Thumbnail

'ჩაკვეტაძე 100%-ით მზად ახალი წლის შემდეგ იქნება' - გენტის მწვრთნელი არ ჩქარობს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ახლახან გიორგი ჩაკვეტაძემ გუნდთან ერთად ბურთით ვარჯიში განაახლა
  • იეს ტორუპმა 20 წლის ქართველი გარემარბის დაბრუნების ვადაზე ისაუბრა
  • გენტის მთავარ მწვრთნელს ფეხბურთელის ჯამრთელობით გარისკვა არ სურს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური გენტის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, გაზაფხულზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ, სავარჯიშო მოედანს ახლახან დაუბრუნდა. 20 წლის ფეხბურთელი, რომელმაც მუხლზე ოპერაცია მაისში გაიკეთა, უკვე ჯგუფში, ბურთთან მუშაობს და ამის ამსახველი ვიდეო გენტმა გამოაქვეყნა კიდეც.

მანამდე ბელგიურ მედიაში დაიწერა, რომ გიორგის რეაბილიტაციის პროცესი სწრაფად მიმდინარეობს და შესაძლოა მან თამაში ოქტომბერშიც შეძლოს - ევროპალიგის საშინაო შეხვედრაში ვოლფსბურგთან.

ჩაკვეტაძეს ვოლფსბურგთან მატჩში ელიან - ბელგიური მედია გიორგის დაბრუნებაზე

თუმცა, გენტის მთავარი მწვრთნელი იეს ტორუპი იმედიანი პროგნოზების გაკეთებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ახალგაზრდა ქართველი ტალანტის დაბრუნებას იანვრის შემდეგ ელოდება.

გენტის მთავარი მწვრთნელი იეს ტორუპი ფრთხილ პროგნოზს აკეთებს

"არ მიკვირს, რომ ჩაკვეტაძე ვარჯიშობს და რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიამონოა, რომ აქ ვხედავ. ის ფიზმომზადების მწვრთნელთან ერთად, სპეციალურად მისთვის შედგენილი რთული პროგრამის მიხედვით, დღეში ორ-სამ ინდივიდუალურ ვარჯიშს ატარებს, მოტივაციის ასამაღლებლად კი, მას გუნდთან ერთად ბურთით წვრთნის ჩატარების შესაძლებლობაც მივეცით.

ჩემი ვარაუდით, გიორგი ჩაკვეტაძე 100%-ით მზად ახალი წლის შემდეგ იქნება, მაგრამ თუკი უფრო ადრეც შეძლებს ჩვენს დახმარებას, კიდევ უკეთესი. ვიცი, თავად გიორგი ოპტიმისტურადაა განწყობილი და იმედი აქვს, რომ ოქტომბრის ბოლოსთვის მწყობრში ჩადგება, მაგრამ აჩქარებასა და გარისკვას არ ვაპირებ და იმდენ ხანს დავუცდი, რამდენიც დასჭირდება".

გიორგი ჩაკვეტაძე გენტის ღირსებას 2017 წლიდან იცავს. მან ბელგიური ჟუპილერ ლიგის გასულ სეზონში 23 მატჩში ითამაშა, გაიტანა 5 გოლი და მიითვალა 4 საგოლე პასი. საქართველოს ნაკრებში გიორგის ანგარიშზე 7 მატჩში 5 გოლი და 3 საგოლე პასია.  

გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას გუნდმა ჟუპილერ ლიგაში ჩატარებული 7 მატჩიდან 4 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, 1 დათმო და სატურნირო ცხრილში 14 ქულით მეხუთე ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები