Thumbnail
  • გოლდენ სტეიტი 122:105 სან ანტონიო.
  • უორიორსმა ცუდად დაიწყო, მაგრამ საბოლოოოდ სოლიდურად მოიგო.
  • ზაზა ფაჩულიამ 15 წუთში კევინ დურანტზე (28 წუთი) მეტი ქულა გააკეთა.

დალასთან სოლდიდური გამარჯვების შემდეგ, გოლდენ სტეიტმა დაადასტურა, რომ კარგ ფორმაშია და სან ანტონიო 17 ქულის სხვაობით, 122:105 დაამარცხა.

ზაზა ფაჩულიამ, რომელიც იუბილარი იყო (10 თებერვალს 34 წლის გახდა), სასტარტო ხუთეულში იყო, პარკეტზე 15 წუთი გაატარა და 12 ქულა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ უორიორსის ქართველმა ცენტრმა კევინ დურანტზე (10 ქულა 28 წუთში) მეტი ქულა მოიპოვა. გარდა ამისა, ზაზას ანგარიშზე 3 მოხსნა (2 შეტევაში, 1 დაცვაში) და 1 პასიც იყო. 

ფაჩულიამ ხუთიდან ოთხი 2-ქულიანი ჩააგდო და ოთხივე საჯარიმო ზუსტად ესროლა!

თუმცა NBA-ს ჩემპიონმა, ისევე, როგორც სხვა არაერთი მატჩი, ეს შეხვედრაც მძიმედ დაიწყო. პირველ მეოთხედში, გოლდენ სტეიტის დაცვას განსაკუთრებით მანუ ჯინობილისთან და კაილ ანდერსონთან გამკლავება უჭირდა. პირველი პერიოდი სან ანტონიომ 10 ქულის სხვაობით, 37:27 მოიგო, მაგრამ მეორე მეოთხედში ჩემპიონებმა თამაში გამოასწორეს, დაცვა გააუმჯობესეს და პირველი ტაიმი 58:55 მოიგეს.

აი, მეორე ტაიმში კი გოლდენ სტეიტის ძალების სრული დემონსტრირება ვიხილეთ, რაც პირველ რიგში კლეი ტომპსონის დამსახურებაა, რომელმაც მეორე ტაიმი შესანიშნავად ჩაატარა. სან ანტონიოს კი თითქმის აღარაფერი გამოსდიოდა. ზედიზედ 10 გაფუჭებული ტყორცნა ბევრ რამეზე მეტყველებს. მეოთხე პერიოდის დასაწყისისთვის უორიორსის უპირატესობა 16 ქულამდე გაიზარდა.

ტომპსონმა საბოლოოდ 25 ქულით გაიბრწყინა, სტეფ კარიმ და დრეიმონდ გრინმა კი 17-17 ქულა დააგროვეს. კევინ დურანტი, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, თანაგუნდელებს ბევრით ვერაფრით დაეხმარა - მის ანგარიშზე მხოლოდ 10 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასია. სან ანტონიოდან საუკეთესოები 20-20 ქულით ლამარკუს ოლდრიჯი და ანდერსონი იყვნენ.

მომდევნო შეხვედრას გოლდენ სტეიტი 13 თებერვალს, ფინიქსთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები