Thumbnail

მსოფლიოს ჩემპიონატი | ირაკლი ჩხეიძემ ტურნირი მე-10 ადგილზე დაასრულა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველ ძალოსანს ასპარეზობაში ხელი მუხლის ტრავმამ შეუშალა
  • 27 სექტემბერს ჩემპიონობისთვის ლაშა ტალახაძე იბრძოლებს

ტაილანდის ქალაქ პატაიაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს ფიცარნაგზე ირაკლი ჩხეიძე ვიხილეთ, რომელმაც ძალები 102 კგ-მდე წონით კატეგორიაში სცადა.

ქართველი ძალოსანი იუნიორთა და ჭაბუკთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი და ასევე ევროპის ჩემპიონი და პრიზიორი გახლავთ, თუმცა, შეჯიბრზე მუხლის ტრავმით წარსდგა და უფროსებთან პაექრობა გაუჭირდა.

ჩხეიძემ ატაცში მხოლოდ პირველი მისვლა (163 კგ.) გამოიყენა, 167-კილოგრამიანი შტანგა კი 2-ჯერ დაუვარდა და 12 მონაწილეს შორის მე-11 შედეგი აჩვენა.

ატაცი

163 კილოგრამი ✅
167 კილოგრამი ❌
167 კილოგრამი ❌

ირაკლი აკვრაში 198 და 204-კილოგრამიან შტანგას გაუმკლავდა, მე-3 ცდაზე კი, 9 კგ-ით მეტი შეუკვეთა, თუმცა, მისი დაძლევა ვეღარ მოახერხა. შედეგად, ჩხეიძემ მე-2 მოძრაობაში მე-10 შედეგი დააფიქსირა და ორჭიდის ჯამშიც, 367 კგ-ით, მე-10 იყო.

აკვრა

198 კილოგრამი ✅
204 კილოგრამი ✅
213 კილოგრამი ❌

აღნიშნულ წონაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ბელარუსმა იევჰენი ციხანცუმ (398 კგ.) მოიპოვა, ვერცხლი სამხრეთკორეელ იუნსეონ ჯის (397) ერგო, ბრინჯაო კი - ირანელ რეზა დეჰდარს (394).

ამგვარად, მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ 2 ქართველი ძალოსნის გამოსვლას ველით. შეჯიბრის დასკვნით დღეს, 27 სექტემბერს, თბილისის დროით 08:00 საათიდან მძიმე წონითი კატეგორიის (+109 კგ.) B ჯგუფში გიორგი ჩხეიძე იასპარეზებს, 12:55 საათზე კი, A ჯგუფის შეჯიბრი დაიწყება, სადაც უმთავრეს ფავორიტად საქართველოს ნაკრების ლიდერი ლაშა ტალახაძე ითვლება.

კომენტარები

ბოლო ამბები