Thumbnail
  • ქართველმა ჩოგბურთელმა შარშან პეკინში 500 ქულა გამოიმუშავა
  • ბასილაშვილის ბადის ნახევარში ზვერევი, ბაუტისტა აგუტი და მონფილსიც არიან

27 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში იმყოფება, სადაც მომავალ კვირას ადგილობრივი ღია პირველობის (საპრიზო ფონდი 3 666 275 დოლარი) ზედიზედ მეორედ მოგებას ეცდება.

შეგახსენებთ, რომ ნიკამ შარშან ამერიკელ ჯეკ სოკს, ესპანელ ფერნანდო ვერდასკოს, ტუნისელ მალეკ ჯაზირის, ბრიტანელ კაილ ედმუნდს და არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს სძლია და 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, ამდენად, დიდი შრომა მოუწევს, რათა რეიტინგში მიმდინარე მე-17 ადგილი შეინარჩუნოს.

ჩინური შეჯიბრის ტვიტერის გვერდმა მოქმედ ჩემპიონს წარმატება უსურვა და ბასილაშვილის მცირე ვიდეოც გამოაქვეყნა. "მოგესალმებით ყველას. მე ნიკოლოზი ვარ და პეკინში ტიტულის დასაცავად ვბრუნდები", - ამბობს საქართველოს პირველი ჩოგანი.

უკვე ცნობილია, რომ პეკინის ტურნირის საწყის წრეში ბასილაშვილის მეტოქე არგენტინელი გუიდო პელა იქნება, რომელიც კლასიფიკაციაში მეოცეა. 27 წლის ქართველი 29 წლის სამხრეთამერიკელს ერთხელ შეხვედრია და 2018 წლის აშშ-ს ღია პირველობაზე 6:3, 6:4, 1:6, 7:6 (7:4) აქვს მოგებული.

არგენტინელის დამარცხების შემთხვევაში, ბასილაშვილი 45 სარეიტინგო ქულას დაიცავს, მისი მომდევნო მეტოქე კი მე-3 ნომრად განთესილ სტეფანოს ციციპასს და სერბ დუშან ლაიოვიჩს შორის უმჯობესი იქნება.

საერთოდაც, ნიკოლოზს იოლი გზა ნამდვილად არ აქვს, რადგანაც ბადის მის ნახევარში გერმანელი ალექსანდერ ზვერევი, ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი, ფრანგი გაელ მონფილსი, ამერიკელი ჯონ ისნერი და ხსენებული ვერდასკოც იმყოფებიან.

ნიკამ შარშანდელ ტურნირზე ხუთ მეტოქეს აჯობა

აქვე ვთქვათ, რომ მიჯრით მე-3 ტურნირის მოგება ვერ მოახერხა ეკატერინე გორგოძემ. ქართველმა ჩოგბურთელმა ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში მიმდინარე 60-ათასიანი შეჯიბრის მეოთხედფინალში რუმინელ ირინა მარია ბარასთან 4:6, 0:6 წააგო. წყვილთა ნახევარფინალში გორგოძე და ჰოლანდიელი არანჩა რუსი იმავე ბარასთან და ესპანელ მასაროვასთან 6:4, 5:7, 7:10 დამარცხდნენ.

ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში ჩატარებული 15-ათასიანი ტურნირის ნახევარფინალში მე-2 ნომრად განთესილ სლოვენიელ ნასტია კოლართან 1:6, 4:6 წააგო 17 წლის ზოზია ქარდავამ, ხოლო გიორგი ცივაძე და ყაზახი გრიგორი ლომაკინი ალმათის 25-ათასიანი შეჯიბრის ფინალში ბელარუს ივან ლუტარევიჩს და უკრაინელ ვლადისლავ მანაფოვს ვერ გაუმკლავდნენ – 5:7, 2:6.

კომენტარები

ბოლო ამბები