Thumbnail
  • 📅 28 სექტემბერი | ⌚ 23:00 | ⚽ ატლეტიკო V რეალი
  • 'სამეფო კლუბი' მადრიდულ დერბის პირველ ადგილზე ხვდება

ზინედინ ზიდანის რეალი 6 ტურიდან 14 ქულით ერთპიროვნული ლიდერია, მისი მეტოქე დიეგო სიმეონეს ატლეტიკო კი მხოლოდ ქულით ჩამორჩება და მე-3 ადგილზეა. მადრიდული დერბი ლა ლიგაში ისედაც დიდი მოვლენაა და მას თან სატურნირო მდგომარეობაც უწყობს ხელს. 

"ელ დერბი მადრილენიო" ესპანური საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა და მისი ისტორია 1906 წლიდან იწყება! მას მერე საუკუნეზე მეტმა ჩაიარა და ატლეტიკომ და რეალმა ერთმანეთში 222 ოფიციალური დაპირისპირება გამართეს. "სამეფო კლუბის" უპირატესობა დიდია - 110 მოგება (56-56 ფრე და წაგება). მხოლოდ ლა ლიგაში გამართული დერბები რომ ჩავთვალოთ, შაბათს 165-ე დაპირისპირება გველოდება. 87-ში გამარჯვება რეალმა იზეიმა, ატლეტიკომ კი მხოლოდ 39-ში. 

ზიდანის გუნდი ბოლო წლებია, საოცრად ცუდად თამაშობს ატლეტიკოსთან "სანტიაგო ბერნაბეუზე", მაგრამ შაბათის დერბი "ვანდა მეტროპოლიტანოზე" იმართება. სტუმრად კი რეალს 2014/15 წლების სეზონის შემდეგ არ წაუგია (2 გამარჯვება, 2 ფრე). ბოლო ვიზიტი "სამეფო კლუბის" გამარჯვებით 3:1 დასრულდა. 

ატლეტიკოს დისკვალიფიკაციის გამო არ ეყოლება ალვარო მორატა, რომელიც წინა ტურში გააძევეს. ასე რომ, ყოფილ გუნდს ესპანეთის ნაკრების ფორვარდი ვერ შეუტევს. ტრავმირებულია მარჯვენა მცველი სიმე ვრსალკო. რეალს მარკო ასენსიო, ფერლან მენდი და, დიდი ალბათობით, ლუკა მოდრიჩი და ისკო აკლია. ასევე საეჭვოა, მარსელოს თამაში. ასე რომ, ლიდერს უფრო მეტი პრობლემა აქვს. 

დიეგო სიმეონე

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ასეთ მატჩებში დეტალებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ჩემი აზრით, რეალმა სევილიასთან მატჩიდან მოყოლებული ძალიან მოუმატა და ასე გაგრძელდება. რაც შეეხება "სოფლის გუნდს", მგონი, ზიდანმა ყველაფერი განმარტა და არაფრის დამატება არ არის საჭირო. დერბი თუ ჩემპიონთა ლიგისთვის მზადება? დერბი, რადგან ის ხვალაა, ჩვენ კი მხოლოდ ხვალინდელი დღით ვცხოვრობთ და შორს არ ვიყურებით".

ზინედინ ზიდანი (რეალი): "ჩვენ ვიცით, როგორ ვითამაშოთ. ეს დერბია, მაგრამ პირველ რიგში, ის მორიგი ტურის მატჩია. ისე უნდა ვითამაშოთ, რომ მოედნიდან თავაწეულები გავიდეთ. ჩემპიონთა ლიგის თამაშიც მალე მოდის, მაგრამ მეტოქეც ანალოგიურ სიტუაციაშია".

სავარაუდო შემადგენლობები

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ტრიპიერი, სავიჩი, ხიმენესი, ლოდი - კოკე, საულ ნიგესი, თომასი, ლემარი - ჟოაო ფელიქსი, დიეგო კოშტა 

რეალი (4-2-3-1): კურტუა - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, ნაჩო - კაზემირო, კროოსი - ბეილი, ხამეს როდრიგესი, აზარი - ბენზემა

საინტერესო ფაქტები

⚽ მადრიდის რეალს ლა ლიგაში ვანდა მეტროპოლიტანოზე ჯერ არ წაუგია.

⚽ ლა ლიგაში ატლეტიკოს ბოლო 10 საშინაო მატჩიდან 8-ში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა. 

⚽ ატლეტიკოს ლა ლიგის ბოლო 10 საშინაო მატჩში არ წაუგია. 

⚽ რეალს ლა ლიგაში 3-მატჩიან მოგებათა სერია აქვს. 

კომენტარები

ბოლო ამბები