Thumbnail

ჯერ იჩხუბეს, შემდეგ იქეიფეს - საქართველო-ყაზახეთის ამერიკული ფეხბურთი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრებმა თბილისში ყაზახეთს უმასპინძლა
  • ამხანაგური მატჩი ჩხუბის გამო ჩაიშალა, სტუმართა მოთამაშე კი კლინიკაში მოხვდა  
  • ინციდენტის მიუხედავად, მხარეები მეგობრულ ურთიერთობას შეინარჩუნებენ 

თბილისში, შევარდენის სტადიონზე გამართული მატჩი, რომელშიც ერთმანეთს საქართველოს და ყაზახეთის ამერიკული ფეხბურთის ნაკრებები ამხანაგურად ეთამაშებოდნენ, მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა. შეხვედრის საფინალო სასტვენამდე წუთით ადრე, როდესაც ანგარიში სტუმართა სასარგებლოდ 22:12 იყო, მეტოქე გუნდების ფეხბურთელები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ირკვევა, ყაზახეთის ნაკრების ერთ-ერთი მოთამაშის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაყვანაც გახდა საჭირო...

📺 ჩხუბი საქართველო-ყაზახეთის ნაკრებების მატჩში

სასტიკი ჩხუბი ქართველებსა და ყაზახებს შორის ამერიკულ ფეხბურთში

სასტიკი ჩხუბი ქართველებსა და ყაზახებს შორის ამერიკულ ფეხბურთში

Posted by ქართული ძიუდო - Georgian Judo on ორშაბათი, 30 სექტემბერი, 2019

მომხდართან დაკავშირებით ყაზახეთის ნაკრების მოთამაშე რუსტემ ამანგელდინოვმა ამერიკული ფეხბურთის საიტს, First & Goal-ს უამბო:

"ჩვენს მოთამაშეს, N33-ს მეტოქე გუნდის N80-მა სახეში ჩაფხუტი ჩასცხო და ქართველების მთელი გუნდი წამოვიდა. მანამდეც იყო პატარ-პატარა უსიამოვნო ეპიზოდები - ბინძურად თამაში მასპინძლებისგან. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა და მწვრთნელებმა ბოდიში მოგვიხადეს, ჩხუბში მთავარ დამნაშავე თავიანთ მოთამაშეებს კი სამუდამო დისკვალიფიკაციები მისცეს. ქართულმა მხარემ სრულებით დააფინანსა ჩვენი ერთ-ერთი მოთამაშის საავადმყოფოში მკურნალობა, რომელსაც ვარაუდობდნენ, რომ ნეკნი ჰქონდა გატეხილი".

წყაროს საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დავით ფალავანდიშვილიც ესაუბრა: 

"ბოლო წუთზე უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. ყაზახმა მოთამაშემ ქართველის პროვოცირება სცადა, რასაც ჩხუბი მოჰყვა. ყაზახეთის ნარკების ერთი მოთამაშე დაზარალდა, რომელიც უმალ საავადმყოფოში გადავიყვანეთ, სადაც გამოსაკვლევად ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარდა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად აღმოჩნდა. შემდეგ ის თავად გადავიყვანე სასტუმროში. თამაშის შემდეგ, ყაზახეთის მთელ ნაკრებთან ერთად რესტორანში დავსხედით - გავმხიარულდით და ყველამ დავივიწყეთ ინციდენტი. ახლა ყველაფერი ნორმალურადაა, ყოველდღიურად ვუკავშირდები მათ და ვეხმარები, რითაც შემიძლია. სანქციები აუცილებლად იქნება. ვფიქრობ, რამდენიმე მოთამაშე დისკვალიფიკაციით დაისჯება, ჩხუბის დამწყებებს კი საერთოდ აეკრძალებათ ამერიკული ფეხბურთის თამაში. ინციდენტს კომისია გამოიძიებს".

🎙 საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის განცხადება:

კომენტარს აკეთებს ყაზახეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი პაველ ფილიპოვიც, რომელიც ქართველებთან ურთიერთობის შესახებ საუბრობს: 

"ქართველები ჯერ კიდევ 2015 წელს გავიცანით, როდესაც ამხანაგური მატჩის სათამაშოდ თურქეთში ჩავედით. მათგან 15 მოთამაშე იყო, ჩვენგან - 5 და ადგილობრივ გუნდს ვეთამაშეთ. 2018 წელს, როდესაც საქართველოში აქტიურად დაიწყეს ამერიკული ფეხბურთის განვითარება, მათგან მიწვევა მივიღეთ, მაგრამ ფინანსური სირთულეების გამო, დათანხმება მხოლოდ ახლა შევძელით. წელს საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ფედერაციამ ფინანსები გამოგვიყო - 3 000 აშშ დოლარი, რისი წყალობით 17 მოთამაშის წაყვანა შევძელით.

თამაშის დროს ემოციების მოზღვავება შეინიშნებოდა, მაგრამ ჩხუბში თუ გადაიზრდებოდა, ვერავინ იფიქრებდა. საქართველოში ძალიან კარგად მიგვიღეს, რაშიც მართლა მაგრები არიან! ერთი წამითაც ვერ წარმოვიდგენდით, რომ მოედანზე ასეთი რამე შეიძლებოდა მომხდარიყო. იყო დაპირისპირება, კამათი, მაგრამ ეს სათამაშო ეპიზოდებია.

ჩვენი მოთამაშეების ამოცანა, ღირსეულად მოქცევა იყო. ყველამ კარგად დაინახა, რაც მოხდა. ვინ იყო მართალი და ვინ - დამნაშავე. ქართველების მთელი გუნდის დადანაშაულება არასწორი იქნება - სამარცხვინოდ ცალკეული მოთამაშეები მოიქცნენ. ჩვენ შორის კვლავაც თბილი და მეგობრული ურთიერთობა რჩება. 250 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა არ იქნება. შევეცდებით, რომ ამხანაგური მატჩი ალმათიშიც ჩავატაროთ და ყველაფრის ორგანიზებას უმაღლეს დონეზე შევეცდებით. ურთიერთობის გაფუჭებაზე საუბარიც კი არაა".

კომენტარები

ბოლო ამბები