Thumbnail

ტრანსფერები | ბარსელონამ ნაპოლის ნახევარმცველის ყიდვა გადაწყვიტა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 23 წლის ფაბიან რუისი შესაძლოა მომავალ ზაფხულში ესპანეთში დაბრუნდეს
  • ნაპოლის ნახევარმცველის სანახავად იტალიაში ერიკ აბიდალი იყო ჩასული 

ნაპოლისა და ესპანეთის ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი ფაბიან რუისი სეზონის დასრულების შემდეგ შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს. 23 წლის ფეხბურთელის დამატებით ბარსელონაა დაინტერესებული.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიური კლუბის სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი ლეჩე-ნაპოლის მატჩის დროს ტრიბუნებზე იმყოფებოდა და მომსწრე გახდა იმისა, თუ როგორ გაიტანა ფაბიანმა შორეული დარტყმით გოლი. საფინალო სასტვენის შემდეგ აბიდალი გვირაბშიც ჩასულა, სადაც ფეხბურთელები იმყოფებოდნენ.

კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობამ, რომელიც ფაბიან რუისს კარგა ხანია აკვირდება, გადაწყვიტა, რომ ფეხბურთელი იდეალურად მიესადაგება გუნდის სათამაშო მოდელს და 2020 წლის ზაფხულში ტრანსფერის განხორციელებას აპირებს.

ფაბიან რუისმა შვედეთთან ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო მატჩში საგოლე პასი მითვალა

რუისი ბეტისის აღზრდილია და ამ გუნდის ღირსებას 2014-18 წლებში იცავდა. 2018 წლის ზაფხულში ესპანელი ნახევარმცველი ნაპოლიში აღმოჩნდა - იტალიურმა კლუბმა მასში 30 მილიონი ევრო გადაიხადა. ნახევარმცველს ნაპოლისთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, transfermarkt მის სავარაუდო სატრანსფერო ფასად კი 50 მილიონ ევროს ასახელებს. 

მიმდინარე სეზონში ფაბიანმა სერია A-ს ოთხ შეხვედრაში ითამაშა და ერთი გოლითაც გამოირჩა. გასულ სეზონში მის ანგარიშზე 27 მატჩში 5 გოლი და 4 საგოლე პასი იყო.

ფაბიან რუისის ანგარიშზე ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული სამი შეხვედრა და ერთი საგოლე პასია.

კომენტარები

ბოლო ამბები