Thumbnail
  • რუსეთის გრანპრი ლუის ჰემილტონმა მოიგო
  • სებასტიან ფეტელს ბრწყინვალე სტარტი ჰქონდა, მაგრამ მერე პრობლემა შეექმნა

ფერარის ტრიუმფების მცირეხნიან პერიოდს ბოლო მოეღო!

რუსეთის დრამატული გრანპრი ლუის ჰემილტონმა მოიგო. ბრიტანელმა სტარტი მეორე პოზიციიდან აიღო და ერთ მომენტში მას ორივე ფერარი უსწრებდა. შეგახსენებთ, რომ ზაფხულის პაუზის შემდეგ, სამივე რბოლა (სპა, მონცა, სინგაპური) იტალიელებს ჰქონდათ მოგებული.

სოჭის ტრეკზე პოული შარლ ლეკლერს (ფერარი) ჰქონდა მოგებული, ჰემილტონი მეორე იყო, სებასტიან ფეტელი კი - მესამე. მაგრამ ფერარის გერმანელმა პილოტმა ბრწყინვალე სტარტი აიღო - ჯერ ჰემილტონს გაასწრო, მერე კი ლეკლერსაც. ფეტელი სტარტიდან სულ რაღაც 890 მეტრში გალიდერდა!

ფეტელის ძალიან მაგარი სტარტი

სება სწრაფ წრეებს გადიოდა, ლიდერობას იმტკიცებდა, მაგრამ უიღბლობამ რბოლა შეაწყვეტინა, ფეტელმა ჯერ პიტსტოპზე დაკარგა პირველი ადგილი, მერე კი, 28-ე წრეზე მას ძრავის ჰიბრიდულმა სისტემამ უმტყუნა.

“დააბრუნეთ V12 ძრავა!” - ყვიროდა ფეტელი რაციაში. შეგახსენებთ, რომ V12-ს ამჟამინდელი V6-სგან განსხვავებით, ჩახლართული ჰიბრიდული სისტემა არ ჰქონდა.

ფეტელის გავარდნამ ვირტუალური Safety Car-ის გამოჩენა გამოიწვია, რაც მერსედესმა ჰემილტონისთვის საბურავების შესაცვლელად გამოიყენა. სრულყოფილი თაიმინგის გამო ბრიტანელი გალიდერდა. ლეკლერმა ამაზე რეაგირება ვეღარ შეძლო და ბოლოს სულაც მესამე ადგილი დაიკავა. მეორეზე კი ჰემილტონის თანაგუნდელი ვალტერი ბოტასი გავიდა.

“ძალიან მაგარია, რომ ეს რბოლა მოვიგეთ. თავიდან არ გვეგონა, რომ ეს მოხდებოდა. ფერარი დაუჯერებლად სწრაფი იყო,” - ეს ჰემილტონის სიტყვებია.

16 რბოლის შემდეგ, საერთო ჩათვლაში ლუის ჰემილტონი ახლა უკვე 322 ქულით ლიდერობს. მეორე ადგილზე მერსედესის მეორე პილოტი ვალტერი ბოტასია - 249 ქულით. შარლ ლეკლერს 215 ქულა აქვს და მესამეა, მაქს ფერსტაპენი კი - 212 ქულით მეოთხე პოზიციაზეა. სებასტიან ფეტელს 194 ქულა აქვს.

კონსტრუქტორთა თასზე მერსედესი 571 ქულით ლიდერობს. ფერარის 409 ქულა აქვს, რედ ბულს - 311.

გამოკითხვა

ვინ გახდება ჩემპიონი 2019 წელს?

  • ლუის ჰემილტონი
  • სებასტიან ფეტელი
  • მაქს ფერსტაპენი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები