Thumbnail

მანჯგალაძე: ქუჩაში გვაჩერებენ და გვამხნევებენ - ბათუმი ფეხბურთით ცხოვრობს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

კვირას, 6 ოქტომბერს, ეროვნულ ლიგაში დიდი მატჩია: ანგისას ბაზაზე დინამო ბათუმი დინამო თბილისს უმასპინძლებს. ერთმანეთს ჩემპიონატის ლიდერები დაუპირისპირდებიან. ბათუმური გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის, რასაც სეზონის წინ არავინ ელოდა. გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გიული მანჯგალაძეა, რომელიც უნივერსალური თვისებებით გამოირჩევა. 27 წლის ნახევარმცველმა popsport.com-ის კითხვებს უპასუხა. 

popsport: პირველ რიგში, საბურთალო-დინამო თბილისის მატჩი შეაფასე...

მანჯგალაძე: ძალიან საინტერესო მატჩი იყო. ვფიქრობ, საბურთალომ უკეთ ითამაშა და მარცხს არ იმსახურებდა. თავის მხრივ, დინამომაც ორგანიზებული თამაში აჩვენა. რაც შეეხება საკამათო თერთმეტმეტრიანს - ეს ეპიზოდი ჩემი გასარჩევი არ არის და ვერც კომენტარს გავაკეთებ.

popsport: კვირას ბათუმში დიდი მატჩია: დინამო ბათუმი დინამო თბილისს უმასპინძლებს. როგორ ემზადებით ამ მატჩისთვის?

მანჯგალაძე: ისევე ვემზადებით, როგორც სხვა თამაშებისთვის. ეს მატჩი ბევრ რამეს გადაწყვეტს, მაგრამ არა ჩემპიონის ბედს. კიდევ 6 ტური გვექნება სათამაშო, თითოეულ ქულას კი უდიდესი ფასი აქვს. მოკლედ, წინ უმნიშვნელოვანესი მატჩია, მაგრამ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში არა გადამწყვეტი.

popsport: როგორ თამაშს ელოდები?

მანჯგალაძე: დინამო თბილისი ორგანიზებულად იცავს თავს და კარგად კეტავს ზონებს. თბილისელები ცოტა გოლს უშვებენ და სახიფათოდ უტევენ. არამგონია, რომ სტუმრებმა თამაში გახსნან. წინ რთული და ძალიან საინტერესო მატჩი გველოდება.

popsport: რამდენად მნიშვნელოვანი იქნება საკუთარი მოედნის ფაქტორი და გულშემატკივრების მხარდაჭერა?

მანჯგალაძე: სეზონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას საკუთარ მოედანზე ვატარებთ და ეს დიდი პლუსია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ტრიბუნა ყოველთვის ივსება და ასე იქნება დინამო თბილისთან მატჩის დროსაც. ქალაქში ყოველთვის იგრძნობა, როდესაც თამაში ახლოვდება და მით უმეტეს, ასეთი თამაში. ქუჩაში გვაჩერებენ, გვამხნევებენ და დადებითად გვმუხტავენ. ეს არის სასიამოვნო წნეხი, რაც პასუხისმგებლობას გვმატებს. ნეტა ასე იყოს სხვა ქალაქებშიც, რადგან ეს ქართული ფეხბურთის დონეს აამაღლებს.

popsport: წინა ტურში, ქუთაისის ტორპედოსთან 3 ქულა აიღეთ. თანაც, ისე რომ აგებდით თამაშს. ერთი გოლი შენს ანგარიშზეა. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს გამარჯვება? 

მანჯგალაძე: ერთ-ერთი გარდამტეხი მატჩი იყო, რადგან ტორპედოსთან გასვლაზე თამაში ყოველთვის რთულია, სამი ქულა კი აუცილებლად უნდა აგვეღო. საბედნიეროდ, მალევე გავათანაბრეთ ანგარიში და შემდეგ, გამარჯვების გოლიც გავიტანეთ. ტორპედო ადვილად არ კარგავს ქულებს და ამიტომ, ეს გამარჯვება ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი იყო.

გიული მანჯგალაძის გოლი ქუთაისის ტორპედოს კარში
 

popsport: სეზონის წინ თუ წარმოიდგენდი, რომ დინამო ბათუმი საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებდა?

მანჯგალაძე: ამას ვერავინ წარმოიდგენდა. სეზონის წინ, გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელი მოვიდა და შეთამაშებისთვის გარკვეული დრო დაგვჭირდა. ამიტომ, სტარტი ცუდი გამოგვივიდა, შემდეგ კი მოვუმატეთ. თამაშიდან თამაშამდე ვპროგრესირებდით და შედეგიც სახეზეა. ჩვენი მიზანი ყოველი მომდვნო მატჩის მოგებაა, სატურნირო ცხრილში კი ყველაფერი თავისით ლაგდება. დაძაბული ჩემპიონატი გამოდის, რაც გულშემატკივრებისთვის სასიხარულოა.

popsport: რა არის მთავარი, რამაც ბათუმური გუნდის ასეთი პროგრესი განაპირობა?

მანჯგალაძე: კომპლექსური საკითხია. ბათუმში სპორტის უპირველეს სახეობას ყურადღება მიექცა: გაიხსნა ბავშვთა აკადემიები და შენდება სტადიონი, რამაც ქალაქში ფეხბურთი გააცოცხლა. გუნდს საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი, გია გეგუჩაძე ჩაუდგა სათავეში. როდესაც ასეთი ძვრებია, ხვალ თუ ზეგ, შედეგი აუცილებლად მოვა. იმედია, კიდევ უფრო განვითარდება კლუბი და მომავალში კიდევ უფრო მაღალ მიზნებს დავისახავთ. 

გიული მანჯგალაძე დინამო ბათუმის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია

popsport: გუნდში დიდი კონკურენციაა, გეგუჩაძე კი ხშირად მიმართავს როტაციას. რამდენად კომფორტულია ეს ფეხბურთელებისთვის?

მანჯგალაძე: კონკურენცია გუნდისთვის ყოველთვის კარგია. ფეხბურთელებს მოდუნების უფლება არ გვაქვს და მუდმივად ტონუსში ვართ. გუნდში იდეალური გარემოა, ყველა მონდომებულია და როდესაც ფეხბურთელს თამაშის საშუალება ეძლება, მაქსიმალურდ იხარჯება. კონკურენცია არა თუ კარგია, აუცილებელია.

popsport: დინამო ბათუმი არასდროს ყოფილა საქართველოს ჩემპიონი. ეს თქვენთვის დამატებითი წნეხია?

მანჯგალაძე: წნეხი და პასუხისმგებლობაა. როდესაც გულშემატკივრები შენზე იმედებს ამყარებენ, ბუნებრივია რომ ეს მოქმედებს. თუმცა, როდესაც მინდორზე გადიხარ, გავიწყდება ყველაფერი და სრულ კონცენტრაციას თამაშზე ახდენ. ყველაფერს გავაკეთებთ რომ ქომაგები გავახაროთ.  

popsport: რას ეტყვი გულშემატკივრებს დინამო თბილისთან მატჩის წინ?

მანჯგალაძე: პირველ რიგში, დიდი მადლობა თითოეულ მათგანს მხარდაჭერისთვის იქნება ეს საკუთარ მოედანზე, თუ გასვლაზე. აუცილებლად მოვიდნენ დინამო თბილისთან თამაშზე და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისინი 3 ქულით გავახაროთ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები