Thumbnail
  • ტორპედო ქუთაისი 1:2 დინამო ბათუმი
  • გოლები: 1:0 ციცქიშვილი (13), 1:1 მაჯგალაძე (15), 1:2 ჯოვინო (41-პენ)

ეროვნული ლიგის 29-ე ტურის ცენტრალური მატჩი წყალტუბოში გაიმართა, სადაც ქუთაისის ტორპედომ დინამო ბათუმს უმასპინძლა. მას შემდეგ, რაც თბილისის დინამომ ბოლნისის სიონთან ქულები დაკარგა (1:1), ბათუმელებს შესანიშნავი შანსი მიეცათ, რომ ლიდერის პოზიციები კიდევ უფრო გაემყარებინათ, რაც შეძლეს კიდეც. გია გეგუჩაძის გუნდმა 2:1 დაამარცხა მეტოქე და ქომაგები გაახარა - წყალტუბოში 300-მდე ბათუმელი ქომაგი იყო ჩასული. 

პირატები წყალტუბოშიც მრავლად ჩავიდნენ

თამაში ბათუმელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა პირველი გოლი სწორედ სტუმართა კარში გავიდა. ქუთაისელებმა მარჯვენა ფრთიდან შეუტიეს: გრიგოლ დოლიძის დარტყმის შემდეგ, ბურთი მიხეილ ალავიძემ მოიგერია, თუმცა დამატებაზე ზაზა ციცქიშვილმა ითამაშა და ანგარიში გახსნა.

1:0 ციცქიშვილი (13)

ბათუმელებმა გაშვებულ გოლზე სწორი რეაგირება მოახდინეს, კიდევ უფრო აქტიურად შეუტიეს და მალევე გაათანაბრეს. მარცხენა ფლანგიდან გიორგი ნავალოვსკის ჩაწოდებას გიული მანჯგალაძის ზუსტი დარტყმა მოჰყვა. გეგუჩაძის გუნდს სამი წუთი დასჭირდა ანგარიშის გასათანაბრებლად!

1:1 მანჯგალაძე (15)

სტუმრებმა ტემპი არ დააგდეს და ტაიმის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე მეორე გოლი გაიტანეს. ქუთაისელთა კართან კუთხური დაინიშნა, საჯარიმოში ჩაგდებული ბურთი კი მასპინძელთა მცველს ხელზე მოხვდა. მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც გოლად ფლამარიონ ჯოვინომ აქცია. ბათუმელთა ბომბარდირმა მე-15 გოლი მიითვალა!

1:2 ჯოვინო (41)

მეორე ტაიმში თამაშის სცენარი არ შეცვლილა. ბათუმელები აკონტროლებდნენ თამაშის რიტმს და კიდევ შეეძლოთ გოლის გატანა. ყველაზე ახლოს მიზანთან ფლამარიონ ჯოვინო იყო, რომელსაც მინიმუმ ჰეთთრიკის შესრულება შეეძლო. ბრაზილიელი კიდევ სამჯერ იყო ხელსაყრელ პოზიციაზე, მაგრამ ერთხელ როინ კვასხვაძემ აუღო, ორჯერ კი ააცილა ბურთი კარს.

ჯოვინოს მომენტი

დინამო ბათუმმა ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო! გია გეგიჩაძის გუნდს 29 ტურის შემდეგ 61 ქულა აქვს და ლიდერობს ჩემპიონატს. 58 ქულა და ერთით ნაკლები მატჩი აქვს თბილისის დინამოს, რომელიც გამოტოვებულ შეხვედრას 2 ოქტომბერს საბურთალოსთან გამართავს. 30-ე ტურში, 6 ოქტომბერს ძალიან საინტერესო მატჩი შედგება: ანგისას ბაზაზე დინამო ბათუმი დინამო თბილისს უმასპინძლებს!

ტორპედო 1:2 დინამო ბთ.

გოლები: 1:0 ციცქიშვილი (12), 1:1 მანჯგალაძე (15), 1:2 ჯოვინო (41-პენ.). 

ტორპედო (4-2-3-1): კვასხვაძე - მაჩაიძე (58. ტაბატაძე), ხურცილავა, ჭიჭინაძე, ნადარაია - ცეცხლაძე (75. ქორიძე), ფონიავა - დოლიძე, მოსიაშვილი (66. ჩოგაძე), ჩუკვურა - ციცქიშვილი.

დინამო ბთ. (4-2-3-1): ალავიძე - გეგეჭკორი, კობახიძე, გაგოშიძე, ნავალოვსკი - ტეიდი, მამუჩაშვილი (90. ჯანელიძე) - რამოსი (59. გაფრინდაშვილი), ჯოვინო, მანჯგალაძე - დვალიშვილი (80. თევდორაძე).

დინამოელებმა ქომაგს მადლობა გადაუხადეს

 

კომენტარები

ბოლო ამბები