Thumbnail

საკალათბურთო სუპერლიგა: ქუთაისმა დინამოს მოუგო და ლიდერობა განიმტკიცა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • დინამო 79:85 ქუთაისი
  • მარნეული 106-95 კაკტუსი
  • ოლიმპი 94:78 სოხუმი

საკალათბურთო სუპერლიგის ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს ლიდერი ქუთაისი და მეორე ადგილზე მყოფი თბილისის დინამო დაუპირისპირდნენ. მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა.

პირველი ნახევარი დინამომ უკეთესად წარმართა, უპირატესობას სწორედ თბილისური გუნდი ფლობდა და შედეგად, 8-ქულიანი სხვაობით დაწინაურდა, 44:36.

მესამე მეოთხედის შუაში დინამოელთა ყველაზე დიდი უპირატესობა დაფიქსირდა: თბილისელები 12 ქულით დაწინაურდნენ, რასაც ქუთაისელთა გარდაქმნა მოჰყვა - დროის 5-წუთიან მონაკვეთში სტუმრებმა 14:3 მოიგეს და თამაში უკიდურესად დაიძაბა.

მატჩის ბედი დასკვნით მეოთხედში გადაწყდა. ქუთაისელმა გიორგი ბარბაქაძემ ორ-წუთიან მონაკვეთში სამი 3-ქულიანი ჩააგდო, რასაც ჯონათან ლის შედეგიანი გარღვევები მოჰყვა - შედეგად, ქუთაისელებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს და მატჩი 6-ქულიანი სხვაობით, 85:79 მოიგეს.

ქუთაისის რიგებში 28 ქულით ყველაზე შედეგიანი გიორგი ბარბაქაძე იყო,, ჯონათან ლიმ კი 25 ქულა მოაგროვა. დინამოს რიგებში 26 ქულით და 12 მოხსნით საუკეთესო კაელ ტურპინი იყო.

ამ გამარჯვებით, ქუთაისმა 33 ქულა მოაგროვა და ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა, 29 ქულით მეორე ადგილზე რუსთავია, დინამო და ოლიმპი კი 28-28 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ. მე-18 ტურში კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა: მარნეულმა კაკტუსს 106:95 მოუგო, ხოლო ოლიმპმა ბოლო ადგილზე მყოფი სოხუმი 94:78 დაამარცხა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები