Thumbnail
  • ბარსელონა 2:1 ინტერი
  • ნერაძურიმ კამპ ნოუზე პირველი ტაიმი ლაუტაროს მარტინესის გოლით მოიგო
  • ერნესტო ვალვერდეს გუნდი დამარცხებისგან ლუის სუარესმა დუბლით იხსნა

კატალონიელებს ლიონელ მესი დაუბრუნდათ. ბარსას კაპიტანი, რომელსაც სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული, ტრავმები აწუხებდა, ერნესტო ვალვერდეს გუნდის სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა. ანტონიო კონტეს გუნდს “კამპ ნოუზე” ტრავმირებული რომელუ ლუკაკუ არ ჰყავდა, შესაბამისად, მილანელები წინა ხაზში კი ლაუტარო მარტინესისა და ალექსის სანჩესის იმედად იყვნენ. 

და "ნერაძურის" შემტევებმა ეს იმედი მწვრთნელსა და ქომაგს უკვე მე-3 წუთზე გაუმართლეს. მექსიკელის გადაცემის შემდეგ, ბარსას საჯარიმოში შეჭრილმა ლაუტარო მარტინესმა კლემან ლანგლეს ჭიდაობაში აჯობა და ტერ შტეგენს შორეულ კუთხეში დაურტყა - “კამპ ნოუზე” ანგარიში სტუმრებმა გახსნეს.

📺 0:1 მარტინესი (3’)

გაშვებული გოლის შემდეგ, ბარსელონა ბურთს კი დაეპატრონა, მაგრამ დაცვაში ვერ იყო დამაჯერებელი და ინტერის არგენტინელ თავდამსხმელსაც მე-16 წუთზე დუბლის შესრულებამდე ცოტა დააკლდა. ლაუტაროს ძალიან სახიფათო თავური ტაიმის ბოლოსკენ ტერ შტეგენმა მოიგერია. 

ბარსელონას რაც შეეხება, მასპინძლები უტევდნენ, მაგრამ სამირ ჰანდანოვიჩისთვის განსაკუთრებით სანერვიულოს ვერაფერს ქმნიდნენ და ტაიმიც ინტერმა მოიგო.

მესი V მარტინესი - არგენტინელების დუელი კამპ ნოუზე

შესვენების შემდეგ ბარსელონას სათამაშო უპირატესობა აშკარა გახდა, ინტერი კი კარგა ხანს მეტოქეს საჯარიმოსთან მიახლოებასაც ვერ ახერხებდა. ერნესტო ვალვერდემ ცვლილებასაც მალევე მიმართა, მოედანზე სერხიო ბუსკეტსის ნაცვლად არტურო ვიდალი შეუშვა და გაუმართლა. ჩილელის პასის შემდეგ ლუის სუარესმა სუპერგოლი შეაგდო და ანგარიში გაათანაბრა. ურგვაელი ფორვარდის დარტყმული ძალიან ეფექტური და ამავდროულად, ძალიან ზუსტი იყო - ჰანდანოვიჩი უძლური აღმოჩნდა.

📺 1:1 სუარესი 58'

მეორე ტაიმში ინტერი აღარ იყო ისეთი ეფექტური, როგორიც შესვენებამდე. ბარსელონამ კი 3 ქულის მოპოვება ლუის სუარესის დუბლით მოახერხა. ურუგვაელს საგოლე გადაცემა ლიონელ მესიმ გაუკეთა.

📺 2:1 სუარესი (84') 

ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფში, 2 ტურის შემდეგ, დორტმუნდი 4 ქულით და ბარსელონასთან უკეთესი ბურთებით ლიდერობს. თითო ქულა რჩებათ ინტერსა და სლავიას. მომდევნო მატჩს კატალონიელები 23 ოქტომბერს, სტუმრად პრაღაში, სლავიასთან გამართავენ, ინტერი კი ამავე დღეს მილანში დორტმუნდს მიიღებს.

საინტერესო ფაქტები

⚽ 22 წლის ლაუტარო მარტინესმა ჩემპიონთა ლიგაში პირველად გაიტანა.

⚽ მანამდე ინტერს კამპ ნოუზე გოლი ოთხ მატჩში არ ჰქონდა გატანილი.

⚽ ბარსელონას ჩემპიონთა ლიგაში შინ 33-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

⚽ ანტონიო კონტემ მილანის ინტერში პირველი თამაში წააგო. 

ბარსა ინტერს კამპ ნოუზე  მეხუთედ ეთამაშა და მეხუთედ მოუგო

ბარსელონა 2:1 ინტერი

გოლი: 0:1 მარტინესი (3’), 1:1 სუარესი (58'), 2:1 სუარესი (84').

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, ლანგლე, სემედუ - დე იონგი, ბუსკეტსი (ვიდალი, 53'), არტური - მესი, სუარესი, გრიზმანი (დემბელე, 66').

ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი - გოდინი, დე ვრეი, შკრინიარი - კანდრევა (დ'ამბროზიო, 71'), ბარელა, ბროზოვიჩი, სენსი (პოლიტანო, 79'), ასამოა - მარტინესი, სანჩესი (გალიარდინი, 66').

კომენტარები

ბოლო ამბები