Thumbnail

რა ღირს ერთი ღამე იუვეს სასტუმროში - ინფორმაცია ტურინში წამსვლელთათვის

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • იუვენტუსს ტურინში საკუთარი სასტუმრო აქვს
  • J Hotel სტადიონთან ახლოსაა და იქ, შეიძლება, სუპერვარსკვლავებს შეხვდეთ

იტალიაში იუვენტუსის მრავალწლიანი დომინაციის ერთ-ერთ მიზეზად ახალ სტადიონს ასახელებენ. იუვეს ახალი არენა არამხოლოდ კომფორტულია, რომელსაც ძალიან კარგი აკუსტიკა აქვს და მეტოქეებზე ზეწოლას აორმაგებს, არამედ დიდი კომპლექსის ნაწილია, რომელშიც სტადიონთან ერთად იუვეს მუზეუმი, გასართობი ცენტრი, საკლუბო მაღაზია, რესტორანი და სხვა დაწესებულებები შედის. ეს ყველაფერი კლუბის საკუთრებაა და დამატებითი შემოსავლის წყაროა - იუვე პირველი დიდი იტალიური კლუბი იყო, რომელაც საკუთარი სტადიონი ააშენა. გულშემატკივარს მთელი დღე შეუძლია იუვეს კომპლექსში გაატაროს.

ამის შემდეგ ტურინელთა ხელმძღვანელობამ ახალი ნაბიჯი გადადგა. ქალაქის შემოგარენში, სტადიონის მახლობლად, მათ 2011 წელს მიწა იყიდეს და იქ ახალი კომპლექსი - J Village ანუ ქართულად, რომ ვთარგმნოთ, იუვეს სოფელი შექმნეს. 18-ჰექტარიან კომპლექსში მდებარეობს საწვრთნელი დარბაზი, კლუბის ოფისი, სამედიცინო ცენტრი, მედია-ცენტრი, სკოლა და სასტუმრო - J Hotel. ეს ყველაფერი იუვეს 350 მილიონი ევრო დაუჯდა.

იუვეს სასტუმროში ნომრის დაჯავშნა ყველას შეუძლია. სასტუმროში სულ 138 ნომერია, საიდანაც 32 კლუბის საკუთრებაა და არ ქირავდება - იქ იუვეს სტუმრები და კლუბის წევრები ცხოვრობენ.

სასტუმრო Booking.com-ზე იძებნება. ის ოთხვარსკვლავიანი კატეგორიისაა და ყველაზე იაფი ნომერი 117 ევრო ღირს. პრობლემა ის არის, რომ თამაშის დღეებში ფასი ორმაგდება, ან სამმაგდება - ამ დღეებში სასტუმროზე დიდი მოთხოვნაა. მაგალითად, მილანთან ათ ნოემბერს გასამართი მატჩის წინა დღეს ფასები 300 ევროდან იწყება.

სასტუმრო მოსახერხებელია, რადგან იუვეს სტადიონი ქალაქის ცენტრიდან მოშორებით მდებარეობს და თამაშის დღეებში გზების გადატვირთულობის გათვალისწინებით სტადიონამდე მისვლა იოლი არ არის - სასტუმრო კი სტადიონიდან სულ რაღაც 600 მეტრით არის დაშორებული.

რაც ყველაზე მთავარია, იქ შეგიძლიათ იუვეს ლეგენდებს შეხვდეთ. მაგალითად, ამ სასტუმროში ცხოვრობდნენ მაურიციო სარი, აარონ რემზი და ადრიან რაბიო - სანამ ისინი ტურინში სახლს იპოვიდნენ.

ერთ-ერთი მომხმარებელი Booking.com-ზე წერს: „ჩვენ ნაპოლისთან თამაშის წინ ამ სასტუმროში გავჩერდით და ჩემი შვილი სიხარულისგან კინაღამ გაგიჟდა, როცა ჰოლში ბუფონი, ბონუჩი და ალექს სანდრო დაინახა.“

გამოკითხვა

ვინ გახდება იტალიის ჩემპიონი?

  • იუვენტუსი
  • ნაპოლი
  • ინტერი
  • მილანი
  • რომა
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები