Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების ლელოების დროს სტადიონზე რუსულ სიმღერას რთავდნენ
  • მილტონ ჰეიგმა და ჯაბა ბრეგვაძემ ორგანიზატორები გააკრიტიკეს

საქართველოს და ურუგვაის მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე 'ბორჯღალოსნების' კაპიტანმა ჯაბა ბრეგვაძემ და მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა თამაშის ორგანიზატორები გააკრიტიკეს. საქმე ეხება მელოდიას, რომელსაც თამაშის ორგანიზატორები “ბორჯღალოსანთა” ლელოების აღნიშვნის დროს რთავდნენ.

საუბარია ვალერი მელაძის სიმღერაზე "Чего ты хочешь от меня?", რომელიც იაპონელებმა, სავარაუდოდ გვარის გამო, ქართველ შემსრულებლად მიიჩნიეს, ენობრივი სხვაობისთვის კი ყურადღება საერთოდ არ მიუქცევიათ. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა ბრეგვაძემ და მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ეს ამბავი გამორჩეულად გააპროტესტეს.

“მინდა, მომენტი გამოვიყენო და თამაშის მომსახურე პერსონალს მეტი ყურადღებისკენ მოვუწოდო. მათ მატჩის დროს რუსული მელოდია ბევრჯერ ჩაგვირთეს და კარგი იქნება, თუკი ამ შეცდომას აღარ გაიმეორებენ” – აღნიშნა ბრეგვაძემ და მას მხარი ჰეიგმაც აუბა.

'კარგი იქნება, თუკი მსოფლიო რაგბი ამ მხრივ მეტ ყურადღებას გამოიჩენს!'

“თამაშისას გამოყენებული მუსიკა რუსული იყო. ამასთან დაკავშირებით, მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ რუსეთი საქართველო არაა და საქართველოც არაა რუსეთი. ჩვენ სხვადასხვა ენა, სხვადასხვა კულტურა და სხვა ყველაფერიც განსხვავებული გვაქვს. ამდენად, კარგი იქნება, თუკი მსოფლიო რაგბი ამ მხრივ მეტ ყურადღებას გამოიჩენს!” - დასძინა ჰეიგმა.

📺 ვიდეო: მილტონ ჰეიგის და ჯაბა ბრეგვაძის კრიტიკული კომენტარი მატჩის შემდეგ

შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნებმა” ურუგვაის ნაკრები 33:7 დაამარცხეს და 2019 წლის მსოფლიო თასის პლეი ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნეს. საქართველოს ნაკრებს მომდევნო მატჩი 3 ოქტომბერს ფიჯისთან ელის.

📋 მეტი ამ თემაზე: 

კომენტარები

ბოლო ამბები