Thumbnail
  • გენტმა ევროპალიგის გასვლითი შეხვედრა ალეკსანდრიასთან ფრედ ითამაშა - 1:1
  • გუნდი ბელგიაში გაფრენას ლვოვში მომხდარი ავიაკატასტოფის გამო ვერ ახერხებს 

გიორგი ქვილითაია და გენტი უკრაინიდან ბელგიაში დაბრუნებას ვერ ახერხებენ მას შემდეგ, რაც ევროპალიგის გასვლითი მატჩი ოლეკსანდრიასთან ჩაატარეს. ამის მიზეზი ლვოვის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს მომხდარი ავიაკატასტროფა გახდა.

4 ოქტომბერს გამთენიისას ლვოვის სიახლოვეს ავიაკატასტროფა მოხდა

ევროპალიგის შეხვედრა, რომელიც 3 ოქტომბერს "არენა ლვოვზე" გაიმართა, ფრედ 1:1 დასრულდა. სტუმართა ქართველმა თავდამსხმელმა მატჩში მონაწილეობა 85-ე წუთიდან მიიღო, გიორგი ჩაკვეტაძე კი, რომელიც ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას გადის, გუნდს უკრაინაში არ გაჰყოლია.

გენტის დელეგაცია ბელგიაში 4 ოქტომბერს უნდა გაფრენილიყო, მაგრამ აეროპორტიდან 1,5 კმ-ში მომხდარი ტრაგედიის გამო, ფრენები გაურკვეველი ვადით გადაიდო. 

ქვილითაიამ ლვოვში მოედანზე ბოლო წუთები გაატარა 

"ამ სეზონის არცთუ საუკეთესო მატჩი… ახლა კი ლვოვში ჩავრჩით იმის გამო, რომ ასაფრენი ბილიკის სიახლოვეს თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა", - იუწყება გენტის ტვიტერი.

სატრანსპორტო თვითმფრინავს Ан12-ს, რომელიც ჩარტერულ რეისს ესპანეთიდან სტამბოლში ასრულებდა, ლვოვის აეროპორტში საწვავის მარაგი უნდა შეევსო, მაგრამ ავარიული დაშვება განახორციელა. ბორტზე მყოფი 8 ადამიანიდან 5 გარდაიცვალა, 3 კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბელგიური გუნდი ევროპალიგაში ურიგოდ არ გამოდის

ევროპალიგის I ჯგუფში ქართველების გუნდმა ორი მატჩი ჩაატარა - ერთი მოიგო, მეორე ფრედ დაასრულა, 4 ქულა აქვს და ჯგუფის ლიდერ ვოლფსბურგს მხოლოდ ბურთებით ჩამორჩება. ევროპალიგაში მომდევნო მატჩს გენტი შინ სწორედ ვოლფსბურგთან, 24 ოქტომბერს გამართავს, 6 ოქტომბერს კი თამაში ბელგიის ჩემპიონატში, სტუმრად ბრიუგესთან უწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები