Thumbnail
  • 25 წლის მცველი ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდს ზაფხულში შეუერთდა
  • ლევან გეგეჭკორი დინამო ბათუმში ბედნიერია და დიდი მიზნები აქვს დასახული
  • ეროვნული ლიგა: ტორპედო v დინამო ბათუმი

ლევან გეგეჭკორი ბათუმის დინამოს ზაფხულში შეურთდა და გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი. იქამდე, ტორპედოში თამაშობდა, ბოლო მატჩი კი ქუთაისური გუნდის შემადგენლობაში სწორედ დინამო ბათუმის წინაამდეგ გამართა. ის შეხვედრა ფრედ, 2:2 დამთავრდა, ტორპედო კი მარცხისგან გეგეჭკორის გოლმა იხსნა.

ეს ფაქტი ლევან გეგეჭკორის პროფესიონალიზმზე მეტყველებს, რომელიც უკვე დინამოს ფეხურთელია და გუნდთან ერთად, ჩემპიონობისთვის იბრძვის. ლევანმა popsport.com-ის კითხვებს უპასუხა და საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა.

popsport: ბათუმის დინამოს კარგად შეეწყვე. როგორც ჩანს, ადაპტაციისთვის ცოტა დრო დაგჭირდა...

გეგეჭკორი: ფეხბურთელებს ვიცნობდი და ადაპტაციის პროცესი არ იყო რთული. გუნდს მალევე შევეწყვე, რასაც სანაკრებო ფანჯარამაც შეუწყო ხელი. ბევრი ახალწვეული ვიყავით და იმ პერიოდში, გუნდი კარგად შეთამაშდა. როდესაც გუნდში ახალი ფეხბურთელები მოდიან, შესაძლოა იყოს გარკვეული პრობლემები, მაგრამ ჩვენთან მსგავსი არაფერი ყოფილა. კლუბში შესანიშნავი ატმოსფეროა და ყველა ერთი მიზნის ქვეშ ვართ გაერთიანებული, რასაც საქართველოს ჩემპიონობა ჰქვია.

გეგეჭკორი და კობახიძე დინამოში ტორპედოდან გადავიდნენ

popsport: ეროვნული ლიგა დასკვნით ფაზაშია. არის თუ არა გუნდში საჩემპიონო განწყობა და მოლოდინი?

გეგეჭკორი: სატურნირო ცხრილი გვკარნახობს, რომ ჩვენი ერთადერთი მიზანი ჩემპიონობაა. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ. ბათუმის დინამო არასდროს ყოფილა საქართველოს ჩემპიონი და ჩვენ შეგვიძლია ისტორია დავწეროთ. ეს კარგად გვაქვს გააზრებული და თითოეული ჩვენგანი ამაზე ვართ ორიენტირებული.

popsport: დაკარგული ქულებით, თბილისის დინამოა ლიდერი. რომ არა შენი გოლი ბათუმის დინამოს კარში, ცხრილში სხვა ვითარება იქნებოდა. ამის გამო, წნეხს ხომ არ განიცდი?

გეგეჭკორი: იმედია, ეს ორი ქულა არ დაგვაკლდება ჩემპიონობამდე. კიდევ ერთხელ რომ აღმოვჩნდე მსგავს სიტუაციაში, იგივეს გავაკეთებ. მაშინ, ტორპედოს ფეხბურთელი ვიყავი და არ მქონდა უფლება რომ სხვაგვარად მოვქცეულიყავი. არც საკუთარ თავთან ვიქნებოდი მართალი და არც ქუთაისელ გულშემატკივრებთან. გუნდელები ხშირად ხუმრობენ, რომ გადამწყვეტ მომენტში სწორედ მე უნდა მოვუტანო ბათუმის დინამოს საჩემპიონო ქულები და ამით, დანაშაული გამოვისყიდო. 

📺 ლევან გეგეჭკორის გოლი ბათუმის დინამოს კარში

popsport: შემდეგი მატჩი სწორედ ქუთაისის ტორპედოსთან გიწევთ. რა მოლოდინი გაქვს?

გეგეჭკორი: მიუხედავად იმისა, რომ ტორპედო ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, რთული თამაში იქნება. ტორპედო ტრადიციული გუნდია, რომელსაც სათავეში კახა ჩხეტიანი უდგას. კახამ დაამტკიცა, რომ მაღალი დონის მწვრთნელია. მძიმე მატჩი იქნება, თუმცა ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა. 

popsport: ჩემპიონობისთვის ბრძოლაში, თქვენი მთავარი კონკურენტი თბილისის დინამოა...

გეგეჭკორი: ვერ ვიტყოდი, რომ საბურთალო ჩამოშორდა საჩემპიონო რბოლას. წინ კიდევ 8 ტურია და ამ პერიოდში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. მით უმეტეს, ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდებს ერთმანეთში გვაქვს სათამაშო. თბილისის დინამო ერთ-ერთი ფავორიტია, თუმცა ჩვენ მათ სახლში ვხვდებით და გარკვეული უპირატესობა გვექნება, რაც უნდა გამოვიყენოთ. ძალიან საინტერესო და დაძაბული ფინიში გველოდება და ამ მხრივ, გამორჩეული ჩემპიონატია.

popsport: ტორპედოსთან მატჩის შემდეგ, თბილისის დინამოსთან გიწევთ დაპირისპირება. თამაში ბათუმში შედგება. აქედანვე იგრძნობა ამ მატჩის წნეხი?

გეგეჭკორი: ჯერჯერობით, მხოლოდ ტორპედოსთან მატჩზე ვართ კონცენტრირებულები. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ წინ რთული მატჩი გველოდება. თუ თბილისის დინამოს მოვუგებთ და სხვა შეხვედრებში დავკარგავთ ქულებს, ეს კარგს არაფერს მოგვიტანს. ამიტომ, ჩვენთვის ყველა მატჩი ფინალია. ჯერ ტორპედო და დინამოზე მერე ვიფიქრებთ.

popsport: საგოლე გადაცემების რაოდენობით, ერთ-ერთი საუკეთესო ხარ ჩემპიონატში. ეს შენი ძლიერი მხარეა?

გეგეჭკორი: საკუთარ თავზე ლაპარაკი რთულია. მთავარია, რომ გუნდმა მოიგოს, მე კი ვეცდები რომ წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო. იმედია, გუნდს კიდევ ბევრჯერ დავეხმარები.

📺 გეგეჭკორის პასი და ლადო დვალიშვილის გოლი ვიტ ჯორჯიასთან

popsport: ბათუმის დინამოს წარმატებები გია გეგუჩაძესთან ასოცირდება. როგორ დაახასიათებ მწვრთნელს და რას ითხოვს ის ფეხბურთელებისგან?

გეგეჭკორი: გიას ყველა იცნობს და რთულია მასზე რამე ახალი თქვა. პროფესიონალია და კარგად იცის თავისი საქმე. დისციპლინა მაღალ დონეზეა, მოთხოვნები კი მაღალია, რაც პირველ რიგში, ფეხბურთელებისთვის არის კარგი. რომ არა ეს მაღალი სტანდარტი, ვერც ჩემპიონობისთვის იბრძოლებ. გეგუჩაძე ასაკობრივ ნაკრებში იყო ჩემი მწვრთნელი და იქიდან ვიცნობ. მოხარული ვარ, რომ ისევ ერთად ვართ. იმედია, ბათუმის დინამოში ბევრ წარმატებას მივაღწევთ.

popsport: გვერდს ვერ ავუვლით ბათუმელ გულშემატკივრებს, რომლებიც ანგისას ბაზაზე ბრწყინვალე ატმოსფეროს ქმნიან...

გეგეჭკორი: გულშემატკივარი ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ისინი გვერდში გვიდგანან არა მარტო საკუთარ მოედანზე, გასვლით თამაშებზეც. ანგისას ბაზაზე მართლაც საოცარ ატმოსფეროს ქმნიან. ქომაგების მხარდაჭეას ვგრძნობთ არა მარტო თამაშებზე, ყოველდღიურობაშიც. გულშემატკივარი ჩვენთვის მართლა მე-12 მოთამაშეა. გვეამაყებიან ჩვენი ქომაგები. 

popsport: ხშირად, ფეხბურთელები ქართულ გუნდებს ტრამპლინად განიხილავენ. შენ თუ უკავშირებ მომავალს ბათუმის დინამოს? 

გეგეჭკორი: მომავალში რა იქნება, რთული სათქმელია, მაგრამ ბათუმის დინამოში ბედნიერი ვარ და ვეცდები, რომ აქ დიდ ხანს დავრჩე. მსურს, გუნდთან ერთად დიდ წარმატებას მივაღწიო.

კომენტარები

ბოლო ამბები