Thumbnail

ახალი ბერძნული სიგიჟეები - ოლიმპიაკოსი ქვედა ლიგაში თამაშობს

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ახალი დიდი სკანდალის გამო, ოლიმპიაკოსი მეორე ლიგაში გააგდეს
  • პირეოსელები მეტოქეს უცხოელი მსაჯების გარეშე აღარ ეთამაშებიან
  • პანათინაიკოსის მფლობელი სპორტული სამყაროს ყველაზე სკანდალური პერსონაჟია
  • ჩაშლილი თამაშები და მეტოქის შეურაცხყოფა ბერძნულ კალათბურთში

პანათინაიკოსსა და ოლიმპიაკოსს ერთმანეთი ისე ეზიზღებათ, რომ ამ ზიზღს მხოლოდ რივერი-ბოკას მტრობა შემიძლია შევადარო. მათ დაპირისპირებაში ყველაფერი მოსულა - ჩაშლილი თამაშები, ჩხუბი მოედანზე, ნაცემი მსაჯი. თუმცა, ბოლო თვეებია, ამ დაპირისპირებამ ახალ სიმაღლეებს მიაღწია - შედეგად, ოლიმპიაკოსი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, რომელშიც საბერძნეთის ნაკრების რამდენიმე ლიდერი (სპანულისი, პრინტეზისი, პაპანიკოლაუ) თამაშობს, საბერძნეთის საკალათბურთო ჩემპიონატიდან მოკვეთეს და მხოლოდ ევროლიგაზე თამაშობს. როგორ მივიდნენ აქამდე?

ოლიმპიაკოსის გულშემატკივრები

ყველაფერი გაზაფხულზე დაიწყო. საბერძნეთის თასის ნახევარფინალში, პირეოსელები პაოსთან გასვლაზე აგებდნენ, მსაჯობა არ მოეწონათ და პირველი ტაიმის შემდეგ პარკეტზე გამოსვლაზე უარი განაცხადეს.

ეს ბერძნული რეალობისთვის გასაოცარი ფაქტი არ ყოფილა. თუმცა, რაც ამის შემდეგ პანათინაიკოსის მფლობელმა დიმიტრიოს იანაკოპულოსმა გააკეთა, საბერძნეთისთვის კი არა, სრულიად ცივილიზებული სამყაროსთვის შოკი იყო.

იანაკოპულოსი 45 წლის ბერძენი მილიონერია, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, ყოველთვის უაღრესად ექსტრავაგანტურად იქცევა ხოლმე - მაგალითად, მას შეუძლია, თამაშზე ევროლიგის ხელმძღვანელობის გვერდით იჯდეს და პარალელურად, იქვე ტელეფონით ტვიტერში უშვერი სიტყვებით ლანძღოს ისინი. მოკლედ, ეს კაცი ცივილიზებული სამყაროსთვის შეურაცხადია.

პანათინაკოსის მფლობელი-დიმიტრის იანაკოპულოსი

თუმცა, მაინც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ოლიმპიაკოსის თამაშიდან გასვლის შემდეგ, პანათინაიკოსის მფლობელმა, პირადად დადო ოლიმპიაკოსის სათადარიგო სკამზე ქალის წითელი ტრუსი. როგორც ამბობენ, ამ ჟესტით მას იმის თქმა უნდოდა, რომ ოლიმპიაკოსის მოთამაშეები მშიშრები არიან და გაიქცნენ.

არაფერს ვიტყვი სექსიზმზე, უბრალოდ, ეს ბერძნული სპორტის ისტორიაში ალბათ ყველაზე ვულგარული და უხამსი ჟესტი იყო. მით უმეტეს, რომ თამაში ბერძნულ ნაციონალურ ტელევიზიაზე გადაიცემოდა და იანაკოპულოსის საქციელს სავსე დარბაზთან ერთად, უამრავი ტელემაყურებელი ადევნებდა თვალს.

ბუნებრივია, ეს ჟესტი პირეოსელებმა იმდენად შეურაცხმყოფელად მიიღეს, რომ მათ უარი განაცხადეს პანათინაიკოსთან ისევ ეთამაშათ, თუ ფედერაცია არ უზრუნველყოფდა უცხოელ მსაჯებს. ამავე დროს, მათ უარი თქვეს, გასულიყვნენ პარკეტზე, თუ პაოსთან თამაშის რომელიმე მსაჯი (ანასტოპულოსი, მანოსი, პანაიოტუ) მათ თამაშზე დაინიშნებოდა და მოითხოვეს, რომ პაოს მფლობელს არასოდეს ჰქონოდა მათ დარბაზში შესვლის უფლება.

თამაშიდან გასვლის გამო, ოლიმპიაკოსს 6 ქულა დააკლეს. ამ გუნდებს შორის ჩემპიონატის შემდეგი თამაშის წინ, ოლიმპიაკოსი კვლავ უარს აცხადებდა უცხოელი მსაჯების გარეშე თამაშზე. ბოლო მომენტში მხარეების შერიგება საბერძნეთის სპორტის მინისტრმა სცადა, თუმცა ეს შეხვედრა კლუბის წარმომადგენლებს შორის ჩხუბში გადაიზარდა, რომლის დროსაც პაოს მფლობელი, იანაკოპულოსი, მთელ ხმაზე ილანძებოდა და პირდებოდა, რომ მალე ოლიმპიაკოსს ქვედა ლიგაში მოუწევდა თამაში. ოლიმპიაკოსი თამაშზე ისევ არ გავიდა, პაოს მოგება ჩაეთვალა, პირეოსელებს კი კიდევ 6 ქულა დააკლდათ.

ოლიმპიაკოსი თამაშზე არ გამოცხადდა

პარალელურად, იანაკოპულოსი ყველა ხერხით ცდილობდა, რომ ის სამი მსაჯი, რომელსაც ოლიმპიაკოსი აპროტესტებდა, კვლავ პირეოსელთა თამაზე დაენიშნათ. რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩში ასეც მოხდა - პრომითეასის წინააღმდეგ, ოლიმპიაკოსის მატჩი ანასტოპულოსს უნდა ემსაჯა. თუკი ოლიმპიაკოსი თავისი პირობას შეასრულებდა და ამ მსაჯთან ერთად თამაშზე გასვლაზე უარს იტყოდა, მას, რეგლამენტის თანახმად, ლიგის ორ თამაშში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო, ქვედა ლიგაში დაქვეითება ემუქრებოდა. შეშინებულმა ანასტოპულოსმა, რომლის სახლსაც პირეოსელთა ფანები თავს დაესხნენ და დაარბიეს, თვითონვე თქვა უარი ემსაჯა ოლიმპიაკოსის თამაში.

ამით გაბრაზებულმა პანათინაიკოსმა თვითონ თქვა უარი თავის თამაშზე გასვლაზე, არ გავიდა შემდეგი ტურის მატჩში კიმესთან პარკეტზე, რის შედეგადაც წაგება ჩაეთვალა და 6 ქულა დააკლდა. შედეგად, პაო მესამე ადგილზე გადავიდა, ოლიმპიაკოსი მეექვსეზე, რაც იმას ნიშნავდა, რომ პლეი ოფის პირველივე ტურში ისინი ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ.

მხარეების შერიგება კვლავ ვერავინ შეძლო, თვით საბერძნეთის მთავრობის ჩათვლით. ოლიმპიაკოსი პლეი ოფის პირველივე თამაშში კვლავ არ გამოცხადდა - რადგან უცხოელი მსაჯები არ იყვნენ და მეტიც, სამიდან ორი იგივე მსაჯი (მანოსი, ანასტოპულოსი) იყო, რომელიც ჩაშლილი თამაშს ემსახურებოდა. შედეგად, პირეოსელებს კვლავ წაგება ჩაეთვალათ და რეგლამენტის თანახმად მეორე ლიგაში გავარდნენ.

სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა მას შემდეგ, რაც პაოს მფლობელმა იანაკოპულოსმა ახალი სიგიჟე ჩაიდინა - მას შემდეგ, რაც პლეი ოფის თამაშში პირეოსელები პარკეტზე არ გამოვიდნენ, მივიდა და მათ სათადარიგო სკამზე ამჯერად ქათამი დადო. მისი აზრით, ქათამიც ასევე ოლიმპიაკოსის და მათი სიმხდალის სიმბოლოა.

ამ სეზონის წინ ყველა თანხმდებოდა, რომ ოლიმპიაკოსს პირველ ლიგაში უნდა ეთამაშა - საბერძნეთის სპორტის სამინისტრო, კალათბურთის ფედერაცია, ევროლიგის ხელმძღვანელობა. თუმცა, პანათინაიკოსმა ყველაფერი გააფუჭა. პაოს ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ თუკი ოლიმპიაკოსის გამო რეგლამენტში გამონაკლისს დაუშვებდნენ და უმაღლეს ლიგაში დააბრუნებდნენ, მაშინ თავად პანათინაიკოსი იტყოდა უარს საბერძნეთის ჩემპიონატში თამაშზე.

ასე დარჩა ოლიმპიაკოსი ქვედა ლიგაში, სადაც მათი მეორე გუნდი ითამაშებს. ძირითადი გუნდი კი მხოლოდ ევროლიგაზე ასპარეზობას აპირებს. მთავარი ამბავი ის არის, რომ ევროლიგაზე პანათინაიკოსიც თამაშობს და ამ გუნდებს ევროლიგის მასშტაბით სულ მცირე ორი შეხვედრის ჩატარება მაინც მოუწევთ. ეს იქნება ყველაზე ცხელი დერბი მათი დაპირისპირების ისტორიაში.

გამოკითხვა

ვინ გახდება გამარჯვებული?

  • ფენერბაჰჩე
  • რეალ მადრიდი
  • ბარსელონა
  • ცსკა

კომენტარები

ბოლო ამბები