Thumbnail
  • ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ჩემპიონატზე დღესაც უმედლოდ დარჩნენ
  • ხვალ, ტატამზე საქართველოს ნაკრების კიდევ 5 წევრი გავა

ყაზახეთის ქალაქ ალმათიში მიმდინარე კადეტ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს საქმეში 2 ქართველი ვიხილეთ, თუმცა, ისინი მედლების გარეშე დარჩნენ.

უფრო წარმატებულად აკაკი ჯაფარიძემ (81 კგ.) იასპარეზა, რომელმაც საწყის რაუნდში ბრაზილიელი რენან ფურტადო ვაზარით დაამარცხა, შემდეგ თურქმენ შატლიკ სეიიტმურადოვს იპონით სძლია,  მეოთხედფინალში კი ამ ასაკში მოქმედ ევროპის ჩემპიონ იხვან ედისულთანოვთან იპონითვე წააგო.

აღსანიშნავია, რომ რუსმა ჩვენებურს მახრჩობელა ილეთით სძლია, რის გამოც აკაკი მცირე ხნით გაითიშა და ამის გამო, რეპეშაჟში უკრაინელ ნიკიტა ბატიისთან გაჯიბრების უფლებაც აღარ მისცეს.

დღესვე, გიორგი ტერაშვილმა (73 კგ.) ავსტრალიელ ნოა ნაითინგეილს ვაზარით აჯობა, მე-2 წრეში კი მოლდოველ დან სტანილასთან იპონით დამარცხდა.

კადეტთა მსოფლიოს პირველობაზე ინდივიდუალური შეჯიბრი ხვალ დასრულდება, ტატამზე კი გიზო გუგუნაშვილს, თორნიკე ფოლადიშვილს (ორივე – 90 კგ.), ირაკლი დემეტრაშვილს, გიგა ტატიაშვილს (ორივე – მძიმე) და ნინო გულბანს (70 კგ.) ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროსთვის ქართული დელეგაციის აქტივში ერთადერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც შეჯიბრის პირველ დღეს ნიკა ბაჩიაშვილმა (50 კგ.) მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები