Thumbnail

მსოფლიოს ჩემპიონატი | ჩხეიძე B ჯგუფში მე-4 იყო, ველით ტალახაძეს

  • მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაზე პრესტიჟული წონის დრო დადგა
  • 12:55 საათიდან ფიცარნაგზე ლაშა ტალახაძე გავა

ტაილანდის ქალაქ პატაიაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით უძლიერესები უმძიმეს (+109 კგ.) წონით კატეგორიაში ვლინდებიან.

უკვე დასრულდა ასპარეზობა B ჯგუფში, სადაც ძალები გიორგი ჩხეიძემ სცადა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში სამივე მისვლა (178, 182 და 185 კგ.) გამოიყენა და მე-2 შედეგი დააფიქსირა.

ატაცი

178 კილოგრამი ✅
182 კილოგრამი ✅
185 კილოგრამი ✅

ჩხეიძემ აკვრაშიც ყოჩაღად დაიწყო და ჯერ – 222, შემდეგ კი 227 კგ. დასძლია, აი, 231 კგ-ს კი ვეღარ გაუმკლავდა და მე-6 მაჩვენებელი ჰქონდა.

აკვრა

222 კილოგრამი ✅
227 კილოგრამი ✅
231 კილოგრამი ❌

გიორგიმ ორჭიდის ჯამში 412 კგ. მოაგროვა, რაც B ჯგუფში მე-4 შედეგი აღმოჩნდა, პირველზე კი სირიელი ასაადი გავიდა 430 კგ-ით.

შეგახსენებთ, რომ დღეს ქართველი ქომაგისთვის უმთავრესი მოვლენა თბილისის დროით 12:55 საათიდან იწყება, როდესაც ფიცარნაგზე უმძიმესი წონის A ჯგუფის წარმომადგენლებს ვიხილავთ და საქმეში ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენი, 2017 და 2018 წლების მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი ლაშა ტალახაძე ჩაებმება.

კომენტარები

ბოლო ამბები