Thumbnail
  • ლოს ანჯელეს გელექსი MLS-ის პლეი ოფში გავიდა და ეს ზლატანის დამსახურებაა
  • ლოს ანჯელესი რეგულარული სეზონის საუკეთესო გუნდი გახდა
  • კაშიას და ყაზაიშვილის სან ხოსემ ზედიზედ მე-4 მატჩი წააგო

"Back where we belong" (დავბრუნდით იქ, სადაც ჩვენი ადგილია) - წერდა ლოს ანჯელესი გელექსის ტვიტერის გვერდი რეალ სოლტ ლეიკ სიტისთან მოგებული (2:1) მატჩის შემდეგ. ამ თამაშში გამარჯვებამ ზლატან იბრაჰიმოვიჩი და კომპანია პლეი ოფში დააბრუნა - შეგახსენებთ, რომ შარშან გელექსიმ ეს შანსი ბოლო ტურში გაუშვა ხელიდან.

ზლატანი მატჩის გმირი გახდა - მან ჯერ კრისტიან პავონს გაატანინა, შემდეგ კი თვითონაც შეაგდო და ამ სეზონში უკვე 28 გოლი დაუგროვდა. შვედი ბომბარდირთა რეიტინგში კარლოს ველას 2 გოლით ჩამორჩება. ჯერჯერობით უცნობია, რომელ გუნდს შეხვდება გელექსი პლეი ოფის პირველ წრეში.

📺 ვიდეო: რეალ სოლტ ლეიკ სიტი 1:2 ლოს ანჯელეს გელექსი (მიმოხილვა)

32-ე ტურში გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილის სან ხოსე ფილადელფიასთან 1:2 დამარცხდა. ქართველმა ფეხბურთელებმა შეუცვლელად ითამაშეს. სან ხოსესთვის ეს ზედიზედ მე-4 წაგებაა, რის შემდეგაც გუნდი პლეი ოფის ზონიდან გამოვიდა, მე-8 ადგილზეა და მეშვიდეადგილოსან დალასს 1 ქულით ჩამორჩება.

📺 ვიდეო: სან ხოსე 1:2 ფილადელფია (მიმოხილვა)

რეგულარული სეზონის საუკეთესო გუნდი კი ოფიციალურად გახდა ლოს ანჯელესი, რაც ამ გუნდის ისტორიაში პირველი ტიტულია. ბობ ბრედლის გუნდმა ეს წოდება ჰიუსტონის დინამოსთან გამარჯვებით (3:1) მოიპოვა. ლოს ანჯელესს რეგულარულ სეზონში ყველაზე მეტი, 68 ქულა აქვს.

📺 ვიდეო: ლოს ანჯელესი 3:1 ჰიუსტონი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები