმაშია. პადერბორნთან 3:2 არცისე კარგი ამბავი იყო (ბაიერნს ასეთი დონის გუნდისგან 2 გოლის გაშვება არ ეკადრება), მაგრამ სამაგიეროდ, რეკორდმაისტერმა ჩემპიონთა ლიგაში მოახდინა ფურორი - მიუნხენურმა გრანდმა სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი ტოტენჰემი მისსავე მოედანზე 7:2 შეარცხვინა.

ბაიერნმა ჰოფენჰაიმს ბოლო 3 დუელი მოუგო და ამ სამივე მატჩში ორივე გუნდმა გაიტანა

“ძალიან მონდომებულები და მოტივირებულები ვართ. წელსვე გვსურს ბუნდესლიგაში ისეთი უპირატესობის მოპოვება, რომ მეორე წრეში ყველა კონკურენტი უშანსოდ ჩანდეს,” - ეს ნიკლას ზიულეს სიტყვებია.

საინტერესო ფაქტები

⚽ გერმანიის ჩემპიონატში 6 ტურის შემდეგ მხოლოდ 2 გუნდს არ აქვს წაგება - ბაიერნს და ვოლფსბურგს.

⚽ მიუნხენურ გრანდს ბუნდესლიგაში 20-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

⚽ ბაიერნმა ჰოფენჰაიმს ბუნდესლიგაში 11-ჯერ უმასპინძლა, შინ არასდროს დამარცხებულა (9 მოგება, 2 ფრე) და 35 გოლი გაუტანა.

⚽ ბაიერნს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი, 19 გოლი აქვს გატანილი, საშუალოდ ერთ მატჩში კი 3,17 გოლი გაჰქონდა. 

⚽ ბაიერნმა ბოლო 5 საშინაო მატჩში (3 ამ სეზონში) 20 გოლი გაიტანა. აქედან 13 მეორე ტაიმში.

⚽ ბაიერნს ამ სეზონში არცერთი საშინაო მატჩის მეორე ტაიმში არ გაუშვია გოლი (8:0).

⚽ ჰოფენჰაიმს ბუნდესლიგაში 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და ამ სეზონში მხოლოდ 1 მატჩი მოიგო (2 ფრე, 3 მარცხი). 

⚽ რობერტ ლევანდოვსკიმ ამ სეზონში ბუნდესლიგის ექვსივე მატჩში გაიტანა. 

⚽ ბაიერნმა ბუნდესლიგის ბოლო 16 საშინაო მატჩიდან 15-ში ანგარიში გახსნა.

⚽ ბაიერნმა ჰოფენჰაიმს ბოლო 3 დუელი მოუგო და ამ სამივე მატჩში ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ამ გუნდებს შორის მიუნხენში გამართულ ბოლო ორ მატჩში თითო-თითო (ჯამში 2) პენალტი დაინიშნა.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - კიმიხი, ზიულე, ხავი მარტინესი, პავარი - ტოლისო, ტიაგო ალკანტარა - გნაბრი, თ. მიულერი, პერიშიჩი - ლევანდოვსკი.

ჰოფენჰაიმი (3-5-1-1): ბაუმანი - ბიჩაქჩიჩი, ფოგტი, ბ. ჰიუბნერი - კადერაბეკი, რუდი, გრილიჩი, გაიგერი, სკოვი - ბაუმგარტლინგერი - ბებუ.

კომენტარები

ბოლო ამბები