Thumbnail

გია ცეცაძე ახალგაზრდულ ნაკრებს ტოვებს? ქართველს აზერბაიჯანში იწვევენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავკაცს აზერბაიჯანში იწვევენ
  • 45 წლის ქართველი სპეციალისტით ბაქოს საბაჰია დაინტერესებული
  • ცეცაძე ბაქოშია, მოლაპარაკება კი უახლოეს მომავალში უნდა გაიმართოს  

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გია ცეცაძის მიწვევით აზერბაიჯანული კლუბია დაინტერესებული. azerisport-ის ინფორმაციით, 45 წლის ქართველი სპეციალისტი ბაქოში საფეხბურთო კლუბმა საბაჰმა მოლაპარაკებებისთვის მიიწვია. 

წყაროს ინფორმაციით, საბაჰი მთავარი მწვრთნელის ვაკანტურ თანამდებობაზე ორ სპეციალისტს განიხილავს - გია ცეცაძესა და უკრაინელ იური ვერნიდუბს. როგორც ირკვევა, ორივე კანდიდატი აზერბაიჯანში იმყოფება და ჩემპიონატის ბოლო ტურში, საბაჰი-საბაილის (3:0) მატჩსაც დაესწრო. საბაჰსა და მწვრთნელებს შორის მოლაპარაკება დღესაა დაგეგმილი, რის შემდეგაც აზერბაიჯანული კლუბის სამეთვალყურეო საბჭო საბოლოო არჩევანს გააკეთებს.

გია ცეცაძის გუნდმა ახლახან ბაქოში ანგარიშით 3:0 გაიმარჯვა
📸 | სფფ

საბაჰს ამჟამად მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი, იგორ პონომარიოვი ხელმძღვანელობს. გუნდს აზერბაიჯანის ჩემპიონატში გასული 6 ტურის შემდეგ 5 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-7 ადგილს იკავებს.

გია ცეცაძე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს 2017 წლის ბოლოდან წვრთნის. მანამდე მას სამტრედიასა და გორის დილაში უმუშავია, განსაკუთრებით წარმატებული კი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში იყო, რომელიც 2013 წელს, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე ათამაშა.

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გამოდის. ცეცაძის გუნდმა მე-2 ჯგუფში ორი მატჩი ჩაატარა - შინ ლიხტენშტაინს მოუგო (4:0), სტუმრად კი - აზერბაიჯანს (3:0) და 6 ქულით ლიდერია. მომდევნო მატჩს ქართველი 21-წლამდელები სტუმრად შვეიცარიელ თანატოლებთან, 11 ოქტომბერს გამართავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები