Thumbnail
  • 'დროა, ნაბიჯი წინ გადავდგა და ყველას ვაჩვენო, რა შემიძლია'
  • ამერიკული პრესის ცნობით, ქართველ კალათბურთელს შთამბეჭდავი პროგრესი აქვს
  • მამუკელაშვილმა იტალიური ტურნეს ორ მატჩში 38 ქულა და 23 მოხსნა მოაგროვა

ამერიკული სეტონ ჰოლის ერთ-ერთი ლიდერი სანდრო მამუკელაშვილი ახალ სეზონს ამბიციური გეგმებით ხვდება და იმედოვნებს, რომ ის მის კარიერაში ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება. 20 წლის ქართველ ლეგიონერს პუბლიკაცია ნიუ ჯერსის წამყვანმა გაზეთმა Asbury Park Press მიუძღვნა და სანდროს კომენტარებიც მოიშველია.

“სეტონ ჰოლმა ახალი სეზონისთვის სრულფასოვანი მზადება დაიწყო და პირველივე დღეებში გამოჩნდა, რომ მომავალ ჩემპიონატში სანდრო მამუკელაშვილზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. გუნდის უმთავრეს ვარსკვლავად ჯერაც მაილს პაუელი ითვლება, მის მთავარ დამხმარედ კი მამუკელაშვილი უნდა მივიჩნიოთ, რომელსაც წარმოუდგენელი პროგრესი აქვს.

📺 სანდრო მამუკელაშვილის ჰაილაითები

“ამ სეზონში ჩემში მენტალური გარდატეხა უნდა მოხდეს. უნდა დავიჯერო, რომ ბიგ ისთის კონფერენციაში ჩემს პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო ვარ და ჩემი შეჩერება არავის შეუძლია. თამაში უპირატესის პოზიციიდან უნდა დავიწყო. ამისთვის მზად ვარ. გარშემო ისეთი მწვრთნელები და თანაგუნდელები მახვევია, არც მაქვს უფლება, სხვაგვარად მოვიქცე. სწორედ ისინი მმატებენ თავდაჯერებას, რომ მოედანზე გავიდე და ის გავაკეთო, რაც შემიძლია”, - ამბობს ახალგაზრდა ფორვარდი.

აღნიშნულ სიტუაციაში “თავდაჯერებულობა” სწორედაც რომ საკვანძო სიტყვაა, რაზეც ყურადღებას ხსენებული პაუელიც ამახვილებს.

სანდრო მამუკელაშვილი და მაილს პაუელი

“ეს ერთადერთია, რაც სანდროს აკლია. ხანდახან, როდესაც ვარჯიშებზე ვუყურებთ, ყველანი ერთი და იმავეს ვფიქრობთ, “ვაუ, მას ხომ შეუძლია გუნდში საუკეთესო იყოს. სანდრო როგორც სამ ასევე ოთხ ნომერზე თანაბარი წარმატებით ირჯება, ბურთის ტარება შეუძლია და სამქულიანებსაც ისვრის. უბრალოდ, მან უნდა დაიჯეროს, რომ უკვე სხვა რანგის კალათბურთელია და გაცილებით მეტი შეუძლია. ამ შემთხვევაში, მისი თამაშიც სხვა დონეზე ავა”.

სხვათა შორის, აღნიშნულის წინაპირობა უკვე არსებობს. აგვისტოში სეტონ ჰოლი იტალიას ესტუმრა და ადგილობრივ გუნდებთან 2 საკონტროლო მატჩი ჩაატარა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კევინ უილიარდმა აღნიშნულ შეხვედრებში პაუელის დასვენება გადაწყვიტა, შესაბამისად, ლიდერობის ტვირთი მამუკელაშვილზე გადავიდა და ის ძალიან ღირსეულად გაისარჯა.

სეტონ ჰოლმა სასტარტო თამაში პიზაში ჩაატარა და ადგილობრივ და გრაუნდს 84:53 სძლია, ქართველმა კალათბურთელმა კი 28 წუთში 21 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა და თანაც თამაშიდან 12-დან 8 ტყორცნა გამოიყენა. შემდეგ გუნდმა ფრასკატიში გადაინაცვლა და პიკ უორიორსი 108:49 გაანადგურა, სანდროს კი 17 ქულის (თამაშიდან 9-დან 6, 4-დან 2 სამქულიანი), 11 მოხსნის და 2 პასის მოსაგროვებლად მხოლოდ 14 (!) წუთი ეყო.

კევინ უილიარდი: 'სანდროზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული'

იტალიური ტურნეს დროს მამუკელაშვილის თამაშმა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ეს, ერთჯერადი ამბავი ნამდვილად არ ყოფილა, რადგანაც უკვე ამერიკულ ვარჯიშებზეც მისი წინსვლა თვალსაჩინოა. წვრთნის დროს იგი ყველგან იყო, უტევდა ფარქვეშიდან, ესროდა სამქულიანებს, ერთი სული ჰქონდა, ვინმესთვის დაეფარებინა. სხვა საქმეა, რომ მომავალ სეზონში სანდროს სამწამიან ზონში დატვირთვა ნაკლებად მოუწევს, რადგანაც სეთონ ჰოლს ცენტრების – რომარიო გილის და იკე ობიაგუსიც ძალიან ეიმედება.

“უდავოა, რომ მასზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული და იმასაც უნდა მიეჩვიოს, რომ დაცვაში თავისზე დაბალ კალათბურთელებთან გამკლავებაც მოუწევს. ვფიქრობ, ეს პრობლემა არ უნდა იყოს” – აღნიშნავს ვილიარდი. ეს კომენტარი მიანიშნებს, რომ მომავალ სეზონში მამუკელაშვილს ძირითადად მისთვის ბუნებრივ მე-4 ნომრის პოზიციაზე თამაში მოუწევს, ეს კი, მეტოქეებისთვის დიდი თავისტკივილი უნდა იყოს.

“სხვათა შორის, ჯერ კიდევ ბავშვობაში მეუბნებოდნენ, რომ საბოლოოდ, სწორედ მძიმე ფორვარდის პოზიციაზე თამაში მომიწევდა და ეს, ახდა კიდეც. შემიძლია ვთქვა, რომ აღნიშნულ ჩემთვის ძალიან კომფორტულია. ხშირ შემთხვევაში, ჩემი მეურვეობა უფრო დაბალ ბიჭებს მოუწევთ, ეს კი, უპირატესობას მომცემს. ვფიქრობ, სამწამიან ზონასთან ახლოს კომბინაციებისას ჩემი შეჩერება გაუჭირდებათ, რადგანაც ფარქვეშ შესვლაც კარგად მეხერხება”.

გასულ სეზონში “მამუ” საშუალოდ 8.9 ქულას და 7.8 მოხსნას აგროვებდა და პასიც მეტი ჰქონდა, ვიდრე – დაკარგვა, ეს კი, მისი გაბარიტების მქონე კალათბურთელისთვის დიდი იშვიათობაა. თუმცა, იყო თამაშები, სადაც ის საწყის ორ-სამ სროლას აცილებდა და შემდეგ შეტევაში აქტიურობას ერიდებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით პაუელმა ისაუბრა.

სეტონ ჰოლის გუნდური ფოტო 2019-20 წლების სეზონისთვის

“ყველანი სწორედ მაგას ვეუბნებით ხოლმე, “სანდრო, ისროლე”. “არავინ გაგიბრაზდება იმის გამო, რომ ესვრი, მეტიც, მაშინ ვბრაზობთ, როდესაც არ ესვრი”.

როგორც სჩანს, ეს შეგონება “მამუსთვის” უცხო მართლაც არაა.

“ცხადია, ვიცი, რომ ბურთის აცილება კატასტროფა არაა, თუმცა, რიგ მომენტებში თავდაჯერება მართლაც მაკლდა. ახლა, დროა, ნაბიჯი წინ გადავდგა და ყველას ვაჩვენო, რა ვისწავლე და რა შემიძლია”.

სეტონ ჰოლს საკონფერენციო მატჩები მოგვიანებით ეწყება, მანამდე კი, 2 საგამოფენო შეხვედრა დაგეგმა. ქართველი კალათბურთელის გუნდი 25 ოქტომბერს, ნიუ ჯერსიში, ბლუმფილდს ეთამაშება, 29-ში კი – მისერიკორდიას.

კომენტარები

ბოლო ამბები