Thumbnail

მარსელო ისევ ტრავმირებულია - რეალი მარცხენა მცველის გარეშე დარჩა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 31 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელს მარჯვენა ფეხზე პრობლემა აქვს
  • ზინედინ ზიდანს გუნდში ნომინალური მარცხენა მცველი აღარ ჰყავს

მადრიდის რეალის მცველმა მარსელომ ტრავმა მიიღო და გარკვეული პერიოდი გუნდს ვერ დაეხმარება. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, 31 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელს მარჯვენა ფეხზე ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული, მაგრამ რამდენი ხანი დასჭირდება მწყობრში ჩასადგომად, უცნობია.

აღსანიშნავია, რომ 14 სექტემბრიდან მოყოლებული, მარსელო მოედანზე გასვლას კისრის ტრავმის გამო ვერ ახერხებდა. ბრაზილიელმა ვერ ითამაშა პსჟ-სთან, სევილიასთან, ოსასუნასა და ატლეტიკოსთან. მან მხოლოდ ერთი ტაიმი ჩაატარა 1-ელ ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაში, ბრიუგეს წინააღმდეგ (2:2).

მორიგი ტრავმის გამო, მარსელო არ იქნება გრანადასთან ლა ლიგის მე-8 ტურის შეხვედრაში, რომელსაც რეალი 5 ოქტომბერს სანტიაგო ბერნაბეუზე ჩაატარებს.

ბრაზილიელის გამოკლება რეალისთვის განსაკუთრებით პრობლემურია იმის ფონზე, რომ ზინედინ ზიდანს გუნდში ნომინალური მარცხნა მცველი აღარ ჰყავს. მანამდე ტრავმების გამო მადრიდელებს ფერლან მენდი და ნაჩო ფერნანდესი გამოაკლდნენ.

ლა ლიგაში გასული 7 ტურის შემდეგ, მადრიდის რეალს 15 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ლიდერია. რეალს ქულით ჩამორჩებიან გრანადა და მადრიდის ატლეტიკო.

კომენტარები

ბოლო ამბები