Thumbnail
  • სერია A-ს მეხუთე ტურის დასკვნითი მატჩი ტურინში გაიმართა
  • მილანი იგებდა, თუმცა ორი გოლი გაუშვა და უქულოდ დარჩა

იტალიის სერია A-ს მე-5 ტურის დასკვნითი მატჩი ტურინის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა, სადაც ტორინომ მილანს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა მეტოქე. მიმდინარე სეზონის სტარტზე, მარკო ჯამპაოლოს გუნდმა მესამე მატჩი წააგო და სატურნირო ცხრილის შუაში გაიჭედა. რაც შეეხება ტორინოს, ვალტერ მაცარის გუნდს 9 ქულა აქვს და ცხრილში მეხუთე ადგილს იკავებს.

თამაში მილანის უპირატესობით დაიწყო, რაც კშიშტოფ პიონტეკის გოლში აისახა. პოლონელმა რაფაელ ლეაოს მიერ გამომუშავებული თერთმეტმეტრიანი გოლად აქცია. პირველ ტაიმში მილანს კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ სტუმრები დამაგვირგვინებელ ფაზაში არაზუსტად მოქმედებდნენ. 

მეორე ნახევარში თამაშის სცენარი შეიცვალა. ტორინომ პრესინგი გააძლიერა და უფრო აგრესიულად შეუტია, რისთვისაც მილანი მზად არ აღმოჩნდა. შედეგად, ჯანლუიჯი დონარუმას კარში ორი გოლი გავიდა და ორივე ანდრეა ბელოტის ანგარიშზეა. განსაკუთრებით ეფექტური მისი მეორე გოლი იყო, როდესაც ბურთი ვარდნაში დაარტყა. მილანმა სცადა ქულის გადარჩენა და ბოლო წუთზე პიონტეკს უნდა გაეტანა კიდეც, მაგრამ სალვატორე სირიგუმ ითამაშა ბრწყინვალედ და სამივე ქულა ტორინომ დაიტოვა.

ტორინო 2:1 მილანი

გოლები: 0:1 პიონტეკი (19-პენ.), 1:1 ბელოტი (72), 2:1 ბელოტი (76).

ტორინო (3-4-1-2): სირიგუ - იცო, ლიანკო (57. ანსალდი), ბრემერი - დე სილვესტრი, ბაზელი, რინკონი, აინა (83. ჯიჯი) - ვერდი (66. ბერენგუერი) - ბელოტი, ძაძა.

მილანი (4-3-1-2): დომარუმა - კალაბრია, მუსაკიო, რომანიოლი, ერნანდესი - კესი, ბენასერი (78. რებიჩი), ჩალჰანოღლუ - სუსო - ლეაო (65. ბონავენტურა), პიონტეკი.

კომენტარები

ბოლო ამბები