Thumbnail
  • მადრიდელთა პრობლემები - ახალი რეალის კონტურები არ ჩანს
  • ზინედინ ზიდანი სხვა ტიპის მწვრთნელია, რეალს სხვა პრობლემები აქვს
  • უპირატესობის გოლებად გარდაქმნა არ გამოდის
  • ედენ აზარის ადაპტაცია ჯერ არ დასრულებულა

ბრიუგესთან გუშინდელი შეხვედრა მორიგი თამაში იყო, რომლითაც რეალის გულშემატკივარი კმაყოფილი ვერ იქნებოდა. შედეგები კატასტროფული არ არის - ესპანეთის ჩემპიონატშიც რეალი პირველ ადგილზეა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში ორი ვერმოგებული თამაშის მიუხედავად, ყველაფერი კვლავ მათ ხელშია. თუმცა, რეალის თამაში პრობლემურად გამოიყურება - სეზონის სტარტის პირველ 9 თამაშში რეალმა 5-ჯერ ვერ მოიგო.

📋 მეტი ამ თემაზე:

ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით ახალი რეალის კონტურები ჯერ კიდევ არ ჩანს, გუნდი ჯერჯერობით ვერც იმ ხარისხის ფეხბურთს აჩვენებს, რომელსაც გულშემატკივარი ელოდება და რაც მთავარია, არც ის ჩანს, თუ რა მიმართულებით ვითარდება გუნდი. ამ სტატიაში რამდენიმე ძირითად დაკვირვებას ნახავთ სეზონის სტარტზე რეალის თამაშის შესახებ.

არის კი ზიდანი შესაფერისი კანდიდატი?

ზინედინ ზიდანის სამწლიანი კარიერა მადრიდში, ფაქტობრივად, იდეალური იყო - სამი მოგებული ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის ჩემპიონატი. ამის მიუხედავად, ამ პერიოდში, ზიდანი უფრო იმ ტიპის მწვრთნელი იყო, რომელიც გუნდის რესურსების მაქსიმალურ მობილიზაციას ახდენდა, ვიდრე ის, ვინც გუნდის თამაშს ახლიდან ქმნიდა. 

ფლორენტინო პერესი და ზინედინ ზიდანი

ზიდანს უმაღლესი კლასის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, ძალიან გამოცდილი გუნდი ჰყავდა - შეუძლებელია მოდრიჩს, კრიშტიანოს, კროოსს და რამოსს ფეხბურთში რამე ახლიდან ასწავლო. ზიზუმაც მოახერხა და, ამ გუნდის შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენა. ამ როლში ფრანგი იდეალური იყო. ამის შესახებ ჩვენ დეტალურად უკვე დავწერეთ.

წაიკითხეზიდანის ფეხბურთი - როგორ შექმნა წაუგებელი რეალი და რას აპირებს ახლა

რეალში მეორედ მისვლის შემდეგ, ზიდანს უკვე სხვა ტიპის ამოცანები აქვს. მან ახალი გუნდი უნდა ააშენოს, თაობათა ცვლის პროცესს უხელმძღვანელოს და თამაში თავიდან შექმნას. ეს იმ ტიპის ამოცანაა, რომელიც ზიდანის ყველაზე ძლიერი მხარე აქამდე არ ყოფილა. სეზონის სტარტზე ვერავინ იტყვის, რომ ზიდანმა ამ ზაფხულში გუნდის სათამაშო კონცეფცია და სტრატეგია დიამეტრულად შეცვალა და ახალი ფუნდამენტი შექმნა. რეალი შედეგებს კვლავ კლასის ხარჯზე აღწევს - საქმე ის არის, რომ კლასი ამ გუნდს და მის მოთამაშეებს უდიდესი აქვთ, თუმცა ეს თაობა (მოდრიჩი, კროოსი, რამოსი, მარსელო) ასაკში შედის და მეტია ალბათობა, რომ დროთა განმავლობაში უფრო მოუკლებს, ვიდრე მოუმატებს.

მოკლედ, რეალმა იმ ტიპის მწვრთნელი მოიყვანა, რომლის ძლიერი მხარეც უფრო სხვა ტიპის პრობლემების გადაჭრაა, ვიდრე დღეს რეალს აქვს. ზიდანი საფეხბურთო უდიდესი ავტორიტეტია, თუმცა ვერავინ იტყვის, რომ სეზონის სტარტი მისთვის იოლი აღმოჩნდა.

გოლების შექმნის პრობლემა

იმ შოკიდან, რომელსაც კრიშტიანო რონალდოს წასვლა ჰქვია, რეალი დღემდე ვერ გამოვიდა. გუნდს აქვს უპირატესობა, თუმცა ამ უპირატესობის გოლებად გარდაქმნა უჭირს. ქარიმ ბენზემა ძალიან კარგი ფორვარდია, თუმცა მისგან ყოველ თამაშში გოლებს არ უნდა ველოდოთ. ამ ფორმაციის რეალში ძალიან ცოტაა ისეთი ფეხბურთელი, სტაბილურად გატანა რომ შეუძლია. კრიშტიანო ამ ყველა პრობლემას თავის თავზე იღებდა - მისი უნიკალური მოძრაობა და გახსნის უნარი რეალს მომენტების შექმნის გარანტიას აძლევდა. კრიშტიანოსთან ერთად, ზიდანმა სრულიად სამართლიანად აქცენტი ფლანგებიდან შეტევასა და ჩაწოდებებზე გააკეთა. კრიშტიანოს არყოფნაში რეალი აგრძელებს ამ ტიპის უპირატესობის შექმნას, თუმცა მის გარეშე უპირატესობას მომენტებად და დარტყმებად ვეღარ გარდაქმნის.

ატლეტიკოსთან რეალს 27 ჩაწოდება ჰქონდა, საიდანაც ადრესატამდე მხოლოდ ერთი მივიდა (ნაჩოს ჩაწოდება და ბენზემას დარტყმა). ამას დაემატა 10 დარტყმა საჯარიმოს გარედან (საჯარიმოდან მხოლოდ 4 იყო). ასე იყო ბრიუგესთან თამაშშიც - 14 კუთხური და 27 დარტყმა კარისკენ - ორივე გოლი კი ჩაწოდების შედეგად შეტევაში ჩართულმა დაცვითი ტიპის ფეხბურთელებმა შეაგდეს (რამოსი, კაზემირო). მათ გარეშე რეალის შემტევმა ხაზმა უპირატესობის გოლებად გარდაქმნა ვერ მოახერხა.

პრესინგი რომელიც არ მუშაობს

მაღალი პრესინგი ზიდანის ყველაზე ძლიერი მხარე არასოდეს ყოფილა. მეტიც, იმ ფონზე, როდესაც მოედნის ცენტრში უფრო შემქმნელი ფეხბურთელები თამაშობენ, რომელთა ყველაზე ძლიერი მხარე დაცვითი თამაში, ბევრი სირბილი და ორთაბრძოლები არ არის (კროოსი, ისკო, ხამესი), კაზემირო რეალის მთავარი ფეხბურთელი იყო - მოთამაშე, რომელიც ნახევარდაცვაში ბალანსს უზრუნველყოფს.

როგორც კი რეალი დიდი ძალებით უტევს, მის კართან მომენტები იქმნება. ასე შეაგდო ბრიუგემ ორივე გოლი.

ბრიუგეს პირველი გოლი რეალის კარში

არადა, რეალის დაცვა, როდესაც გუნდი მეორე ნომრად, დაცვიდან, თამაშობს, ძალიან კარგად გამოიყურება (მაგალითად, სევილიასთან შეხვედრა). მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ რეალის მცველები ცუდად გამოიყურებიან, პრობლემა ის არის, რომ რეალის ნახევარდაცვა ბურთის დაკარგვის შემდეგ, მას მალევე ვერ იბრუნებს და მეტოქეს ხშირად აძლევს უფლებას, ღია სივრცეებში მის დაცვას შეუტიოს.

აზარის ადაპტაცია გრძელდება

ედენ აზარის მადრიდული კარიერა მძიმედ დაიწყო. იდეალურ ფორმაში არც თვითონ აზარია და არც ის ჩანს, თუ როგორ აპირებს ზიდანი მისი პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას. პირველ თამაშებში აზარი ამოვარდნილად გამოიყურება. გასაგებია, რომ მას ადაპტაციისთვის დრო სჭირდება, თუმცა მადრიდში ბევრი დრო არავის აქვს.

აზარის საყვარელი მანევრი დრიბლინგით მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ ბურთიანად შესვლაა. პრობლემა ის არის, რომ მოედნის ცენტრში რეალს ისედაც სულ მცირე სამი მოთამაშე ჰყავს. აზარს თავის ზონებში ხშირად ხამესი, კროოსი ან უკან ჩამოწეული ბენზემა ხვდებიან. ეს მის სამოქმედო სივრცეს ამცირებს. რეალის განაპირა მოთამაშეები ზიდანის ხელში მუდამ უფრო ფლანგისკენ მანევრზე იყვნენ მიმართულნი, ვიდრე ცენტრისკენ შემოწევაზე.

დაახლოებით, იმავე ტიპის მანევრს (ფლანგიდან ცენტრისკენ) იყენებს ხოლმე გარეთ ბეილი, რომელიც ასევე ძალიან კარგი ფეხბურთელია, თუმცა ზიდანის რეალს ბოლომდე ვერ მოერგო. ზიზუს მოუწევს აზარისთვის სწორი ტაქტიკური მოდელის შექმნა.

რეალს მარსელო ძალიან სჭირდება

იმ ფონზე, რომ მარჯვნივ რეალს უფრო დაცვითი დანი კარვახალი ჰყავს, რეალის მარცხენა ფლანგი შეტევის ორგანიზებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რეალის შეტევების 41 პროცენტი სწორედ მარცხნიდან მიდის - ეს ძალიან დიდი რიცხვია. როდესაც ფლანგზე მარსელოს ნაცვლად მენდი, ან მით უმეტეს, ნაჩო თამაშობს, რეალს მარცხნიდან გამწვავება ძალიან უჭირს. მით უმეტეს, რომ ედენ აზარი, როგორც აღვნიშნე, ფორმაში ჯერ კიდევ არ არის.

მენდი და ნაჩო მარსელოს შეტევაში ვერ შეედრებიან. დიდწილად სწორედ მარსელოს დამსახურება იყო, რომ რეალმა ბრიუგესთან მეორე ტაიმში დაბრუნება შეძლო. მისი კონკურენტებისგან განსხვავებით, მარსელო არამარტო კარგად ამწვავებს დრიბლინგით და კარგი ჩაწოდება აქვს, არამედ ძალიან კარგად ქმნის სივრცეს პარტნიორებისთვის - მეტოქე იძულებულია, ფლანგზე მას მჭიდროდ ეთამაშოს - ეს კი ცენტრში სივრცეს ათავისუფლებს.

ამავე დროს, მასთან ერთად რეალს უფრო იოლად ამოაქვს ბურთი პრესინგიდან. ბრაზილიელს ყოველთვის შეუძლია თავისი დრიბლინგის და აქტიურობის ხარჯზე პრესინგიდან ამოსვლა. შემთხვევითი არ არის, რომ მარსელოს გამოსვლამდე ბრიუგეს პრესინგი რამდენჯერმე წარმატებული აღმოჩნდა და სწორედ პრესინგის შედეგად დაკარგული ბურთის წყალობით შეაგდეს ბელგიელებმა მეორე გოლი.

ბრიუგეს მეორე გოლი რეალის კარში
გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • სიტი
  • ბარსელონა
  • ლივერპული
  • რეალი
  • იუვენტუსი
  • პსჟ
  • ბაიერნი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები