Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი - სტეფანოს ციციპასი 6:4, 3:6, 2:6
  • ქართველმა ჩოგბურთელმა 500 სარეიტინგო ქულის დაცვა ვერ მოახერხა

27 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 3 666 275 დოლარი) მერვედფინალში გამოეთიშა და შარშან ჩემპიონობის ხარჯზე გამომუშავებული 500 სარეიტინგო ქულის დაცვა ვერ მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ ნიკამ ჩინეთის ღია პირველობის საწყის რაუნდში არგენტინელი გუიდო პელა 6:4, 7:6 (7:3) დაამარცხა, დღეს კი, მე-3 ნომრად განთესილ ბერძენ სტეფანოს ციციპასთან 6:4, 3:6, 2:6 წააგო.

პირველ სეტში ქართველის უპირატესობა თვალსაჩინო იყო. ნიკა ძალიან აგრესიულად უტევდა და მართალია, შეცდომებიც ჰქონდა, სეტის მოსაგებად 1 ბრეიკის განხორციელებაც ეყო. საქართველოს პირველმა ჩოგანმა თავად 6 ბრეიკ-პოინტი გადაარჩინა და 6:4 მოიგო.

სამწუხაროდ, მე-2 სეტში თავი ნიკას ჩვეულმა სენმა იჩინა. ქართველმა ჩოგბურთელმა ორმაგ შეცდომებს უხშირა (ერთ გეიმში სულაც 3 ორმაგი ჰქონდა) და მართალია, საერთო ჯამში, 5 ბრეიკ-პოინტი გადაარჩინა, საბოლოოდ, მოწოდების დაკარგვას მაინც ვერ გადაურჩა. ჩვენებურს საპასუხო ბრეიკის განხორციელების შანსი იქვე ჰქონდა, თუმცა, ვერ გამოიყენა და 3:6 დამარცხდა.

The love is real here for our 2018 champion @nikolozbasilashvili 🙌🏻😍👏🏻

Posted by China Open on ხუთშაბათი, 03 ოქტომბერი, 2019

მე-3 სეტი ქართველისთვის ძალიან ცუდად დაიწყო, რადგანაც თავისი პირველივე მოწოდება დათმო. ამ შემთხვევაში, ნიკოლოზი ისევ ორმაგმა და უნებლიე შეცდომებმა აზარალა. ბასილაშვილმა უკუბრეიკის შანსი კვლავ ვერ გამოყენა, რამაც საბოლოოდ "გატეხა", თავისი მოწოდება კიდევ ერთხელ წააგო და ბერძენ ჩოგბურთელს საქმის ბოლომდე მიყვანა აღარ გასჭირვებია.

თამაში ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა და ქართველმა ჩოგბურთელმა 8 ეისი მოაწოდა და ამდენივე ორმაგი შეცდომა ჰქონდა, პირველ მოწოდებაზე ბურთების 71% (24 34-დან) მოიგო, მეორეზე კი – 47% (14 30-დან). ნიკამ 5-დან 1 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება 2-ჯერ დათმო. ჯამში, ბასილაშვილმა 88 გათამაშება მოიგო, ციციპასმა კი – 102.

ამ წარუმატებლობის გამო, საქართველოს პირველ ჩოგანს რეიტინგში ერთბაშად 455 ქულა მოაკლდა და ლაივ-კლასიფიკაციაში 26-ე ადგილამდე დაქვეითდა.

კომენტარები

ბოლო ამბები