Thumbnail

'აბსურდში მიდიხარ' - როგორ გაცვალა დანი ოლმომ ბარსელონა ზაგრების დინამოზე

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • დანი ოლმოს ისტორია
  • ესპანელი დღეს ზაგრების დინამოს ლიდერია...

"მეუბნებოდნენ, რომ გავგიჟდი" - ამბობდა მიგელ ოლმო, ძველი ფეხბურთელი და მწვრთნელი. "ესპანეთში მეორე ლიგის გუნდს ვწვრთნიდი და იქ მაშინ უბრალოდ მანადგურებდნენ, ამბობდნენ, რომ ჩემი შვილის კარიერას ვღუპავ. მიატოვო ბარსელონა, თან მაშინ, როდესაც გუნდის კაპიტანი ხარ და ნაკრებშიც გიძახებენ, ძნელია..."

უკვე 5 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მისმა შვილმა - დანიელმა, იგივე დანიმ ბარსას ცნობილი აკადემია ლა მასია 16 წლის ასაკში დატოვა და სათამაშოდ ზაგრების დინამოში გადავიდა. არავინ არაფერს შეპირებია, არც დიდ ფულს, არც გარანტირებულ ადგილს ძირითადში. მას ბევრი გრანდი აკვირდებოდა, განსაკუთრებით მანჩესტერული კლუბები, თუმცა ოლმოს ოჯახმა მისი განვითარებისთვის ყველაფერს ზაგრები არჩია.

ოლმო დიდი ტალანტი გახლდათ, მაგრამ ოჯახს არ ჯეროდა, რომ იგი ბარსას პირველ გუნდამდე შეძლებდა მისვლას. მაგრამ ხორვატიის არჩევამ მაინც ყველა შოკში ჩააგდო, მიუხედავად იმისა, რომ ზაგრების დინამოს უამრავი მაღალი დონის მოთამაშე ჰყავს გაზრდილი და თავისი აკადემიით ევროპაში ცნობილია.

ოლმოს დინამოსთან უკვე მოწერილი ჰქონდა კონტრაქტზე ხელი, როდესაც ბარსაში ასაკობრივი გუნდის მწვრთნელისგან SMS-ი მიიღო "აბსურდში მიდიხარ, დანი... ხვალ ვარჯიში 10-ზე გვეწყება და მოდი, ნუ წახვალ." თუმცა ოჯახში გადაწყდა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებით და შემდეგ სარფიანად გაყიდვით ცნობილი ზაგრების დინამო მისი კარიერისთვის კარგი ნაბიჯი იქნებოდა.

ენდი ბარა ხორვატიაზე მომუშავე ესპანელი აგენტია, ზუსტად მას გაუჩნდა იდეა ოლმოს ზაგრებში წაყვანასთან დაკავშირებით და ერთ-ერთ თამაშზე მამამისს ეს იდეა გააცნო. "ბარსა ვერ შეეგუა ახალგაზრდის წასვლას, მუდამ წერდნენ წერილებს 'სად წახვედი?' 'ეს რა გააკეთე?'"

დანი ოლმოს საუკეთესო სეზონი ზაგრებში შარშან ჰქონდა, სადაც ჩემპიონატის საუკეთესოდ დაასახელეს, ასევე ევროპის ლიგაზე კარაგად ითამაშა, სადაც დინამო პლეი-ოფებამდე მივიდა და ბოლოს სეზონი ესპანეთის 21-წლამდელებთან ერთად ევროპის ჩემპიონობით დასრულდა, სადაც ფინალში გოლი გაიტანა.

ოლმო საბურთალოს წინააღმდეგ - ზაგრების დინამომ წელს ევროთასებზე საბურთალო დაამარცხა, მაკსიმირზე დანი ოლმომ ჯერ პეტკოვიჩს გაატანინა, ხოლო შემდეგ თვითონაც აიღო ომარ მიგინეიშვილის კარი.

ჩემპიონთა ლიგის გასულ ტურში დინამო ზაგრებმა ატალანტა 4:0 დაამარცხა, მას არც გაუტანია, არც საგოლე პასი შეუსრულებია, თუმცა ინსტატის მონაცემებით - 24 ორთაბრძოლა მოიგო, 12 წარმატებული დრიბლი ჰქონდა და მატჩის მიმდინარეობას მისი თამაში განსაზღვრავდა. კარგი დრიბლერი შესაძლოა წელსაც წასულიყო დინამოდან, თუმცა მისი სატრანსფერო ღირებულება - 40 მილიონი გახლდათ, რაც ხორვატიის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელისთვის დიდი თანხაა.

თუმცა თუ ასე თამაში განაგრძო, ამ თანხას რომელიმე გრანდი მაინც სიამოვნებით გადაიხდის. "ყველაფერი შეიცვალა, ახლა ამბობენ, რომ მართალი ვიყავი." - ამბობს მამამისი მიგელ ოლმო. შეგახსენებთ, რომ ზაგრების დინამო დღეს მანჩესტერში გვარდიოლას მანჩესტერ სიტის დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები