Thumbnail
  • მსოფლიოს 8 ქართველი ჩემპიონი 34 დღეში
  • ტოკიო - ნურ-სულთანი - პატაია

ყველაფერი ძიუდოს სამშობლოში 25 აგვისტოს დაიწყო, როცა მსუბუქწონოსანმა ლუხუმ ჩხვიმიანმა ძიუდოს სამყარო აალაპარაკა და ტოკიოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიგო. ქართველ სპორტსმენთა წარმატებების კულმინაცია კი სიამის ყურეში ლაშა ტალახაძის ტრიუმფი გამოდგა, რომელმაც 27 სექტემბერს მსოფლიოს ჩემპიონობას 3 მსოფლიო რეკორდი დაუმატა. ეს ერთთვიანი მონაკვეთი ოქროს პერიოდი გამოდგა ქართული სპორტისთვის...

25 აგვისტოდან 27 სექტემბრამდე შუალედში 8 ქართველმა ათლეტმა მოიპოვა პლანეტის ჩემპიონის ტიტული ოლიმპიურ სახეობებში. ასეთი საოცარი თვე ადრე ქართული სპორტის ისტორიაში არ გვახსენდება. ბუნებრივია, აქ ოლიმპიურ თამაშებს არ ვგულისხმობთ, ის კიდევ სულ სხვა განზომილებაა..

1. ვინ თქვა ჩხვიმიანი ტურისტად მიდისო...

არ ვიცით ვინ თქვა ეს სიტყვები, მაგრამ ფაქტია, ამ ფრაზამ მომავალ მსოფლიოს ჩემპიონს მოტივაცია გაუათმაგა და მანაც ძიუდოს სამშობლოში პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. მსოფლიოს ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე 60 კილო წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა 7 ორთაბრძოლა მოიგო და სულ მე-7 ძიუდოისტი გახდა, ვინც საქართველოს სახელით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა! როგორც აღმოჩნდა, ტოკიოს მსოფლიოს ჩემპიონატზე ეს ერთადერთი ქართული ოქრო იყო.

2. ოქრო 12-წლიანი პაუზის შემდეგ

ძიუდოისტებისგან ესტაფეტა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა გადაიბარეს. 14 სექტემბერს ყოფილ ასტანაში (ნურ-სულთანი) მსოფლიოს ჩემპიონატიც ქართული ტრიუმფით დაიწყო და თან ეს ორმაგი იყო. პირველმა 55 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ნუგზარ წურწუმიამ გაიმარჯვა. პირველ დღეს ის ფინალში გავიდა, 15-ში კი მასპინძელი მეტოქეც 9:0 გაანადგურა. ბერძნულ-რომაულ ჭიდაოაბში ეს დიდი მოვლენა იყო ქართული სპორტისთვის, რადგან აქამდე ამ სახეობაში 12 წლის განმავლობაში არ გვყოლია მსოფლიოს ჩემპიონი.

3. ორი ოქრო ერთ დღეს

პირველს მეორე წუთებში მოყვა - ფინალში ლაშა გობაძეც იყო გასული და მანაც გვასახელა - 82 კილოში მოასპარეზე ქართველმა ფინალში აზერბაიჯანელი ჰუსეინოვი დაამარცხა და საქართველოს მეორე ოქროს მედალი მოუტანა. ასე რომ, 15 სექტემბერს ჩვენ ორი ოქრო მოვიპოვეთ. 

4. გენო, ზედიზედ მესამედ!

თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ოქროს ტურნირის ბოლოსკენ მოესწრნენ - ჩვენი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი ფინალში ტრადიციულ მეტოქეს, თურქ ტაჰა აკგულს დაეჭიდა. ეს იყო ჭიდაობის კლასიკა თავისუფალში, რომელიც გენომ მოიგო და ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. 

5. დამარცხებული რუსი

მეორე დღეს კიდევ ერთ ოქროს ველოდით - ბექა ლომთაძე რუს იდრისოვს ხვდებოდა. 61 კილოში მოასპარეზე ქართველმა  ფინალი 6:1 მოიგო და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა! 

6. მსოფლიოს ჩემპიონი ატაცში

ძიუდოდან ჭიდაობამდე, ჭიდაობიდან - ძალოსნობამდე - ტაილანდის ქალაქ პატაიაში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა და აბა, უქართველებოდ როგორ... 23 სექტემბერს რევაზ დავითაძემ ატაცში 172 კილოგრამი დააფიქსირა და მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა. ორჭიდის ჯამში ის ბრინჯაოს დასჯერდა. 

7. სენსაციური ანტონი

უკრაინიდან საქართველოში გადმოსულმა ანტონ პლესნოიმ ნამდვილი სენსაცია მოახდინა - ძალოსანმა ატაცში 181 კილოგრამის აწევით მცირე ოქროს მედალი მოიპოვა და ორჭიდის ჯამში დავითაძის დარად ბრინჯაოს შეწვდა.

8. ყველაზე ძლიერი მსოფლიოში

კულმინაცია სოხუმის დაცემის დღეს, 27-ში ვიხილეთ - ჩვენმა საუკეთესო სპორტსმენმა ლაშა ტალახაძემ უახლოეს კონკურენტს 24 კილოგრამით აჯობა და თან მსოფლიოს სამი რეკორდი დაამყარა - ჯამში მან 484 კილოგრამი დაძლია. ლაშა ტალახაძე უკვე 4-გზის მსოფლიოს ჩემპიონია!  

კომენტარები

ბოლო ამბები