Thumbnail
  • კლაუდიო მარკიზიომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
  • 'პრინჩიპინო' იუვენტუსის ფანების ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელი იყო

დღეს კლაუდიო მარკიზიომ კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა. დღეს ეს ოფიციალურად მოხდა, თორემ მე რომ მკითხოთ, მარკიზიომ კარიერა გასულ ზაფხულს დაასრულა, როდესაც იუვედან წასვლა მოუწია.

სიმბოლური იყო ადგილი - მარკიზიო იუვეს სტადიონზე დაბრუნდა და იქიდან ამცნო საფეხბურთო სამყაროს, რომ „მის გულში და მის დნმ-ში მუდამ მხოლოდ ორი ფერია - il mio cuore e il mio DNA avranno sempre 2 colori.”

თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ ლამაზი სიტყვებია, შევახსენებ: მარკიზიო ტურინელია, იუვეში იგი 7 წლის ასაკში მივიდა და იქ 25 წელი გაატარა. თუ იმასაც ფიქრობთ, რომ მას თამაში კიდევ არ შეეძლო, ისევ ძალიან ცდებით - ის მხოლოდ 33 წლის არის და ჩინეთში, ამერიკასა და ყატარში ფულის კეთებაზე რომ არაფერი ვთქვათ, სერია A-ს ნებისმიერ აუტსაიდერსა, თუ საშუალო გუნდს დღესვე გააძლიერებდა.

წაიკითხებოლო რომაელი ჯარისკაცი - სანდო, ერთგული, თავდაუზოგავი კაცი

თუმცა, ეს ყველაფერი თეორიაა. პრაქტიკულად კი ის არის, რაც მან თვითონ თქვა - „მის გულში მხოლოდ ორი ფერია“ და სხვაგან თამაში უბრალოდ აღარ უნდოდა. სწორედ ამიტომაც, მისი ერთადერთი მცდელობა, იუვენტუსის მიღმა აეწყო კარიერა, წარუმატებლად დასრულდა. მრავალმილიონიანი კონტრაქტის მიუხედავად, სანკტ პეტერბურგის ზენიტში ის ისე გამოიყურებოდა, როგორც ტურისტი, რომელიც უცხო ქალაქში დაიკარგა.

სწორედ ამიტომ დაბრუნდა იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო - იუვეს სტადიონზე და ამის იქით მისთვის სხვა ადგილი არც ყოფილა, სადაც შეიძლება ფეხბურთი ეთამაშა.

მის შესახებ ყველაფერი რომ გაიგოთ, ერთი დეტალი: სულ რამდენიმე კვირის წინ, ჩინეთში დიდ კონტრაქტზე თქვა უარი. მიზეზი ძალიან იტალიურია. ამ კლუბის მფლობელი ის კორპორაციაა, რომელიც მილანის ინტერსაც ფლობს - „არ მინდა ინტერთან თუნდაც ირიბად ასოცირებული ვიყო.“

წაიკითხე | დელ პიეროს ზარით შეცვლილი კარიერა - ბარძალის ბოლო თამაში

მარკიზიო თანამედროვე ფეხბურთის რეალობისთვის ყოველთვის ძალიან ერთგული და ძალიან ღირსეული იყო. ის ტურინში გამოჩენის დღიდან შეუყვარდათ - კალჩოპოლის სკანდალის შემდეგ დაქვეითებული გუნდისთვის მარკიზიო მომავლის სიმბოლო იყო. სწორედ ამიტომ შეარქვეს „ილ პრინჩიპინო“, პატარა პრინცი - არავის დაუკონკრეტებია, მაგრამ ტიფოზების ფოლკლორში ალბათ მეფე ალექს დელ პიერო იყო, რომელსაც თავისი „სამეფო“ სწორედ „პრინჩიპინოსთვის“ უნდა გადაელოცა. დაახლოებით ისე, მუფასა, რომ სიმბას გზას დაულოცავს. ეს ყველაფერი მხოლოდ ფოლკლორად დარჩა - რეალობაში, მარკიზიოს მეფობა არასოდეს მოუნდომებია, არც იყო ისეთი ფეხბურთელი, დელ პიეროს, პირლოს და სხვა დიადებს რომ შეადარებდი. ეს იმ გაჭირვების წლებში, როდესაც იუვესთვის მეშვიდე ადგილი ნორმად იქცა, გულშემატკივრის ნატვრა უფრო იყო, ვიდრე რეალობა.

ალბათ ამიტომ, როდესაც ტურინში, იუვეს თამაშზე პირველად მოვხვდი, ჩემი პირველი იუვეს ფორმა, რომელიც ვიყიდე, სწორედ მარკიზიოსი იყო...

ალესანდრო დელ პიეროს პოსტი

È stato bello veder crescere quel bambino e condividere con lui un bel pezzo di strada, con la maglia della nostra vita. In bocca al lupo per il tuo futuro Claudio! Ale #ADP10

Posted by Alessandro Del Piero on ხუთშაბათი, 03 ოქტომბერი, 2019

მშრომელი, მორბენალი, მუდამ საჭირო დროს და საჭირო ადგილზე - იუვეს ნახევარდაცვაში ასეთების ადგილი ყოველთვის იყო, მარკო ტარდელიდან დაწყებული, ანჯელო დი ლივიოთი დასრულებული. სიმბოლურია, რომ 1996 წლის 22 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გადამწყვეტი პენალტი კიდევ ერთმა ასეთმა კაცმა, ვლადიმირ იუგოვიჩმა შეაგდო. ყველაზე მეტად, მე რომ მკითხოთ, სწორედ ტარდელის ჰგავდა, მასავით ეხერხებოდა გადამწყვეტი გოლების შეგდება.

📺 მარკიზიოს დაუვიწყარი გოლი ინტერის კარში

იუვემ აღმასვლა მასთან ერთად დაიწყო - ანტონიო კონტეს გუნდში ის ლიდერი არა, მაგრამ ჯარისკაცი იყო. დღესაც ღირსეულად ითამაშებდა რომელიმე სამი ხედირას, ან ბლეზ მატუიდის ნაცვლად - რომ არა ჯვარედინი იოგების უმძიმესი ტრავმა 2016 წელს. ამის შემდეგ, მარკიზიო სხვა ფეხბურთელი იყო, სისწრაფე და მობილურობა, მისი მთავარი თვისებები დაკარგა.

წინა ზაფხულს იუვედან ძალიან ღირსეულად წავიდა, ძირითადში თამაში უჭირდა და იუვეს მაშინდელ მწვრთნელთან მასიმილიანო ალეგრისთან არცთუ ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა არცერთი უკმაყოფილო სიტყვა - ორივე მხარე, კლუბიც და ფეხბურთელიც, ჯენტლმენურად შეთანხმდნენ, რომ უკეთესი იქნებოდა, 'პრინჩიპინოს' სხვა გუნდი მოეძებნა.

ტურინში ასე ძალიან სწორედ ამიტომ უყვართ - უპირველესად არა მისი გოლების, არამედ ერთგულების გამო. მარკიზიო ერთ-ერთი მათგანია, ტურინელი ბიჭი, რომელმაც ამ გუნდში მთელი ცხოვრება გაატარა, სხვაგან კი ფეხბურთის თამაში არ უნდოდა.

📺 იუვენტუსი კლაუდიო მარკიზიოს ამ ვიდეოთი ემშვიდობება

კომენტარები

ბოლო ამბები