Thumbnail
  • გოგა ბითაძეს მედია-დღეს ინტერვიუ ჩამოართვეს
  • ქართველმა კალათბურთელმა ამერიკელები შორეული ტყორცნებით გააოცა

ინდიანა პეისერსს NBA-ს ახალი სეზონისთვის მზადების ციკლში მედია-დღე ჰქონდა და ერთ-ერთი, ვინც ჟურნალისტთა ყურადღების ცენტრში მოექცა, ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე იყო. საქართველოს ნაკრების ტალანტი ინდიანელთა ტელევიზიას ჩაერთო და მცირე კომენტარი გააკეთა.

გოგა ბითაძეს ჟურნალისტთა ყურადღება არ დაკლებია

“საქართველო პატარა ქვეყანაა, ამდენად, ჩემი წარმატება ყველას ძალიან უხარია. ეს დამატებით მოტივაციას მაძლევს, რათა მოედანზე გავიდე და მაქსიმუმი გავაკეთო.

მას შემდეგ, რაც ზაზა ფაჩულიამ კარიერა დაასრულა, მე NBA-ში საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი ვიქნები, ეს კი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ამბავია.

ზაზა საქართველოში ყველასთვის კერპი იყო და ჩემთვისაც ასეა. შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ მისი კარიერის პარალელურად ვიზრდებოდი. ახლა, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ფაჩულია თავის ცოდნას მიზიარებს და დიდად მეხმარება”.

გუშინვე ინდიანამ ტრადიციული კემპი გახსნა და ბითაძემ ქომაგები ზუსტი შორეული ტყორცნებით გააოცა. პეისერსის ქომაგთა ერთ-ერთმა გვერდმა სოციალურ ქსელში მცირე ვიდეო გაავრცელა, სადაც ქართველი ცენტრი ზედიზედ 4 სამქულიანს აგდებს.

ეს ვიდეო ინსტაგრამზეც გამოქვეყნდა, სადაც კომენტარებში ერთი მომხმარებელი ხუმრობს: “გოგა მომავალი სტეფ კარი ხომ არ არის?”. მეორე მომხმარებელი ბითაძეს სროლის მანერას ბოგდან ბოგდანოვიჩისას ამსგავებს, სხვა კი ამატებს: “ის თავისუფალი პოზიციიდან მართლად კარგად ესვრის, თუმცა, ვნახოთ, რა მოხდება მჭიდრო მეურვეობისას”.

შეგახსენებთ, რომ ინდიანა ოქტომბრის დასაწყისში ინდოეთში გაემგზავრება, სადაც ოფიციალურად გაიხსნება პეისერსის წინასასეზონო კემპი – 4 და 5 ოქტომბერს გოგას გუნდი მუმბაიში საკრამენტო კინგსს ეთამაშება.

სავარაუდოა, რომ ქართველი კალათბურთელის ინდიანაში დებიუტი სწორედ ინდოეთში შედგება, ამერიკაში დაბრუნებული პეისერსი კი 11 ოქტომბერს ჩიკაგო ბულსს შეხვდება, ხოლო 15 ოქტომბერს – მინესოტას.

რეგულარული სეზონის პირველ მატჩში, 23 ოქტომბერს, ინდიანელები დეტროიტ პისტონსს დაუპირისპირდებიან.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები