Thumbnail

'დაგუგლე რა, ძმაო!' - გვარდიოლამ ჯონი მარი გაიცნო და ბევრი ესაუბრა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

ცნობილი ბრიტანული პოსტ-პანკ ჯგუფის - სმიტსის წევრი, მსოფლიო მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გიტარისტი და მანჩესტერ სიტის ქომაგი - ჯონი მარი (#25) საყვარელი გუნდის მთავარ მწვრთნელს - პეპ გვარდიოლას გაესაუბრა.

გვარდიოლა და მარი საუბრობენ მანჩესტერულ ამინდზე, ადამიანურ ურთიერთობებზე, გიტარებზე, რუხი ფერის ჯემპრებზე და მემარჯვენე-პოპულისტურ პოლიტიკაზე, რასაც გვარდიოლა ასე ვერ იტანს.

ჯონი: როგორ ხარ? კარგად გამოიყურები... სანაკრებო შესვენებებისას ალბათ მანჩესტერის ამინდს გაურბიხარ ხოლმე...

პეპი: მადლობა. ამინდს არაუშავს, როდესაც იგებ... მაგრამ როდესაც აგებ და გარეთ ყველაფერი ნაცრისფერია, თან წვიმს, ეს ხასიათს აუარესებს! ახლა ჩამოვედი შვებულებიდან დომინიკის რესპუბლიკაში ვიყავი ცოლთან ერთად.

ჯონი: შესვენებები გუნდის სათამაშო ფორმას აუარესებს თუ პირიქით, კარგად იყენებ ხოლმე დროს?

პეპი: არ მომწონს, როდესაც თამაშებს ზედიზედ იგებ შესვენებები რითმიდან გაგდებს...

ჯონი: ფაბიან დელფი ჩემ ქუჩაზე ცხოვრობს, გუშინ დავინახე ღამე გარეთ გადიოდა...

პეპი: ალბათ საცეკვაოდ, რეივერია!

ჯონი: არ დამინახავს, ვხუმრობ...

პეპი: მივხვდი, რაც მოედანს გარეთ ხდება რა თქმა უნდა ეგეც მაინტერესებს, მაგრამ დიდად არა, თუ პროფესიონალი ძილის რეჟიმის დაცვას ვერ ახერხებს, შაბათს ვერ ითამაშებს, მომდევნო წელს კი მოუწევს ჩემი გუნდიდან წასვლა.

ჯონი: ჩემ პროფესიაშიც ასეა, არსებობენ მუსიკოსები, რომლებსაც დიდი ამბიციები აქვთ, მაგრამ თავს არ უვლიან, არ შრომობენ... შენ როგორ მოხვდი ფეხბურთში?

პეპი: სანტპედორში დავიბადე და გავიზარდე, 70 კილომეტრია ბარსელონადან. მამაჩემი ბარსას ფანი იყო. სოფელში მანქანას ვერ ნახავდით, სახლში მარტო საჭმელად ვჩერდებოდი, მთელი დღე ქუჩა და ბურთი...

ჯონი: ეს მუშათა კლასის ამბავია - ქუჩა და ბურთი მთელი დღე, ყველგან ასეა.

პეპი: კი, ზუსტად. კარიერა ცენტრალურ ამერიკაში დავასრულე, ყველგან სადაც მივდიოდი, ღარიბ უბნებში ყველა ბურთს აგორებს. ჩემ შვილებს არასოდეს უთამაშიათ ქუჩაში, ისინი ბარსელონაში გაიზარდნენ, დიდ და გადატვირთულ ქალაქში.

ჯონი: ხალხი როდესაც შენზე საუბრობს, ამბობენ რომ პერფექციონისტი ხარ? მართლა ასეა?

პეპი: კი, მარტივი ფილოსოფიაა - ყოველთვის მგონია, რომ უკეთ შემეძლო. ადრე მოწინააღმდეგის გარჩევას 12 საათს ვანდომებდი, ახლა ამას ჩემი ასისტენტები აკეთებენ და დიდი დროის დაზოგვაში მეხმარებიან. მაგრამ ეს საქმე ყოველთვის მიყვარდა, თუმცა სახლში ადრე წასვლა და ღვინის სმაც მიყვარს.

ჯონი: რამდენად აგრესიული ხარ ხოლმე?

პეპი: ნაკლებად იმასთან შედარებით, როგორც კარიერის დასაწყისში ვიყავი. მაგრამ ახლაც ვბრაზდები, ფეხბურთელმა უნდა დაინახოს, რომ გაბრაზებული ვარ, მოწყენილი ვარ, განვიცდი... დაინახონ, რომ არც მე ვარ რობოტი. იციან, რომ შემდეგ დღესაც მოუწევთ ჩემი ნახვა, მაგრამ საუზმის დროს არა... არ მინდა მათი ხილვა, გუშინ წავაგეთ!

ჯონი: უამრავ ჯგუფში დამიკრავს და ეს საქმე ყოველთვის მახარებს. მაგრამ ძალიან ვბრაზდები, როდესაც სიმღერას ვერ ვწერთ, ან ლაივზე ვიღაც ბოლომდე არ იხარჯება. მეორე დღეს სტუდიაში პირველი მივდივარ და ბოლო გამოვდივარ, ამ საქმეში ლიდერობა ჩემ ეგოსთან არ არი კავშირში, ფსიქოლოგიურად მარტივ აუცილებლობად ვთვლი... შენ როგორ უყურებ ხალხის მართვის ფენომენს შენ სფეროში?

პეპი: როგორც მუსიკოსები, ფეხბურთელებიც უბრალო ადამიანები არიან. ზოგჯერ მოწყენილები არიან, იმიტომ, რომ ცოლს გაშორდნენ, ან ბავშვი ჰყავთ ცუდად. ყოველთვის არ იცი რა ხდება მათ პირად ცხოვრებაში. ხალხი ფიქრობს, რომ ყველას პრობლემა უნდა მოვაგვარო, მაგრამ ჩემ პრობლემებს ვინ მიხედავს? მეც მინდა ვიღაც მყავდეს ვინც მეტყვის "კაი რა პეპ, ყველაფერი კარგად იქნება. მაინც მიაღწევ შენსას."

ჯონი: ანუ დახმარება შენც გჭირდება?

პეპი: რა თქმა უნდა! ჟურნალისტი მოდის პრესკონფერენციაზე და ფიქრობს რომ ჯადოქარი ვარ, თამაშის ყველა საიდუმლო ვიცი. არადა ეჭვებით სავსე ვარ, ბევრი რამის მეშინია, ცუდი მომენტები და ცუდი დღეები მეც მაქვს.

ჯონი: ბრიტანულ პრესას უფრო ადვილად უმკლავდები, ვიდრე გერმანულს და ესპანურს?

პეპი: სიმართლე რომ ვთქვა, ყველა ერთია: როდესაც იგებ, საუკეთესო ხარ, აგებ და ისეთებს წერენ თითქოს ვინმე მოკალი. მარტო მწვრთნელებზე არა, ფეხბურთელებიც იგივე დღეში არიან.

ჯონი: საშინელებაა.

პეპი: ჩემი მწერალი მეგობარი მეუბნებოდა ერთხელ - "მირჩევნია ჩემ წიგნზე კრიტიკული რეცენზია დაწერონ, ვიდრე არავინ არ წაიკითხოს" - ასეა, მირჩევნია ჩემ გუნდზე ბევრი წერონ, ვიდრე არაფერი და ცარიელ სტადიონზე ითამაშოს გუნდმა. მუსიკაშიც ალბათ ასეა, არასოდეს მოგინდება ისეთი სიმღერის დაწერა, რომელსაც არავინ მოუსმენს.

ჯონი: მესმის შენი, მაგრამ ეს პროცესი მერე შეუჩერებელი ხდება. ჩემი პირველი ჯგუფი, სადაც დაკვრა 18 წლის ასაკში დავიწყე, პოპულარული ძალიან მალე გახდა, მაგრამ ეს ჯგუფი მერე დავტოვე, რადგან უკვე სიგიჟეში გადავიდა ეს ყველაფერი.

პეპი: სმიტს გულისხმობ?

ჯონი: ჰო... გრძელი ისტორიაა. სმიტსი 30 წლის წინ დავტოვე და მას შემდეგ კიდევ ბევრ ჯგუფში დავუკარი. ხალხი სულ მეკითხება "როდის დაბრუნდებით? როდის დაბრუნდებით?" - მე კიდევ ვფიქრობ და ვპასუხობ "დაგუგლე რა, ძმაო..."

პეპი: "დაგუგლე რა!" - მომწონს ეს პასუხი.

ჯონი: ფეხბურთელებთან ურთიერთობაზე საუბრობდი, რაჰიმ სტერლინგი როდესაც რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყვეს მაშინ მოვიდა და გკითხა რამე?

პეპი: არა, არაფერი უკითხავს. დიდი კაცია. რაჰიმი ცნობილი ფიგურაა, დიდ გუნდში თამაშობს და ნაკრების წევრია. ეს კარგი მაგალითი იყო ახალგაზრდებისთვის გამოსაფხიზლებლად - რასიზმი არსად წასულა, ისევ აქაა.

ნახეთ რა ხდება ევროპაში, იტალიაში, ბრიტანეთში... პოპულისტი პოლიტიკოსები ახალ სიმაღლეებს იპყრობენ, ნახეთ რა მოხდა იგივე ჩემ ქვეყანაში, კატალონიაში. დემოკრატიულად არჩეული მთავრობა გაქცეულია იმის გამო, რომ ხალხს კითხეს უნდოდათ თუ არა დამოუკიდებლობა, ამიტომ ვატარებ ყვითელ ბაფთას.

ჯონი: გუნდში მოსვლამდე, იცოდი, რომ სიტის ამდენი მაგარი მუსიკოსი ქომაგობდა?

პეპი: ვიცოდი, რომ მანჩესტერში ერთ დროს მუსიკის ბუმი იყო, მაგრამ ბევრი არაფერი. ახლა ყველაფერი ვიცი! სანამ წავალ ფირფიტის ყდაზე ხელი მომიწერე, გპირდები მერე ფირსაკრავსაც ვიყიდი!

ჯონი: სიამოვნებით. მაგრამ ეს თუ ebay-ზე მოხვდება, პეპ, მეცოდინება, რომ შენ ხარ! ასევე, საკუთარ გიტარის მედიატორსაც გაჩუქებ.

პეპი: მედიატორს ჯიბეში ჩავიდებ და სეზონის ბოლომდე ვატარებ, როგორც თილისმას. რამდენი გიტარა გაქვს ისე? მილიონი?

ჯონი: რავი, ბევრი... შენ რამდენი რუხი ჯემპრი გაქვს?

პეპი: ბევრი, ძალიან ბევრი! მაგრამ ჯემპრს უფრო ადვილად იშოვი, ვიდრე გიტარას.

ჯონი: სანამ წავალ, მადლობა მინდა გადაგიხადო იმისთვის, რაც სიტისთვის გააკეთე. სიტის 1972 წლიდან ვქომაგობ და ეს გუნდი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ეს სიტყვები ვუთხარი ვენსან კომპანის და კიდევ რამდენიმე კაცს. აქ მოგებაზე არაა საუბარი, მთავარია სიტის ფეხბურთელები ფორმაში იყვნენ და კლუბი უყვარდეთ. 90-იანებში რამდენიმე კარგი მოთამაშე გვყავდა, მაგრამ ფორმაში არ იყვნენ და თავდადებაც აკლდათ. ვხედავ, რომ თქვენ ამ ყველაფერს ცდილობთ და ამიტომ მიყვარხართ.

კომენტარები

ბოლო ამბები