Thumbnail

‘კურტუას არაფერს ვაბრალებ’ - ზიდანი ფეხბურთელების რეაქციით კმაყოფილია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რეალმა ბრიუგესთან მხოლოდ ფრეს მიაღწია
  • ზინედინ ზიდანი მეორე ტაიმით კმაყოფილი დარჩა

ჯერ 0:3 სტუმრად პარი სენ-ჟერმენთან, ახლა კი 2:2 საკუთარ ‘სანტიაგო ბერნაბეუზე’, ჯგუფის აუტსაიდერად მიჩნეულ ბრიუგესთან - 2 ტურის შემდეგ, მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში ბოლო ადგილზეა. ერთადერთი პოზიტივი, რაც მადრიდული გრანდის ქომაგებს ბრიუგესთან მატჩის შემდეგ შერჩათ, 0:2-ის ამოქაჩვა და გადარჩენილი ქულაა. აი, რა თქვა რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მატჩის შემდეგ:

🗨 “ეს ცუდი შედეგია, მაგრამ კარგია ის, რომ რეაქცია ვაჩვენეთ. პირველი 45 წუთით კმაყოფილები ვერ ვიქნებით. გავიმეორებ, რომ ჩვენი რეაქცია 0:2-ზე კარგი იყო, მაგრამ 1 ქულით უკმაყოფილო ვარ.”

🗨 “პირველი გოლი ცოტა სასაცილო იყო. კონცენტრირებულები არ ვიყავით და ბრიუგეს გავატანინეთ. მეტოქემ თავიდანვე შეგვიქმნა პრობლემები. პირველმა გოლმა ბრიუგეს თავდაჯერება შემატა, ჩვენ კი შოკში ჩაგვაგდო. შედეგად, მათ მეორეც გაიტანეს. პირველივე წუთიდან მეტი კონცენტრაციით უნდა გვეთამაშა.”

🗨 “ასეთ თამაშებში შესაძლებელია, რომ კონცენტრაცია დაკარგო. ეს არ არის იმის ბრალი, რომ ჩვენ მოგება არ გვინდოდა. ცხადია, ჩემპიონთა ლიგაში ყველა თამაშის მოგება გვსურს. როცა რეალი ბრიუგეს წნეხის ქვეშ მოაქცევს, მეტოქე ამას ვერ გაუძლებს. დღეს კი ასე არ მოხდა - განსაკუთრებით პირველ ტაიმში. სერხიო რამოსს ვეთანხმები, გუნდმა მეტად უნდა მოინდომოს. პირველი ტაიმი კარგად უნდა გავაანალიზოთ.”

🗨 “შესვენების შემდეგ კურტუა იმიტომ შევცვალე, რომ თავს კარგად არ გრძნობდა. კურტუაც და არეოლაც რეალის მეკარეები არიან, ყველას თავისი მოსაზრება აქვს, მაგრამ მატჩისთვის ყველა ფეხბურთელი მზად უნდა იყოს. კურტუას არაფერს ვაბრალებ.”

ბრიუგეს პირველი გოლი რეალის კარში

🗨 “ჩემპიონთა ლიგაში სუსტი მეტოქე არ არსებობს. ნებისმიერს შეუძლია ნებისმიერის დამარცხება. ჯგუფში ბოლო ადგილზე ყოფნა, რა თქმა უნდა, დიდი დარტყმაა, მაგრამ მუშაობას მშვიდად გავაგრძელებთ. ჯერ მხოლოდ ორი ტურია გასული.”

🗨 “შესვენებაზე ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მათ 45 წუთი ჰქონდათ თამაშის შემოსატრიალებლად. ფაქტია, რომ მეორე ტაიმში უკეთ ითამაშეს და ორი გოლიც გაიტანეს.”

კომენტარები

ბოლო ამბები