Thumbnail
  • მოსკოვის ლოკომოტივის ქართველმა მცველმა რუსეთის თასზე ითამაშა
  • 27 წლის ფეხბურთელმა კალინინგრადის მოედანზე 120 წუთი გაატარა
  • თასის ბოლო გამარჯვებული გათამაშებას ამჯერად 1/16-ფინალში გამოეთიშა

საქართველოს ეროვნული ნაკრების 27 წლის ცენტრალური მცველი საბა კვერკველია მოედანს ოთხთვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. მოსკოვის ლოკომოტივის ფეხბურთელმა მაისის შემდეგ ოფიციალურ მატჩში პირველად ითამაშა და მოედანზე ერთბაშად 120 წუთის გატარება მოუხდა.

რუსეთის თასის 1/16 ფინალში, სტუმრად ბალტიკასთან გამართულ შეხვედრაში, კვერკველია ლოკომოტივის სასტარტო შემადგენლობაში იყო. 46-ე წუთზე ის გააფრთხილეს.

კვერკველიას კალინინგრადის არენაზე 120 წუთის გატარება მოუხდა

მატჩის ძირითადი დრო და დამატებითი ტაიმები ფრედ 1:1 დაასრულა, პენალტების სერიაში კი ბალტიკამ იმარჯვა და 1/8-ფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, რომ საბა კვერკველიამ ტრავმა მაისში, უფასთან, რუსეთის ჩემპიონატის მატჩში მიიღო და მას შემდეგ აღარ უთამაშია. ფეხბურთელს საკლუბოსთან ერთად, სანაკრებო შეხვედრების გამოტოვებაც მოუხდა. 

თასის ⅛-ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს რუსეთში მოთამაშე სხვა ქართველი ლეგიონერების გუნდებმა - ჯანო ანანიძის სპარტაკმა, გია გრიგალავას არსენალმა და ჯიმი ტაბიძის უფამ.

ხვიჩა კვარაცხელიას რუბინი სტუმრად ხიმკისთან დამარცხდა და თასის გათამაშებას გამოეთიშა

გათამაშებას გამოეთიშა ხვიჩა კვარაცხელიას, ზურიკო დავითაშვილის, ბექა მიქელთაძისა და ნიკა ყიფიანის რუბინი. ყაზანის გუნდი სტუმრად ხიმკისთან ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები