Thumbnail
  • ქართველი ფორვარდი მადრიდში სამ ქულას დასჯერდა
  • გრან კანარიას მომდევნო მატჩი 6 ოქტომბერს ელის

ბექა ბურჯანაძის გრან კანარიამ ახალი სეზონი წარუმატებლად დაიწყო. ქართველი კალათბურთელის გუნდი ესპანეთის ჩემპიონატის საწყის ტურში, შინ, სარაგოსასთან 73:79 დამარცხდა, დღეს კი, მადრიდში ესტუდიანტესთან 78:82 წააგო.

ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა, შედეგიანი თამაში არ ჰქონია. ქართველმა მძიმე ფორვარდმა მოედანზე 15:42 წუთი გაატარა და 3 ქულა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ბექამ 2-დან 1 ორქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა.

გრან კანარია სეზონში პირველი გამარჯვების მოპოვებას 6 ოქტომბერს ეცდება, როდესაც მანრესას ესტუმრება, მე-2 ტურის ცენტრალური შეხვედრა კი, დღეს საღამოს კატალონიაშია დაგეგმილი, სადაც ბარსელონა თორნიკე შენგელიას ბასკონიას უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები