Thumbnail

გორგოძე წარმატებულ სვლას განაგრძობს – მეოთხედფინალი ვალენსიაში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ეკატერინე გორგოძე ესპანეთში ორ ფრონტზე იბრძვის
  • ქართველ ჩოგბურთელს ზედიზედ 2 ტურნირი აქვს მოგებული

27 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ, რომელიც ბოლო პერიოდში კარგ ფორმაში იმყოფება, ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 60 ათასი დოლარი) წარმატებული სტარტი აიღო.

მსოფლიო რეიტინგში 217-ე ადგილზე მყოფმა გორგოძემ პირველ რაუნდში რუს ვალენტინა ივახნენკოს (220-ე) 6:3, 6:2 სძლია, მერვედფინალში კი უფრო მძიმე ბრძოლა გადახდა და იტალიელ მარტინა ტრევისანს (205) 6:2, 4:6, 6:3 მოუგო.

მეოთხედფინალში ეკოს მეტოქე რუმინელი ირინა მარია ბარა (206) იქნება, რომელმაც მცირე სენსაცია მოახდინა და პირველ ნომრად განთესილ ესპანელ ალიონა ბოლშოვა ზადოინოვას (95) 7:5, 6:0 აჯობა.

აღსანიშნავია, რომ გორგოძე ვალენსიაში წყვილთა თანრიგშიც თამაშობს, სადაც ჰოლანდიელ არანჩა რუსთან ერთად საწყისი რაუნდი დასძლია და მეოთხედფინალური შეხვედრა ელის.

შეგახსენებთ, რომ გორგოძეს უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში 2 საერთაშორისო ტურნირი აქვს მოგებული. ქართველი ჩოგბურთელი ჯერ ჩეხეთის ქალაქ ფრიდეკ მისტეკში გამართული 25-ათასიანი შეჯიბრის ერთეულთა თანრიგის ჩემპიონი გახდა, შემდეგ კი, ფრანგულ სენ მალოში 60-ათასიან ტურნირზე წყვილებში იმარჯვა.

კომენტარები

ბოლო ამბები