Thumbnail
  • 2021 წლიდან უეფა ახალ, რანგით მესამე ევროტურნირს იწყებს
  • ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის ბევრი რამ შეიცვლება
  • პასუხი ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე კონფერენსლიგასთან დაკავშირებით

ერთი გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, დანარჩენები ახალ, რანგით მესამე ევროტურნირ კონფერენსლიგაში - 2021 წლიდან ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის ბევრი რამ შეიცვლება!

ამ სტატიაში დეტალურად აგიხსნით, რას წარმოადგენს ახალი ევროტურნირი და რა შეიცვლება ქართული კლუბებისთვის. მთავარი სიახლე თავიდანვე: ქართული კლუბები ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე აღარ იასპარეზებენ, თუმცა ჩემპიონი შეიძლება მაინც გადაერთოს ევროპალიგის შესარჩევში და მოხვდეს ევროპალიგის ჯგუფშიც.

დავიწყოთ: უეფამ შექმნა ახალი ევროტურნირი სახელწოდებით კონფერენსლიგა, რომელიც ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის ქვემოთ იქნება პოზიციონირებული. ეს ტურნირი სტარტს 2021/2022 წლების სეზონიდან აიღებს. კონფერენსლიგის მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ კიდევ უფრო მეტ კლუბს უნდა მიეცეს ევროტურნირებზე ასპარეზობის საშუალება - რა თქმა უნდა, საშუალო და დაბალი დონის საფეხბურთო ქვეყნები იგულისხმება. ანუ, ისეთი, როგორიც საქართველოა. ახლა კი დეტალურად გავერკვიოთ:

რომელი კლუბები ითამაშებენ კონფერენსლიგაში საქართველოდან?

2021 წლიდან ჩემპიონთა ლიგის, ევროპალიგის და კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპებზე 32-32 გუნდი იასპარეზებს. კონფერენსლიგაში ითამაშებენ გუნდები იმ ქვეყნებიდან, რომლებიც უეფას ბოლო 5 წლის რეიტინგის TOP 15-ში არ შედიან. ამავდროულად, ამ ქვეყნების კლუბები აღარ იასპარეზებენ ევროპალიგაში - გამონაკლისია ის გუნდები, რომლებიც ევროპალიგაში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გადაინაცვლებენ.

სწორედ ასეთი ქვეყანაა საქართველო, რომელიც უეფას ბოლო 5 წლის რეიტინგში 47-ე ადგილზეა, მიმდინარე რეიტინგში კი - 44-ე პოზიციაზე იმყოფება. ეს იმას ნიშნავს, რომ 2021 წლიდან არცერთი ქართული კლუბი არ დაიწყებს ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშს. საქართველოს ჩემპიონატის მეორეადგილოსანი, მესამეადგილოსანი და თასის მფლობელი კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად იბრძოლებენ, ჩემპიონი კი - ჩემპიონთა ლიგის შესარჩევში გამოვა. ოღონდ, შესაძლებელია, რომ საქართველოს ჩემპიონი ევროპალიგაზე გადაერთოს.

უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი

თუ ისე მოხდა, რომ 2021 წლისთვის საქართველო უეფას ბოლო 5 წლის რეიტინგში TOP 51-ში აღარ იქნება, ეროვნული ლიგის მესამეადგილოსანი კონფერენსლიგის შესარჩევში ვეღარ გავა. ამის შანსი მცირეა, რადგან სულ 55 ქვეყანაა და ბოლო ხუთეული ამჟამად ასე გამოიყურება: ესტონეთი, კოსოვო, ფარერები, ანდორა, სან მარინო.

📌 მოკლედ: ქართული კლუბები ევროტურნირებზე 2021 წლიდან (დღევანდელი რეიტინგით)

🥇 საქართველოს ჩემპიონი - ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი (შეიძლება გადავიდეს ევროპალიგის, ან კონფერენსლიგის შესარჩევში)
🥈 საქართველოს ვიცე-ჩემპიონი - კონფერენსლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპი
🥉 საქართველოს მესამეადგილოსანი - კონფერენსლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპი
🏆 საქართველოს თასის მფლობელი - კონფერენსლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპი

როგორ მოხვდებიან გუნდები კონფერენსლიგაში?

კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯამში 138 გუნდი ითამაშებს. კონფერენსლიგაში მოსახვედრად ერთის მხრივ არსებობს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის გზა. თეორიულად, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდიდან გავარდნილ გუნდს კონფერენსლიგაში მოხვედრა შეუძლია. კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი 3-რაუნდიანი იქნება, რომლის შემდეგაც პლეი ოფი გაიმართება, საიდანაც გუნდები ჯგუფურ ეტაპზე მოხვდებიან.

რომელი გუნდები ითამაშებენ კონფერენსლიგაში წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან? მაგალითად, თუ გერმანია უეფას ბოლო 5 წლის რეიტინგში მინიმუმ მე-4 ადგილს შეინარჩუნებს, ბუნდესლიგის მე-6 ან მე-7 ადგილზე გასული გუნდი (გააჩნია, ვინ მოიგებს გერმანიის თასს) კონფერენსლიგის პლეი ოფში მოხვდება და ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად იბრძოლებს. დაახლოებით იგივე ეხებათ იტალიას, ესპანეთს და ინგლისს.

როგორი იქნება კონფერენსლიგის ფორმატი?

32 კლუბი რვა 4-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდება. ჯგუფური ეტაპის შემდეგ მოდის პლეი ოფი მერვედფინალით, მეოთხედფინალით, ნახევარფინალით და ფინალით. ჯგუფების გამარჯვებულები (8) პირდაპირ გავლენ მერვედფინალში, ხოლო მეორეადგილოსანები კი შუალედურ პლეი ოფში დაუპირისპირდებიან ევროპალიგის ჯგუფების მესამეადგილოსანებს. მათ შორის გამარჯვებულები კონფერენსლიგის მერვედფინალურ წყვილებს საბოლოოდ დააკომპლექტებენ (8 პირველადგილოსანი V 8 გამარჯვებული შუალედური პლეი ოფიდან). მერე იქნება მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და ფინალი.

აღსანიშნავია, რომ კონფერენსლიგის გამარჯვებული გუნდი მომდევნო სეზონში ევროპალიგაში ითამაშებს!

რა იცვლება ევროპალიგაში?

პირველი და მთავარი ცვლილება ევროპალიგისთვის ის არის, რომ 2021 წლიდან, 48 გუნდის ნაცვლად, ჯგუფურ ეტაპზე 32 გუნდი ითამაშებს. ქართული კლუბები ევროპალიგის შესარჩევში თავიდანვე აღარ იქნებიან, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის შესარჩევიდან შეიძლება მაინც მოხვდნენ.

როდის გაიმართება კონფერენსლიგის თამაშები?

კონფერენსლიგისა და ევროპალიგის მატჩები ხუთშაბათს, ევროპის დროით 18:45-ზე და 21:00-ზე დაიწყება. სწორედ ეს დროებია გათვალისწინებული 2021 წლიდან ჩემპიონთა ლიგის მატჩებისთვისაც - ოღონდ, სამშაბათს და ოთხშაბათს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • სიტი
  • ბარსელონა
  • ლივერპული
  • რეალი
  • იუვენტუსი
  • პსჟ
  • ბაიერნი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები