Thumbnail
  • დინამო თბილისი 2:1 საბურთალო
  • მასპინძელმა გუნდმა კაცნაკლულ საბურთალოს საკამათო პენალტით მოუგო
  • კვირას სეზონის მთავარი მატჩია: დინამო ბათუმი v დინამო თბილისი

საქართველოს ეროვნული ლიგის 23-ე ტურის გამოტოვებული მატჩი “დინამო არენაზე” გაიმართა, რომელშიც ცხრილის საუკეთესო სამეულის გუნდები დაუპირისპირდნენ. ამ  თამაშამდე მოქმედ ჩემპიონ საბურთალოს, ლიდერ დინამო ბათუმთან, რომელსაც თამაშით მეტი ჰქონდა ჩატარებული, 7 ქულა აშორებდა, დინამო თბილისს კი - 3. შესაბამისად, ამ შეხვედრას და მის შედეგს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა როგორც დღევანდელი მეტოქეებისთვის, ისე - დინამო ბათუმისთვის, რომელიც მომავალ ტურში, 6 ოქტომბერს, სწორედ დინამო თბილისს მასპინძლობს.

ფელის ვისენტესა და გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდებმა წელს ორჯერ ითამაშეს და მოგებები გაცვალეს. დინამომ საშინაო მატჩში ანგარიშით 4:2 გაიმარჯვა, საბურთალომ კი - 2:0. წლის მესამე დაპირისპირებას დინამოელები მნიშვნელოვანი დანაკლასით შეხვდნენ - გუნდს სხვადასხვა მიზეზით ვერ ეხმარებოდნენ ნოდარ ქავთარაძე, გიორგი კუხიანიძე და ლიგის მთავარი ბომბარდირი ლევან კუტალია (17 გოლი). სამაგიეროდ, განაცხადში მოხვდა თბილისელთა ახალწვეული ლევან მჭედლიძე. დანაკლისი იყო სტუმართა რიგებშიც - თამაშში მონაწილეობას ტრავმის გამო ლევან ყენია ვერ იღებდა.

"დინამო არენაზე" თამაშის წინ წუთიერი დუმილით პატივი ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის ხსოვნას მიაგეს, რომელიც 84 წლის ასაკში, 2 ოქტომბერს გარდაიცვალა.

სტადიონზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გია ყანჩელის ხსოვნას

„დინამო თბილისისა“ და „საბურთალოს“ მატჩი გია ყანჩელის ხსოვნისადმი პატივის მიგებით დაიწყო

Posted by საქართველოს პირველი არხი • სპორტი on ოთხშაბათი, 02 ოქტომბერი, 2019

შეხვედრის დასაწყისში უპირატესობა ჭიაბრიშვილის გუნდმა მოიპოვა, რომელსაც ანგარიშის გახსნის კარგი შანსი უკვე მე-20 წუთისთვის ჰქონდა. კუთხურის შემდეგ თავით გიორგი რეხვიაშვილი ურტყამდა, ბურთი კი კარს მცირედით აცდა.

მალევე გატანა დინამოელებმა შეძლეს, მაგრამ მიხაილო შიშკას გოლი გაუუქმეს - მსაჯმა ვიქტორ მონხილზე წესების დარღვევა შეტევაში დააფიქსირა. 

საბურთალომ ამის შემდეგაც გააგრძელა მასპინძელთა ნახევარზე თამამად მოქმედება. გატანის შანსი ჰქონდა ჯერ გიორგი კოხრეიძეს, შემდეგ კი სანდრო ალთუნაშვილს, რომელმაც ვიქტორ შიშკას შეცდომით ვერ ისარგებლა. იყო კიდევ გიორგი გაბადავას კარგი შორეული დარტყმა და ხოსე პერალესის დამაჯერებელი თამაში. დინამოელთა მეკარეს ამის შემდეგაც არაერთხელ მოუხდა მის კართან შექმნილი ხიფათის განმუხტვა, მაგრამ ტაიმის მიწურულს უბრალოდ უძლური აღმოჩნდა.

დინამოელთა კარისკენ საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, რომელიც გაბედავამ არცთუ კარგად შეასრულა. გამოვარდნილ ბურთს ალთუნაშვილმა დაამატა. პერალესი ბურთს გაჭირვებით შესწვდა, რის შემდეგაც ძელმა უკუაგდო, დამატებაზე კოხრეიძეს ხელი ვერავინ შეუშალა და ანგარიშიც გაიხსნა.

📺 0:1 კოხრეიძე 42'

შესვენებამდე სტუმრებს ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ, მაგრამ გიორგი გაბედავამ დარტყმა დააგვიანა, დავით კობოურმა კი მისი იერიშის ჩაშლა ბოლო მომენტში შეძლო.

შესვენების შემდეგ მალევე, ფელის ვისენტემ მდგომარეობის გამოსწორება ცვლილებით სცადა - მოედანზე მიხაილო შიშკას ნაცვლად გიორგი ზარიას შეშვებით სცადა. გათანაბრების კარგი შანსი კი 57-ე წუთზე არფანგ დაფეს ჰქონდა, მაგრამ დინამოელთა ნახევარმცველის დარტყმული ლაზარე კუპატაძემ მოიგერია.  

იყო კიდევ ერთი იპიზოდი, როდესაც საბურთალოს მეკარემ ძალიან ცუდად ითამაშა და სტუმრები გაშვებულ გოლს მხოლოდ იმის გამო გადაურჩნენ, რომ კვამე კარიკარიმ რეაგირება ვერ მოასწრო. 

66-ე წუთზე საბურთალო კაცნაკლული დარჩა. ნიკა სანდოხაძემ გიორგი ქიმაძე მეკარესთან პირისპირ აკრძალული წესებით არ გაუშვა, მეორე გაფრთხილება მიიღო და მოედანი დატოვა. საჯარიმო კი ნიკა ნინუამ შეასრულა, რომელმაც იდეალურად დაარტყა. ლაზარე კუპატაძე უბრალოდ უძლური აღმოჩნდა. 

📺 1:1 ნინუა 69' 

თამაშის დასრულებამდე 15 წუთით ადრე არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა საკმაოდ საეჭვო ვითარებაში სტუმართა კარში 11-მეტრიანი დანიშნა, რომელიც ნინუამ ზუსტად შეასრულა და დუბლი მიითვალა. დინამო ანგარიშში წინ გავიდა - 2:1.

📺 11-მეტრიანის ეპიზოდი

📺 2:1 ნინუა (75')

მიუხედავად იმისა, რომ კაცნაკლულები თამაშობდა, საბურთალომ დარჩენილ დროში რამდენიმე მწვავე მომენტი კიდევ შექმნა დინამოელთა კართან, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ლიგაში ლევან მჭედლიძის დებიუტი შედგა, რომელიც მოედანზე კომპენსირებულ დროში გამოჩნდა.

დინამო თბილისს ამ გამარჯვების შემდეგ 61 ქულა გაუხდა და ბათუმის დინამოს გაუთანაბრდა, საბურთალო კი ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე, შეიძლება ითქვას, ტიტულის დასაცავად ბრძოლას გამოეთიშა. აი, კვირას, ანგისას ბაზაზე გასამართ მატჩზე კი, რომელშიც ერთმანეთის პირისპირ ბათუმისა და თბილისის დინამოები წარსდგებიან, ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული...

დინამო თბილისი 2:1 საბურთალო

გოლები: 0:1 კოხრეიძე 42', 1:1 ნინუა (69'), 2:1 ნინუა (პენ, 75').

გაძევება: ნიკა სანდოხაძე (67').

დინამო თბილისი (4-4-1-1): პერალესი - იაშვილი, მონხილი, კობოური, კაპლიენკო - დაფე (შულაია, 87'), პაპავა, შიშკა (ზარია, 50'), ქიმაძე - ნინუა, კარიკარი (მჭედლიძე, 90'). 

საბურთალო (4-2-3-1): კუპატაძე - მალი, სანდოხაძე, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი - ტერა (როლოვიჩი, 77'), ალთუნაშვილი - ტაბატაძე (58' ლაკვეხელიანი), დიასამიძე, კოხრეიძე (ჩაბრაძე, 66') - გაბედავა.

კომენტარები

ბოლო ამბები