Thumbnail
  • ქართველმა ცენტრმა 10 ორქულიანი და 3 საჯარიმო ჩააგდო
  • შერმადინი სარგებლიანობის კოეფიციენტი მატჩში საუკეთესო იყო
  • დღეს ბექა ბურჯანაძე ითამაშებს, ხვალ – თორნიკე შენგელია

საქართველოს ეროვნული ნაკრების და იბეროსტარ ტენერიფეს ცენტრმა გიორგი შერმადინმა ესპანეთის 2019-2020 წლების სეზონი შედეგიანად გახსნა.

ლიგა ენდესას საწყის ტურში ტენერიფელებმა ბილბაოს უმასპინძლეს და 67:81 წააგეს, შერმადინი კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და ტყორცნა არ აუცილებია.

ქართველ ცენტრს ტყორცნა არ გაუცუდებია

ქართველმა ლეგიონერმა 10-ვე ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო და 23 ქულას 6 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა.

გიორგიმ ბურთი ერთადერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტი 29-ს გაუტოლდა, რაც მატჩის საუკეთესო შედეგი ხომ გამოდგა და იქნებ, სრულიად ტურშიც პირველი მაჩვენებელი იყოს.

სამწუხარო ისაა, რომ შერმადინის გაბრწყინების მიუხედავად, იბეროსტარმა სეზონი მარცხით გახსნა. გადამწყვეტი მე-2 ტაიმი გამოდგა, რომელიც მასპინძლებმა 32:47 დათმეს.

ტენერიფელთა რიგებიდან, გიოს გარდა, ბრაზილიელი ახალწვეული მარსელინიო უერტასი უნდა გამოვარჩიოთ, რომელიც კუნძულზე თორნიკე შენგელიას ბასკონიადან გადაბარგდა და სადებიუტო შეხვედრაში 21 ქულა მიითვალა.

მარსელინიო უერტასი და გიორგი შერმადინი

იბეროსტარ ტენერიფეს მომდევნო მატჩი 28 სექტემბერს შერმადინის ყოფილ გუნდ მალაგის უნიკახასთან ელის, დღეს, ბექა ბურჯანაძის გრან კანარია სარაგოსას უმასპინძლებს, ხვალ კი, ბასკონია ესტუდიანტესს დაუხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები