Thumbnail

დიდი იტალიური დერბის წინ - იუვენტუსი ჩამორთმეულ სკუდეტოს ჯიუტად ითხოვს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ტურინელები კალჩოპოლის სკანდალის გამო ჩამორთმეულ ტიტულს ითხოვენ
  • 2005/06 სეზონის გამარჯვებულად იუვენტუსის ნაცვლად ინტერი გამოცხადდა
  • სერია A-ს მომავალ ტურში ერთმანეთს ინტერი და იუვენტუსი ხვდებიან

ტურინის იუვენტუსი კვლავაც ითხოვს მილანის ინტერისთვის 2005/06 წლების ჩემპიონის ტიტულის ჩამორთმევას და მისთვის დაბრუნებას. იტალიური მედიის ცნობით, ტურინულმა კლუბმა შესაბამისი აპელაციით კიდევ ერთხელ მიმართა იტალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტულ ტრიბუნალს.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს 2005/06 წლების სეზონში ჩემპიონი იუვენტუსი გახდა, მაგრამ "კალჩოპოლის" სკანდალის შემდეგ, ტიტული მილანის ინტერს გადაეცა. მაშინ ტურინელებს ჯამში ორი საჩემპიონო ტიტული (ასევე 2004/05 წლების) ჩამოართვეს და გუნდი სერია B-ში დააქვეითეს.  

ტურინელებმა არაერთხელ გაასაჩივრეს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ აპელაციაზე ყოველ ჯერზე უარი მიიღეს. იუვენტუსი მაინც არ ნებდება და ეს მცდელობა უკვე საიუბილეო - 30-ეა.

საინტერესოა, რომ იტალიის ჩემპიონატის მე-7 ტურში, ერთმანეთს ინტერი და იუვენტუსი დაუპირისპირდებიან. შეხვედრა მილანში 6 ოქტომბერს, გაიმართება.

გასული 6 ტურის შემდეგ, სერია A-ს სატურნირო ცხრილს ინტერი 18 ქულით ლიდერობს. ანტონიო კონტეს გუნდს 2 ქულით ჩამორჩება იუვენტუსი. დღეს ტურინელები ჩემპიონთა ლიგაში ლევერკუზენს უმასპინძლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები